თიკა სიბოშვილი
08.12.2021

საქართველოში მედიკამენტების ღირებულებამ კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. წამლების ფასი დროდადრო მატულობს, ქვეყანაში კი არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც ამას გააკონტროლებს და დაარეგულირებს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის კატეგორიული მოთხოვნით, ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს, რაც მოსახლეობას საგრძნობლად შეუმცირებს ჯანდაცვის ხარჯს. პროცესი უკვე დაწყებულია, ახლა მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად წავა საქმე წინ და ხომ არ არის საშიშროება, რომ ინიციატივა ვერ განხორციელდეს.

მედიკამენტების ბაზარზე სრული განუკითხაობაა, რამაც დღის წესრიგში ფასების სტაბილიზაცია დააყენა. პრემიერის გადაწყვეტილებით, წამლების საკითხი ისე უნდა დარეგულირდეს, რომ არც საზოგადოება დაზარალდეს და არც - ბიზნესი. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, როგორ მოხდება ფასების შემცირება ან საერთოდ, გააჩნია თუ არა ქვეყანას ამის რესურსი.

როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ახალ პროექტში  აუცილებელია, ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, რაც თავისთავად დაარეგულირებს მდგომარეობას.

„ჩვენ დავასრულეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, მაქსიმალურად დაცული. მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. თუ ამ ბალანსს ვიპოვით, ეს იქნება იდეალური გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

უკვე დიდი ხანია, რაც მედიკამენტებზე ფასები იზრდება და ლამის ისტორიულ მაქსიმუმზეა. ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სფერო შესასწავლია და აუცილებელია ახალი მექანიზმები. როგორც ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, ხელოვნურად ფასების ჭერა კარგი არ არის, რადგან შესაძლოა, ამან უფრო დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს.

„რას აპირებენ ხელისუფლებაში, არ ვიცით, არ ვარ მომხრე, რომ ფასები ხელოვნურად დარეგულირდეს. ეს ყველაფერი გამოიწვევს ბაზრიდან ხარისხიანი მედიკამენტების გადინებას, თუმცა ისიც მიუღებელია, რომ წამლები იყოს ძვირი და უხარისხო.

ყველა მედიკამენტი უნდა იყოს ხარისხიანი, რაც ჩვენთან არ ხერხდება, ამიტომაც თუ შემოიტანენ ხელოვნურ რეგულაციას, მივიღებთ რუსეთის მდგომარეობას, სადაც იგივე გააკეთეს და წააწყდნენ ძალიან ბევრ პრობლემას. რეგულაციებს არასდროს არავისთვის მოუტანია კარგი. ჯერ არავის არ უთქვამს ზუსტად, როგორ აპირებენ წამლების ფასების რეგულირებას. აუცილებელია ყველაფრის სწორად გაკეთება, რადგან არ მივიდეთ ცუდ შედეგამდე.

თუკი თურქეთში მედიკამენტების ფასები სტაბილურია, ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ისინი ფასებს იჭერენ. მათი სახელმწიფო მუდმივად აკომპენსირებს გაძვირებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად ძალიან სუსტი სახელმწიფოსთვის, რამდენად კარგი იქნება, არ ვიცი. ქვეყანას რეალურად არ აქვს ფასების შემცირების რესურსი“, - აღნიშნა სურგულაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ წამლებზე ფასების მატების პრობლემა სულ იქნება და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ყურადღება მოსახლეობის შემოსავალზე გავამახვილოთ.

„თუ დააწესებენ ლიმიტს, ბიზნესი მაინც იპოვის გამოსავალს სხვადასხვა გზით. იყო ამის მცდელობა სერგეენკოს დროს, როცა 15%-იანი მარჟა დააწესეს, თუმცა ამან არ გაამართლა. 

ფასების ჭერის დაწესებას ჯერ არც ერთი ქვეყნისთვის შედეგი არ მოუტანია, პირიქით, წამოიჭრება მეორე პრობლემა, გაქრება ხარისხიანი მედიკამენტები, რადგან ის წამლები იყიდება სხვადასხვა ვალუტაზე. გასაგებია, როცა ლარის კურსი ვარდება, წამლის ღირებულება იზრდება. რეალურად, მედიკამენტებზე ფასების მატება კი არ არის პრობლემა, ეს მუდმივად მოხდება, არამედ ის, რომ ადამიანებს აქვთ დაბალი შემოსავალი და აუცილებელია, ამას ვუშველოთ, რომ იყოს შესაბამისი კომპენსაციები გამოყოფილი“, - დასძინა სურგულაძემ.

მთავრობა ცდილობს, სექტორს ოპტიმალური პირობები შეუქმნას. ამასთან, საქართველოს ბაზარზე მოქმედ ფარმაცევტულ საწარმოებს ხარისხის ახალ - "ჯიემპი" სტანდარტზე გადასვლა, მომდევნო წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად, ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეეძლებათ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული.

ამავე დროს, დამატებითი შეღავათი განესაზღვრათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ და მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ. ამავე შეღავათებით ისარგებლებენ საბითუმო დისტრიბუტორებიც.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი მარგველაშვილის აზრით, გაჟღერებული ინიციატივა კარგია, რაც ხელს შეუწყობს იმ კომპანიებს, რომლებსაც ახალ ხარისხის სტანდარტზე გადასვლის სურვილი და რესურსი გააჩნიათ.

„აბსოლუტურად, ძალიან გონივრულად და ჭკვიანურად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან საუბარი კი არ არის გადავადებაზე იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სურვილი ან არ ემზადებიან. აქ არის ლაპარაკი, კონკრეტულად, გონივრულად, რა ვადებში უნდა მოხდეს ახალ სტანდარტზე გადასვლა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ამის სურვილი და რესურსი გააჩნიათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი არ ეზღუდებათ  იმ ადგილობრივ მწარმოებლებს, რომლებიც პროდუქციასაც სხვა ქვეყნებში იღებენ არსებული დოკუმენტაციით“, - აღნიშნა მარგველაშვილმა „ბიემთან“ საუბრისას.

შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს ფარმაცია გახდა ბიზნესი, რომელიც ხალხის გაღატაკების ხელშემწყობია და აქამდე არ გადადგმულა ნაბიჯი ამ პროცესის შესაჩერებლად. მიუხედავად ამისა, სფეროს წარმომადგენლები ასე არ თვლიან და საუბრობენ იმ შეღავათებზე, რომლებიც მოქალაქეებისთვის აქვთ.

როგორც „ავერსი-ფარმას" რეკლამისა და პიარის დეპარტამენტის უფროსმა ლალი ბრეგვაძემ განაცხადა, მათ კომპანიაში წამლების ღირებულება მაღალი არ არის, თანაც აქვთ სხვადასხვა სახის დახმარების პროგრამები, რომლებითაც მომხმარებლები სარგებლობენ.

„ჩვენ შარშან, ოქტომბრის თვიდან საკმაოდ გავზარდეთ ფასდაკლებები და ვინარჩუნებთ დღემდე. გვაქვს სააფთიაქო თაროს პროექტი, რომელიც გულისხმობს, რომ ქრონიკული დაავადების სამკურნალო 10 მედიკამენტსა და 10 არამედიკამენტს განსაკუთრებული ფასით ყიდულობს მომხმარებელი. ასევე, პენსიონერებსა და დევნილებზე გვაქვს დამატებით განსაკუთრებული ფასდაკლება", - აღნიშნა ბრეგვაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

წამლების მაღალი ღირებულება მოსახლეობას უკვე დიდი ხანია, აწუხებს, საკითხზე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის აზრით, ფასები კატასტროფულად არ მომატებულა, თუმცა შესაძლებელია საკითხის განხილვა იმ კუთხით, რომ მოქალაქეების დანახარჯი შემცირდეს.

„ფასნამატები არის საკმაოდ კონტრასტული. ის იწყება 7%-დან და შეიძლება, იყოს რამდენიმე ასეული პროცენტიც კი, თუმცა, თუ შევხედავთ კომპანიების შუალედურ მარჟებს, ის მაღალი, მთლიანობაში, არ არის და ეს ფინანსურ ანგარიშებშიც ასახულია, მაგრამ ჩვენი ანგარიშის აქცენტი, ამოცანა და მიზანი არის, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოქალაქეს დანახარჯი შეუმცირდეს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის გაანგარიშებით, ახალი რეგულაციის საშუალებით შესაძლებელი იქნება, წამლების ფასი 40-50%-ის ფარგლებში შემცირდეს, რაც თითო ოჯახს ჯანდაცვის ხარჯს, მინიმუმ, 15%-ით შეუმცირებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) სამედიცინო პროდუქციის, მოწყობილობებისა და აპარატურის ფასი გაზრდილია 12.7%-ით. მაგალითად, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები გაძვირდა 17%-ით, ხოლო გულ-სისხლძარღვთა მედიკამენტები - 16%-ით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×