,,ირანული ზეთი ხშირ შემთხვევაში სწორედ ფალსიფიკაციის წყაროა, ვინაიდან მისი მეშვეობით ხდება ცნობილი ბრენდების გაყალბება"
ირაკლი ლომიძე
06.12.2021

ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მეტი პრობლემა საცხებ-საპოხი მასალების ბიზნესს უკავშირდება. ეს მიმართულება, ფაქტობრივად, ერთადერთია, სადაც 2021 წლის 11 თვის განმავლობაში იმპორტი თითქმის თანაბარ დონეზეა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა ეკონომიკაში დიდი შეზღუდვები და ლოქდაუნი იყო. ცალკე პრობლემაა საავტომობილო ზეთის ხარისხიც, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბაზარი ძირითადად ირანული პროდუქტით არის გაჯერებული, რაც დაბალ ხარისხთან ასოცირდება და სტანდარტთან დაკავშირებით დიდ ხარვეზზე მიანიშნებს.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, 2021 წლის ნოემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,51 ათასი ტონა, რაც 0,18 ათასი ტონით, ანუ 10,6%-ით ნაკლებია ოქტომბრის მაჩვენებელთან (1,69 ათასი ტონა) შედარებით და 0,16 ათასი ტონით, ანუ 9,6%-ით ჩამორჩება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,67 ათასი ტონა)  მონაცემებს. 

მათ შორის, მიმდინარე წლის ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,34 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,31 ათასი ტონა (20,5%); რუსეთი - 0,25 ათასი ტონა (16,6%);   ბელგია - 0,13 ათასი ტონა (8,6%)  და სხვ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი წელს ფაქტობრივად არ გაზრდილა და ის ერთადერთი პროდუქტია ნავთობპროდუქტების ბაზარზე, სადაც პრობლემა ყველაზე მწვავედ გამოჩნდა.

კერძოდ, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის   განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად იგივება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით.

2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 2,86 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: თურქეთი - 2,75 ათასი ტონა (16,1%), რუსეთი - 2,72 ათასი ტონა (15,9%);  გერმანია - 1,44 ათასი ტონა (8,4%) და სხვ.

ამდენად, 10 თვის მონაცემის მიხედვით საავტომობილო  ზეთის ბაზარზე საკმაოდ ნეგატიური მოცემულობაა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, ნავთობპროდუქტების ამ სეგმენტში დიდი უძრაობაა, რაც ძირითადად ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემას უკავშირდება.

,,სახარბიელო მოცემულობა ნამდვილად არ არის დღესდღეობით, როცა ეკონომიკა გამოცოცხლებულია და ნავთობპროდუქტების სხვა კატეგორიის პროდუქციის მიმართ საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა. წელს ზრდა არ შეინიშნება, რაც ამ სფეროსთვის დადებითი მოვლენა არ არის. 

გარდა ამისა, საავტომობილო ზეთების ყველაზე დიდი მომწოდებელი გახდა ირანის ისლამური რესპუბლიკა, რაც მიუთითებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კვლავიდნებურად მომრავლებული  და დიდი მოცულობითაა წარმოდგენილი უხარისხო საავტომობილო ზეთი. ირანული პროდუქტი ამ მხრივ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მის მიერ წარმოებული საცხებ-საპოზი მასალები იმპორტში პირველ ადგილზეა, პოზიციები განამტკიცა, როცა შარშან ოთხეულის მიღმა იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობითაა უხარისხო, არასათანადო ხარისხის და სტანდარტის პროდუქტი იყიდება“, - განაცხადა მთვრალაშვილმა და იქვე დასძინა, რომ საავტომობილო ზეთის ბაზარზე ფალსიფიკაციაც, სავარაუდოდ, მაღალ დონეზეა.

,,ირანული ზეთი ხშირ შემთხვევაში  სწორედ ფალსიფიკაციის წყაროა,  ვინაიდან მისი მეშვეობით ხდება ცნობილი ბრენდების გაყალბება. ეს ბუნებრივია, რადგან ირანული ზეთის ფასი  არის დაბალი, რაც ცალსახად დაბალ ხარისხთან ასოცირდება. სინამდვილეში საავტომობილო ზეთი  მაღალტექნოლოგიური წარმოების შედეგად მიიღება და იაფი ვერ იქნება. 

ვხედავთ, რომ იმპორტი არ მატულობს და მოხმარებაც შესაბამისად დაბალ დონეზეა. ფაქტი, რომ ასეთ ფონზე იზრდება ირანული პროდუქტის ხვედრითი წილი ბაზარზე, უარყოფითია და  დაბალფასიანი პროდუქტის რაოდენობის ზრდაზე მიგვანიშნებს“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×