შავი ლითონის შეგროვება და შოვნა ყოველწლიურად სულ უფრო ძნელდება
გვანცა წულაია
26.10.2021

პანდემიის პერიოდში, სხვა ყველაფერთან ერთად, საქართველოში ჯართის ფასმაც მოიმატა. დღეს უკვე ერთი ტონა ჯართის ღირებულება 950 ლარს შეადგენს. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რას უკავშირდება ღირებულების მკვეთრი მატება და ხომ არ არის მოსალოდნელი კიდევ გაძვირება. 

ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ, ქვეყანაში ერთი ტონა ჯართის ღირებულება 400-420 ლარს შეადგენდა, დღეს კი ღირებულება 2-ჯერ და უფრო მეტადაც არის გაზრდილი. ჯართის ფასი მუდმივად მატულობდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის პირობებში საგრძნობი მატება დაფიქსირდა. ჯართთან ერთად ქვეყანაში ძვირდება ფერადი ლითონიც: ალუმინი, სპილენძი, თითბერი. 

რაც დრო გადის, ქვეყანაში ჯართის მარაგი იწურება. ჯართის შოვნა ყოველწლიურად სულ უფრო ძნელდება. სწორედ ამაზე საუბრობენ შემგროვებლები. ილია ნადაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა ჯართის რაოდენობა მინიმალურია, რაც ფასის ზრდის მიზეზია.  

„სანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, ჯართის ღირებულება, დაახლოებით, 500-600 ლარი იყო, ახლა კი ყველა ხედავს, ფასი მომატებულია, სადღაც 300 ლარით. ღირებულების გაზრდა, ალბათ, იმან განაპირობა, რომ ჯართის რაოდენობა იმდენი აღარ არის, რამდენიც აქამდე იყო. ამ ეტაპზე მოთხოვნა დიდია, რაოდენობა – არა. მომავალში რა იქნება, ვერ გეტყვით. გააჩნია, ბაზარზე როგორი სიტუაცია იქნება”, - განუცხადა „რეზონანსს” ილია ნადაშვილმა და დაადასტურა, რომ ფერადი ლითონის ღირებულებაც გაზრდილია. 

„ჯართთან ერთად, გაძვირებულია ფერადი ლითონებიც, მინიმუმ 2-ჯერ გაიზარდა ფასი. ყველამ იცის, რომ არმატურის ღირებულება მომატებულია და, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჯართის ფასიც მაღლა მიდის”, - დასძინა ილია ნადაშვილმა. 

ჯართის შეგროვებით დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ ყველგან დეფიციტია, ამიტომ, რადგანაც მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დარღვეულია, ბევრმა საქმიანობას თავი დაანება, ზოგიერთმა კომპანიამ კი საერთოდ პროფილი შეიცვალა. 

აშკარად შესამჩნევია, რომ უბნიდან უბანში მოსიარულე ჯართის ჩამბარებელი ტრანსპორტი ნაკლებად გვხვდება. მოსახლეობისგან შესყიდული უვარგისი ტექნიკის რაოდენობაც დღითი დღე იკლებს. ამ ყველაფრის გამო ჯართის შემგროვებლებს მთელი დღის ნამუშევრისგან მინიმალური თანხა რჩებათ. 

პრობლემებზე საუბრობს კიდევ ერთი ჯართის შემგროვებელი, რომელიც აცხადებს, რომ ბიზნესი კორონავირუსმა საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დააყანა. 

ოთარ ჯინჭარაშვილის განცხადებით, ვითარება ძალიან ცუდია და რადგანაც ქვეყანაში ჯართის ნაკლებობაა, არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ბიზნესს საფრთხე დაემუქროს. 

„ჯართის ფასი საკმაოდ მომატებულია. თითქმის ბოლო ორი წელია, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, 1 ტონა ჯართის ღირებულება სადღაც 350 ლარით არის გაძვირებული. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ქვეყანაში შავი ლითონის ნაკლებობაა, მოთხოვნა კი საკმაოდ დიდია. 

პანდემიამდე თუ კონკრეტულ დასახლებაში 10-15 დღეში ერთხელ ჩამოვივლიდით და ჯართს ვაგროვებდით, ახლა შეიძლება, ეს თვეში ან თვე-ნახევარში ერთხელაც კი ვეღარ მოვახერხოთ. უბნიდან უბანში სიარულს აზრი არ აქვს, რადგან ჯართი აღარ იშოვება და ეს დროისა და ბენზინის ფუჭი ხარჯვაა. შემოსავალი ისედაც შეგვიმცირდა და ახლა ფულის უაზროდ გადაყრა არ გვიღირს. 

ჩვენს საქმიანობაში ისეთი ვითარებაა, რომ ბევრმა შემგროვებელმა საქმეს თავი საერთოდ დაანება, ანდა სხვა საქმიანობით დაკავდა და თუკი სიტუაცია არ გამოსწორდა, ამავე გზას ბევრი გაუყვება, რითაც ბიზნესს საფრთხე დაემუქრება. 

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჯართთან ერთად გაძვირებულია სპილენძიც, ალუმინიც და თითბერიც”, - განუცხადა „რეზონანსს” ოთარ ჯინჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×