რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს დარჩენილი აკრძალვების დამატებით შემსუბუქებას?
თიკა სიბოშვილი
14.09.2021

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ქვეყანაში რეგულაციების გარკვეული ნაწილი მაინც შემსუბუქდა. ამან პროტესტი გამოიწვია იმ დაწესებულებების მხრიდან, რომლებსაც ეს არ შეეხო. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ შეზღუდვების ის ნაწილი, რომელიც ამ ეტაპზე ისევ ძალაშია, დროულად გააუქმოს, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას ნაკლებად იძლევა. 

იმის მიუხედავად, რომ მდგომარეობა ჯერ სრულად არ დასტაბილურებულა და ინფიცირების შემთხვევები მაინც მაღალია, საკოორდინაციო საბჭომ რეგულაციების შემსუბუქება გადაწყვიტა. უკვე მესამე დღეა, რაც ქვეყანაში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, ამის შემდეგ კი სტუმარმასპინძლობის სექტორიც ითხოვს შეზღუდვების გაუქმებასა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

ეპიდემიოლოგ ალექსანდრე გოგინავას აზრით, ამ ეტაპზე დაწესებული რეგულაციების გადახედვა იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ეპიდვითარება ამის შესაძლებლობას მოგვცემს, რაც ამ ეტაპზე რთულია.

„გაუქმდება თუ არა დარჩენილი რეგულაციები, საკოორდინაციო საბჭოზე წყდება, თუმცა, ჩემი აზრით, დამატებით კიდევ რაიმე შეზღუდვის მოხსნა მიზანშეწონილი არ არის, ვიდრე არ დავინახავთ, მდგომარეობის შემსუბუქების შემდეგ რამდენად სტაბილური ვითარება გვექნება. იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა სტაბილიზაციისკენ წავა, განიხილება დარჩენილი რეგულაციების გაუქმებაც, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ კარგად უნდა დავაკვირდეთ“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას გოგინავამ და დასძინა, რომ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათები უნდა დაწესდეს, რადგან ეს ერთგვარი წახალისება იქნება მათთვისაც, ვინც ამ ეტაპზე აცრას არ აპირებს.

„ვფიქრობ, ვაქცინირებული ადამიანებისთვის გარკვეული პრივილეგიები უნდა იყოს, რომ მათ თავისუფლად შეძლონ მოქმედება, გადაადგილება, რადგან ვაქცინირებულები ამ ეტაპზე საფრთხეს არ წარმოადგენენ, განსხვავებით აუცრელი ადამიანებისგან. შესაძლებელია, მოტივაცია მოვახდინოთ მათი, ვინც არ იცრება, რომ აიცრან“, - დასძინა გოგინავამ.

ფაქტია, რომ დაწესებული რეგულაციები ხელის შემშლელი ფაქტორია ბიზნესისთვის, ამიტომ აუცილებელია რაიმე გეგმის შემუშავება, რომ კერძო სექტორმა ძველებურად განაგრძოს მუშაობა. 

მართალია, მთავრობა მუდმივად იმას ამბობს, რომ არ სურს ახალი შეზღუდვების დაწესება, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე ადასტურებს, რომ გაჩნდა ინიციატივა, გარკვეული სახის რესტორნებს მიენიჭოთ „ულიმიტო ოპერირება“ და მიიღონ მხოლოდ აცრილი მოქალაქეები, რაც მომსახურების სექტორს ჩვეულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.

„ჯერ დეტალები არ ვიცით, თუმცა საუბარია იმაზე, რომ რესტორნებს, რომლებსაც ექნებათ მწვანე ზონის სტატუსი, მოეხსნათ ყველანაირი შეზღუდვა, რაც დღეს არსებობს, იქნება ეს სამუშაო დროის განსაზღვრა თუ მაგიდებზე სტუმრების დაშვებული რაოდენობა. ამ ეტაპზე, 15 რესტორანზეა საუბარი.

მწვანე ზონის სტატუსი კი უნდა განისაზღვროს იმ რესტორნებისთვის, რომელთა თანამშრომლები სრულად აცრილი არიან, ხოლო სტუმრები ან ვაქცინირებული არიან, ან უარყოფით „პი-სი-არ" ტესტს წარმოადგენენ“, - განაცხადა გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“. 

ბოლო დროს კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელმა დაიკლო, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, რადგან მდგომარეობა სტაბილური არ არის. რეგულაციების საბოლოოდ მოხსნა იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, არსებობს დიდი რისკი, რომ კორონავირუსის შემთხვევები ისევ მოიმატებს, ამიტომ აუცილებელია მდგომარეობაზე დაკვირვება, რადგან მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში არ აღმოჩნდეს.

მართალია, რეგულაციები დიდ პრობლემას უქმნის ეკონომიკას, ბიზნესსექტორსა და სასწავლო დაწესებულებებს, მაგრამ აუცილებელია მოცდა და გადაწყვეტილების ისე მიღება.

„რეზონანსი“ დაინტერესდა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის პოზიციითაც, რამდენად შესაძლებელი და სასურველია, რომ რეგულაციები გადაიხედოს და ბიზნესს მიეცეს სრულად მუშაობის უფლება.

„დაწესებული რეგულაციები ეხება დარგებს, რომლებსაც პირდაპირი კომუნიკაცია აქვს მომხმარებელთან ან პროქდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს. შეზღუდვების გაუქმება ცხადია, დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებასა და ინფიცირების პროცენტულ მაჩვენებელზე. არიან ადამიანები, რომლებსაც ინფიცირების შედეგად შესაძლოა, ჯანმრთელობა შეერყეთ ან მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ამიტომ ცალსახად ვერ ვამბობთ, რომ ყველანაირი რეგულაცია გაუქმდეს და გავწიროთ ადამიანები სიკვდილისთვის.

ფაქტია, გასაკეთებელი მეტია როგორც ვაქცინაციის კუთხით, ასევე ადამიანების მხრიდანაც, რომ იყოს მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, დაცული სტანდარტები და ა.შ.“ - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. შეზღუდული რჩება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა, ხოლო კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია ისევ 22:00 საათამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×