ირაკლი ლომიძე
23.08.2021

,,თელმიკო" ინდივიდუალურად შეისწავლის აბონენტების პრობლემას და წინა თვეში მოსახლეობისთვის დარიცხული დენის ზედმეტ გადასახადს მომდევნო თვეზე გადაანაწილებს. ამის შესახებ ,,ბიზნეს-რეზონანსს" კომპანიაში განუცხადეს. თუმცა არცთუ მცირეა იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც განაცხადი კომპანიაში არ შეუტანიათ, მაგრამ თვლიან, რომ იმაზე მეტი აქვთ გადახდილი, ვიდრე მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიაა. 

მომხმარებლების ნაწილისთვის დიდი ხნის განმავლობაში გაუგებარი იყო, რატომ მოსდიოდათ სმს შეტყობინებები ორივე კომპანიის - ,,თელასის" და ,,თელმიკოს" სახელით და რა უნდა გააკეთონ, რომ მათი ვალდებულებები სწორად გადანაწილდეს.

ის, რომ პრობლემა რეალურად არსებობს, ბიზნეს-რეზონანსს" ,,თილმიკოშიც" დაუდასტურეს. კომპანიაში განაცხადეს, რომ ხარვეზი მალე გამოსწორდება და არავინ დარჩება დაზარალებული.

,,ხარვეზი ნამდვილად იყო, მაგრამ გამოსწორდება. ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლით ყველა მომხარებლის პრობლემას, ვისაც გადასახადის გადახდისას გარკვეული დისკომფორტი შეექმნა. ,,თელასის" სააბონენტო ბარათზე არსებული დადებითი ბალანსი, ,თელმიკოზე" აგვისტოს ბოლომდე ავტომატურად გადავა. ისე მოხდა, რომ ,,თელასთან" ჰქონდათ დავალიანება ან ტარიფის მიმიყენებასთან დაკავშირებით არსებობდა გაუგებრობა. კონკრეტული მიზეზი არ არის, რომლის გამოც აბონენტს შეიძლება პრობლემა შეექმნას. თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტარიფების კორექტირება, გადაანგარიშდება და ამ კვირის განმავლობაში აბონენტს მიუვა შეტყობინება, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხა შემდეგი თვის გადასახადში აისახება", - განაცხადეს კომპანიაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიამ ამ რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც სს „თელასის" სააბონენტო ბარათზე აქვთ თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს მიმდინარე გადასახადი, ელექტროენერგია არ გაეთიშებათ და გადასახადი გაიქვითება არსებული ბალანსიდან.

,,დადებითი ბალანსის გადატანის შესახებ ინფორმაცია აისახება ქვითარში, სადაც შესაბამის ველში მითითებული იქნება გადატანილი თანხის ოდენობა მინუსის (-) ნიშნით, რაც ნიშნავს, რომ თანხა ირიცხება მომხმარებლის ანგარიშზე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მომხმარებლების ნაწილმა განაცხადი უკვე შეიტანა და ცვლილებას ელოდება. როგორც მოქალაქე ციალა ლომთაძე ამბობბს, მან წინა თვეში 140 ლარი გადაიხადა, რაც რეალურად დახარჯულ ელექტროენერგიას ბევრად აღემატება. ამიტომ იმედი აქვს ხარვეზს შეასწორებენ.

,,ივლისში 140 ლარი გადავიხადე, ზამთარში არ მომსვლია ამდენი გადასახადი. რამდენიმე დღის წინ ჩარიცხული თანხა კი არსად ჩანდა. სემეკში შევიტანე განცხადება, რომ ჩემი საქმე შეისწავლონ და გადაწყვეტილებას ველოდები. შეიძლება, აპარატმა არ დააფიქსირაო, ესეც კი მითხრეს. სანამ კონკრეტულ პასუხს არ მივიღებ, ვარაუდის დონეზე გამიჭირდება საუბარი, სად წავიდა ჩემს მიერ ჩარიცხული თანხა არ რატომ გადავიხადე ამხელა გადასახადი, რომლის ნახევარიც კი არ დამიხარჯავს", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს ციალა ლომთაძემ.

ანალოგიური პრობლემის წინაშ აღმოჩნდა თბილისელი გიორგი ბესელია, რომლის თქმითაც, თანხა გადაიხადა, მაგრამ ჯერჯერობით შეცდომის გამოსწორების მიზნით კომპანიისთვის არ მიუმართავს.

,,მიმდინარე წლის 10 ივლისს გადავიხადე, შემდეგი გადახდის გრაფიკი 20 აგვისტო უნდა ყოფილიყო, მაგრამ 1 აგვისტოს მომივიდა შეტყობინება, რომ 27,50 ლარი უნდა გადამეხადა. ჩარიცხვისას 27,50 ლარი აჩვენა აპარატმა. იმის შიშით, რომ მიწოდება არ შეეწყვიტათ, აღნიშნული თანხა დავფარე. გარდა იმისა, რომ თარიღმა გადმოიწია, მეტი თანხა დამერიცხა. ვერ გავიგე რა ხდება. თანაც, ამ ფულის ჩარიცხვა ხდება იმ პერიოდისთვის, როცა თბილისში არ ვიმყოფებოდი. ჯერჯერობით ვერაფერი გავარკვიე, იმედია, გაუგებრობაა და შესაბამის ზომებს მიიღებს კომპანია", - ამბობს მომხმარებელი.

პრობლემის შესახებ ცნობილია ენერგეტიკოი გია არაბიძისთვის, რომელმაც ,,ბიზნეს-რეზონანსთან" განაცხადა, რომ პრობლემა სრულად აღმოიფხვრება და არც ერთი არ დარჩება ყურადრების მიღმა, ვინც კი პრეტენზიას დააფიქსირებს.

,,არასწორად დაიწყო თავიდანვე გაყოფა ,,თელასსა" და ,,თელმიკოს" შორის. თანდათან გამოსწორდება ეს პრობლემა, მეც დამერიცხა ზედმეტი გადასახადი, მაგრამ ვაცნობე კომპანიას და ვალდებულება სწორად გადამინაწილდა. ნელ-ნელა ეს საკითხი მოგვარდება და არავინ დარჩება დაზარალებული. მით უმეტეს, რომ კომპანიები სემეკმა დააჯარიმა. ორგანიზაციულ დონეზე ვერ გაერკვნენ დენის მიმწოდებლები - რა თანხა უნდა დარჩენოდა ,,თელასს" და რამდენი - ,,თელმიკოს" იმ პერიოდის განმავლობაში. მაგალითისთვის, ვინმემ 5 ივნისიდან 5 ივლისამდე 100 ლარის ელექტროენერგია თუ მოიხმარა, აქედან 10 ლარი იყო ,,თელმიკოსი", 90 ლარი - ,,თელასის". ამათ ვერ გაანაწილეს თანხა ერთმანეთს შორის და მოსახლეობის უკმაყოფილება სწორედ ამან გამოიწვია. მენეჯერული თვალსაზრისით არის პრობლემა, იდეოლოგიურად ყველაფერი გარკვეულია. ყველა მომხმარებელმა უნდა დაწეროს განცხადება კომპანიის სახელზე, ,,თელმიკო" ამას პრობლემის გარეშე ასწორებს, თვითონ არის მოწადინებული, მთავარია პრობლემის შესახებ ინდივიდუალურად მიაწოდოს ყველამ ინფორმაცია, ვინც თვლის, რომ ანათვალი მათ მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიას აღემატება", - განაცხადა ენერგეტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ სემეკმა „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" (თელმიკო) და „თელასი" დააჯარიმა.

ჯარიმის მოცულობა "თელმიკოს" შემთხვევაში 75 000 ლარით განისაზღვრა, „თელასი" კი 50 000 ლარით დაჯარიმდა. დაჯარიმების მიზეზი თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×