თბილისში ჰაერის დაბინძურების ზღვარი მიწიდან 10 მეტრს აღემატება
ირაკლი ლომიძე
20.12.2021

თბილისი მხოლოდ ქარის დროს ნიავდება. ამ ფუნქციას ადრე ლისისა და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვარი და გამწვანების რამდენიმე სივრცე ასრულებდა, მაგრამ, უწესრიგო განაშენიანების ფონზე, სარეკრეაციო ზონებს ეს შესაძლებლობა უკვე აღარ აქვთ. ჯერჯერობით, დედაქალაქის განიავების ფუნქციას მტკვარი ასრულებს, მაგრამ - არასაკმარისად. ამ დროს სამშენებლო მტვერი, მანქანებისა და უკვე გათბობის გამონაბოლქვი ატმოსფეროში სერიოზულ დაბინძურებას იწვევს, რომელიც ილექება დაბლა და  მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის. 

სპეციალისტები ადასტურებენ, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ზღვარი მიწიდან 10 მეტრს აღემატება. მხუთავი აირი დაბლა ჩამოდის და განსაკუთრებით ბავშვებს უქმნის პრობლემას, რის გამოც მათი ქუჩებში გასეირნებაც უკვე საშიში გახდა.

როგორც აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე აცხადებს, დაბინძურების პრობლემა დამახასიათებელია საქართველოს ყველა ქალაქისთვის, თუმცა თბილისი ამ მხრივ განსაკუთრებით დიდ საფრთხეშია, რადგან მისი ლანდშაფტი განიავების შესაძლებლობას არ იძლევა.

„არასწორად  განლაგებული სახლები და სხვა ტიპის არასაყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა დიდ პრობლემებს წარმოშობს. დაბინძურებული ჰაერი და უაზრო განაშენიანება ყველაფერს ანადგურებს. საკვამლე მილები გამოყოფილია ჰაერში,  რომელიც ნამწვი აირებით არის გაჯერებული, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მძიმე ვითარებაა, ჩვენს ქალაქს ერთადერთი მტკვრის ხეობა ანიავებს. ქალაქი ისეა განაშენიანებული, რომ კუს ტბიდან ჰაერი აღარ ჩამოდის, ასევე, ლისის ტბიდან, რაც ეტყობა კიდეც ქალაქს. 

ადრე ვერ ვიტანდი ქარს, მაგრამ ახლა სანატრელი გახდა, რადგან მხოლოდ ამ დროს იფანტება ტოქსიკური ნივთიერებები. დიდი დიღომი ფაქტობრივად  დაიკეტა, საერთოდ არ ნიავდება, რადგან წონასწორული პირობები დარღვეულია“, - განაცხადა სიმონ ბარამიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“.

მისი თქმით,  ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, ძალიან დიდი პრობლემების წინაშეა დედაქალაქი. განსაკუთრებით საშიშია გათბობა-გაგრილების სისტემები, რომელთა ნამწვიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამ კუთხით  არც ქალაქის მერიასა და არც გარემოს დაცვის სააგენტოს, ჯერჯერობით, ყურადღება არ გაუმახვილებია.

„გათბობა-გაგრილების სისტემები არის ძალიან საშიში და ეს უნდა იცოდეს ყველამ. საშინელი სანახავია ქალაქი, მეზობლები პირდაპირ წამლავენ ერთმანეთს. თანამედროვე და არათანამედროვე სისტემა არ არსებობს - გაზი არის მომწამლავი და ჰაერს ყველგან თანაბრად აბინძურებს. თბოტექნოლოგი ვარ და მაქვს ყველაფერთან იმდენი შეხება, რომ ამის თქმა დანამდვილებით შევძლო. 

აუცილებელია, კორპუსებში გაკეთდეს კოლექტიური საკვამლე მილი, რომელიც ევროპაში დიდი ხნის წინ შემოიღეს. სასურველია, სახურავებზე საქვაბეები დამონტაჟდეს. აუცილებლად უნდა იყოს ამ თემაზე საუბარი. 

ადრე ვამბობდი, რომ თბილისში 3 მეტრის სიმაღლეზე იყო დაბინძურებული ჰაერი, ახლა ეს ზღვარი უკვე 10 მეტრს აჭარბებს. ადამიანები მაღალ სართულებზე უნდა ცხოვრობდნენ, რომ შედარებით ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი ისუნთქონ. დღემდე ისე ხდება, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალები და აშენებული შენობა-ნაგებობები არ მოწმდება ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ყველაფერზე უნდა არსებობდეს ნორმატიული აქტი, სადაც მკაცრად იქნება გაწერილი სტანდარტები", - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან" სიმონ ბარამიძემ.

სხვათა შორის, აკადემიკოსის თქმით, დაბინძურებულ ატმოსფეროში კორონავირუსის გავრცელება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე შეიძლებოდა, ის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში განვითარებულიყო. 

„დაბინძურებული აირები პანდემიის გამომწვევია, ის მეტ საშუალებას იძლევა, რომ  ვირუსი სწრაფად განვითარდეს. არქიტექტურამაც ხელი აიღო, არანაირი ნორმა არ არის, ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმულია. ბავშვებს უნდა მივაწოდოთ სუფთა ჰაერი. რაც დრო გადის, ეკოლოგია უარესდება და დროულად უნდა ეშველოს“, - დასძინა ბარამიძემ.

მართალია, ატმოსფეროს დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქაოსური განაშენიანება მიიჩნევა, თუმცა სპეციალისტები დამატებით საუბრობენ ისეთ გარემოებებზეც, როგორებიცაა ავტომობილების გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერი, რომლებიც დიდ რისკს ქმნის.  

ურბანისტი მამუკა სალუქვაძე გამოსავალს გამწვანების ღონისძიებების გააქტიურებაში ხედავს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს არასაკმარისია და ეკოლოგიაზე ვინმე რეალურად თუ ზრუნავს, საავტომობილო სფერო უნდა მოწესრიგდეს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს.

„საცობები, გათბობის მილები და სხვა - ყველა ფაქტორი ერთად მოქმედებს. ბუნებრივია, ქალაქის განიავება არ ხდება, მოძრაობის სქემის მოუწესრიგებლობამ, კლიმატურმა პირობებმა, მშენებლობებმა და სხვა ფაქტორებმა ამ მხრივ დიდი საფრთხე შექმნა თბილისისთვის. თავისთავად მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ რაც მეტი მანქანა ივლის, მით მეტად დაბინძურდება გარემო. ამას ემატება ქაოსური განაშენიანება, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვუწყობდით ხელს. შესაბამისად, თბილისის გენგეგმაზე მუშაობისას სწორედ ეს საკითხი წამოვწიეთ წინა პლანზე. ამ დოკუმენტში უმთავრესი იყო გამწვანებული და ღია სივრცეების შექმნა. ასეულობით ჰექტარია საჭირო, რომ მდგომარეობა როგორმე გამოსწორდეს“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

გარდა იმისა, რომ რეკრეაციული ზონები უნდა გაშენდეს, ძალიან ბევრი მცენარეც არსებობს, რომლებიც მავნე აირებს ანეიტრალებს, ამიტომ გამწვანებას ეკოლოგიური საკითხის მოგვარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფუნქცია აკისრია.

„საცობები უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, შეიძლება ითქვას, ჩვენი აქილევსის ქუსლია. სხვა გამოსავალს ნაკლებად ვხედავ, გარდა იმისა, რომ  საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავსხდეთ. ყოველდღიურად, შაბათ-კვირასაც კი, დიდი საცობებია. მერიამ და თვითმმართველობამაც უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ, რაღაცნაირად შევეხიდოთ ქალაქს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ საფეხმავლო გზები, ველობილიკები და მეტად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ მამუკა სალუქვაძემ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დედამიწის ყოველი ათი მცხოვრებიდან ცხრა დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ყველაზე რთული ვითარება კვლავ აზიასა და აფრიკაშია.

დოკუმენტში ასევე  ნათქვამია, რომ დაბინძურებული ჰაერის გამო, ყოველ წელს დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება. მედიკოსების განცხადებით, გულის სხვადასხვა დაავადების, ინსულტისა და ფილტვების კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზი დაბინძურებული ჰაერია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×