რა ელის ეროვნულ ვალუტას საახალწლო დღეებში და დღესასწაულების დასრულების შემდეგ?
გვანცა წულაია
16.12.2021

ეროვნული ვალუტა სტაბილურობისა და გამყარების ტენდენციის შენარჩუნებას ახერხებს. ლარმა ნოემბერ-დეკემბრის კრიტიკული პერიოდი უკვე გადალახა და ახლა ყოველდღიურად პოზიციებს იუმჯობესებს. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა ელის ლარს წინასაახალწლო პერიოდში და ახალი წლის დღეებში.

ბოლო პერიოდში, გაცვლითი კურსი სტაბილიზაციიდან გამყარებისკენ შეიცვალა. მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზრისთვის ყველაზე კრიტიკული პერიოდი ნოემბერი უნდა ყოფილიყო, ლარმა პოზიციები გაიუმჯობესა და ამას დღემდე ახერხებს. სპეციალისტები წლის ბოლომდე სხვა შედეგის აღარც ელოდებიან. მათი ვარაუდით, სიცუაცია უცვლელად შენარჩუნდება. 

წინასაახალწლო და ახალი წლის დღეებში, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არ ელოდება საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი, ნიკა შენგელია, რაც განპირობებული იქნება შემდეგი ფაქტორებით:

“წლის ბოლომდე დღევანდელი კურსი შენარჩუნდება. არ ველოდებით ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. მაქსიმუმი რაც შეიძლება იყოს, ეს იქნება 3.13-3.14-ის ფარგლებში, თუმცა ესეც ნაკლებად მოსალოდნელია. ძალიან დიდია ქართველი ემიგრანტების მიერ უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის ოდენობა. ეს კი ერთ-ერთი ძირითადი და მთავარი ფაქტორია, რისი გათვალიწინებითაც ეროვნული ვალუტა თავის პოზიციებს ინარჩუნებს და იმ ნიშნულზეა, როგორზეც დღეს ვხედავთ. 

გარდა ამისა, ახლა წლის ბოლოა და ლარზე მოთხოვნა მეტია, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დროს. ყველაფერთან ერთად დოლარზე მოთხოვნაც შემცირებულია და შესაბამისად, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, არ ველოდებით, რომ ეროვნული ვალუტის მხრივ მკვეთრი ცვლილებები გვექნება”, - განუცხადა “რეზონანსს” ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ ლარის შედარებით გაუფასურება იანვრის ბოლოდან ელოდება.  

“სხვა სურათი გვექნება სადღაც 25 იანვრიდან 10 თებერვლამდე. ამ პერიოდში უკვე ველოდებით ლარის ცოტა გაუფსურებას. ამის განმაპირობებელი იქნება, უპირველეს ყოვლისა, დოლარზე მოთხოვნა. საკმაოდ თანხებია შემოსული კომპანიებიდან, რომლებმაც ჩადეს ფული ქართულ ობლიგაციებში, იგივე სამთავრობო ფასიან ქაღალდებში და ისინი მოინდომებენ ამ თანხების უკან გატანას, პროცენტის სახით. შესაბამისად, ეს ფაქტორი იმოქმედებს, სადღაც 25 იანვრიდან დაიწყებს გავლენის მოხდენას. ლარის გაუფასურებას მაქსიმუმ, 5%-ის ფარგლებში ველოდები”, - დასძინა “რეზონანსთან” შენგელიამ. 

კურსის სტაბილიზაცია და გამყარება იძლევა იმის იმედს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა შესაძლოა, სულ მალე გამოწორდეს. თუკი წლის დასაწყისში ლარმა ანტირეკორდი დაამყარდა, წლის ბოლოს გამყარებით გამოირჩევა, რაზეც სპეციალისტები ამბობენ, რომ აღნიშნული ტენდენცია ჯერჯერობით გაგრძელდება. 

ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძის აზრით, ლარის გამყარება ისედაც მოსალოდნელი იყო, სხვადასხვა დადებითი ფაქტორების გათვალისინებით. 

“გამყარების ტენდენცია მოსალოდნელი იყო. აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, ეს არის ფუნდამენტური ეკონომიკური და ე.წ. სეზონური ფაქტორები. ლარის ქცევის ბოლო პერიოდის დინამიკა აჩვენებს, რომ იგი მყარდება როგორც გაუმჯობესებული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების, ასევე გარკვეულწილად, წისასაახალწლო ფაქტორის გამოც. 

ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან უნდა გამოიყოს იანვარ-ნოემბერში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა 10.5%-იანი მაჩვენებელი და შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის სარეკორდო ზრდის ისედაც დადებით ტენდენციას დაემატა მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების 3.2%-იანი მატება, რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელით, რაც გასული წლის დონეს ორჯერაც კი აღემატება. რეინვესტირებული იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა მოგება კი არ გაიტანეს, არამედ დატოვეს ეკონომიკაში, რაც პოზიტიურ მოლოდინზე და ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს.

ლარის გამყარებაზე მხოლოდ პოზიტიურად აისახა ფისკალური მდგრადობაც და ბიუჯეტის დეფიციტის ორჯერ შემცირებასთან ერთად, დაგეგმილთან შედარებით, 1 300 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი. მიმაჩნია, რომ ლარის გამყარებაზე აშკარად დადებითად იმოქმედა სექტემბრიდან მოყოლებული, სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და ასევე გასული წლის ბოლოს უცხოურ ვალუტაში  მოზიდულ სახსრებზე დარეზერვების განაკვეთის შემცირებამაც, რამაც ბაზარზე 700 მლნ დოლარამდე მასის გამოსვლას შეუწყო ხელი. 

უნდა გამოიყოს წინასაახალწლო მომენტიც. ლარის გამყარებაზე ტრადიციულად პოზიტიურად აისახა დეკემბრის ეფექტიც. იმპორტიორები უკვე ნოემბრის ბოლოს რიცხავენ უცხოურ ვალუტას საახალწლო საქონლის შემოსატანად, ანუ ძირითადი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, მათ შორის საგარეო ვალების მომსახურების ნაწილიც ნოემბერზე მოდის”, - განუცხადა “რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ ლარი კიდევ გამყარდება.  

“ჩემი შეფასებით, დეკემბერში კურსი კიდევ უფრო გამყარდება. არც იანვარში უნდა ველოდეოთY გაუფასურებას, პირიქით, გამყარების ტრენდი შენარჩუნებული იქნება. ეს პროგნოზი მაქვს დეკემბერ-იანვარ-თებერვალზე. თუ საერთაშორისო გლობალური ფაქტორების გავლენა არ იქნება, ქვეყანში ლარის გამყარება გაგრძელდება”, - დასძინა “რეზონანსთან” ცუცქირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×