ბესიკ კეკელიძე აცხადებს, რომ კომპანია ნაავარიები მანქანის შეკეთებას დაჰპირდა და შემდეგ მოულოდნელად უარი შეუთვალა
თამარ ვეფხვაძე
02.03.2022

სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა. მათი კლიენტი პირდაპირ აცხადებს, რომ კომპანია ზიანს არ უნაზღაურებს, რის გამოც იძულებული გახდა, სამართლებრივი დავა დაეწყო. სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ სასამართლომ საქმე უკვე განხილვაში მიიღო და "უნისონს" საკმაოდ სკანდალური პროცესი ელოდება.

დაზარალებული ბესიკ კეკელიძე, რომელსაც „უნისონის“ 100-პროცენტიანი დაზღვევა ჰქონდა, ამბობს, რომ 21 იანვარს სახლში დაბრუნების დროს, ავტომობილი დაზიანებული დახვდა. მან გამოიძახა კომპანიის წარმომადგენელი და საპატრულო პოლიციაც. სადაზღვევო კომპანიაში კეკელიძეს დაჰპირდნენ, რომ ზარალს აუნაზაღრაურებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა და ახლა „უნისონი“ აბსურდული მიზეზით თავის გამართლებას ცდილობს. 

„2021 წლის აგვისტოში ჩემი მანქანა დავაზღვიე სადაზღვევო კომპანია „უნისონში“. მქონდა 100%-იანი პაკეტი. მთელი წლის დაზღვევის თანხა - 1200 ლარი წინასწარ გადავიხადე და ვიყავი მშვიდად. 2022 წლის 21 იანვარს ახლობელთან ვიმყოფებოდით მე და ჩემი მეუღლე, ფანასკერტელის N19-ში იმ ავტომობილით, რომელიც კომპანიაში დავაზღვიე. დაახლოებით ცხრის ნახევარზე მივედით სტუმრად, სადაც დავყავით მიახლოებით 2 საათი. როდესაც სახლში უნდა დავბრუნებულიყავით, ვნახეთ, რომ ჩემს მანქანას სხვა ავტომობილი დაჯახებოდა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ უკანა საბურავს ღერძი ჰქონდა შეცვლილი და შიგნით იყო შევარდნილი. გატეხილი იყო უკანა ფარი, ფრთა, ბამპერი და თვლის სავალი ნაწილი. 

როგორც კი ეს ამბავი დამხვდა, მაშინვე დავრეკე "უნისონის" ცხელ ხაზზე. მოვიდა მათი ზარალების ოფიცერი, რომელმაც ყველაფერი დაადასტურა და შემდეგ გამოვიძახეთ პატრული, რომელმაც ოქმი შეადგინა. ვინაიდან მანქანის გადაადგილება არ შეიძლებოდა, სადაზღვევო კომპანიის სახელით გამოიძახეს ევაკუატორი და მანქანა წაიყვანეს ბერი სალოსის გამზირზე, მათ პროფილაქტიკაში, რათა ენახათ, თუ რა ზარალი დადგა ამ შემთხვევის გამო“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ბესიკ კეკელიძემ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებდა. 

„შემდეგ „უნისონის“ პროფილაქტიკიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მანქანის გაკეთებას ერთი თვე დასჭირდებოდა, რადგან იყო ცოცხალი რიგი და თან ტერიტორიაზე გასაჩერებელი ადგილიც არ ჰქონდათ. იძულებული გავხდი, მომენახა სხვა ადგილი. ევაკუატორის მეშვეობით, დაზიანებული ავტომობილი ჯიქიას ქუჩაზე, ერთ-ერთ პროფილაქტიკაში წავიყვანეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ „უნისონი“ ზიანს ამინაზღაურებდა, ამიტომ ავტომობილის ჩემი ხარჯით შეკეთება დავიწყე, რომ სავალი ნაწილი მაინც გამეკეთებინა. 

შემთხვევიდან ორი კვირის შემდეგ - 4 თებერვალს „უნისონიდან“ მომივიდა ელექტრონული წერილი, რომ მათ მოიწვიეს ექსპერტი, რომელმაც დაათვალიერა შემთხევის ადგილი და დაადგინა, რომ მანქანას დარტყმის შედეგად არ აქვს ჩამონაყარი და ასევე არ არის გაცურებული. ჩვენი იქ ყოფნის დროს, სანამ ევაკუატორი მანაქანას აწევდა და წაიღებდა, ექსპერტი თვალით არავის გვინახავს. მან ეს დასკვნა გააკეთა სურათების მიხედვით, რომელიც გადაიღო მათმა ზარალების ოფიცერმა. მე მივწერე, რომ ეს არის აბსურდი. „უნისონი“ გავაფრთხილე, რომ ექსპერტს შეცდომაში შეჰყავხართ და ვთხოვე, რომ დაკისრებული მოვალეობა შეესრულებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გავხდებოდი სასამართლოსთვის მიმემართა.  

მათი დასკვნის მიხედვით, შემთხვევა მოხდა სხვა ადგილას და არა იმ ტერიტორიაზე, სადაც რეალურად დამიზიანეს მანქანა. როგორც თავად ამბობენ, ასე რომ ყოფილიყო, ხომ იქ გამოვიძახებდი „უნისონს“ და ავტომობილს სხვა ტერიტორიაზე არ გადავიყვანდი და შემდეგ არ დავრეკავდი კომპანიაში. მინდოდა, რომ კამერების მეშვეობით დამედატურებინა რეალობა. გამოძიებელმა, ნახა კამერები და დაადასტურა, რომ ცხრის 10 წუთზე მე ფანასკარტელის ქუჩის მიმართულებით საღი მანქანით გადავადგილდები“, - დასძინა დაზარალებულმა „რეზონანსთან". 

ბესიკ კეკელიძის ადვოკატის ელენე ქიშმარიას ინფორმაციით, კომპანია ამტკიცებს, რომ ვერ დადგინდა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილი და სწორედ ამიტომ არ ანაზღაურებენ ზარალს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ასე რომც ყოფილიყო, მნიშვნელობა არ აქვს, სად დაზიანდა ავტომობილი, რადგან  ყველანაირი სახის ზარალი, მიუხედავად იმისა, თუ სად იქნება მიყენებული, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, უნდა იყოს გათვალისწინებული და ანაზღაურებული.

„სადაზღვევო კომპანიის პოზიცია იყო ის, რომ არ აანაზღაურებდნენ ზარალს, რადგან ვერ დგინდებოდა, თუ სად მიადგა ავტომობილს უშუალოდ ზარალი. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ არ არის ინფორმაცია სწორად მიწოდებული და შესაბამისად, მათ აქვთ უფლება, რომ უარი განაცხადონ ანაზღაურებაზე. ჩვენ შევიტყვეთ თუ არა ზარალის შესახებ, მაშინვე მივმართეთ სადაზღვევო კომპანიას, საპატრულო პოლიციას. 

გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევის ადგილზე არ იყო სათვალთვალო კამერები, ვერ ვახერხებთ იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინც ავტომობილი დააზიანა. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია რეგრესის წესით, ვეღარ მოსთხოვს იმ ადამიანს ზარალის ანაზღაურებას. სამართლებრივი პრაქტიკა ასეთია, სადაზღვევო კომპანია თანხას მზღვეველს უნაზღაურებს და შემდგომ იმ თანხას უშუალოდ ზიანის მიმყენებელს სთხოვს. რადგან ზარალი საკმაოდ სოლიდურია და აჭარბებს იმ შენატანს, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა წლიურად შეიტანა და სადაზღვევო კომპანიამ იცის, რომ ამ თანხას ვერ ამოიღებს უშუალოდ ზარალის მიმყენებელი პირისგან, ამიტომ თითიდან გამოწოვილი არგუმენტით უარს ამბობს ანაზღაურებაზე. მათი მხრიდან უარის თქმა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ არაკეთილსინდისიერად თავი აარიდონ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ადვოკატმა და დასძინა, რომ სადაზღვევო კომპანიამ დაზარალებულის გარეშე ზიანის შეფასება დამოუკიდებლად მოახდინა და მას არ აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანაზღაურების შემთხვევაში კომპანიას რამდენის გადახდა მოუწევდა.

„რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ წლიურად გადახდილ თანხას და მიყენებული ზარალის ოდენობას, ბატონმა ბესიკმა გადაიხადა 336 დოლარი და ზარალი კი საკმაოდ დიდია. ავტომობილი და მისი ნაწილები არის საკმაოდ ძვირადღირებული. „მერსედესის“ ცენტრის მიერ დათვლილი ზარალი 14 ათას ლარამდე განისაზღვრა, თუმცა ხელშეკრულებით „მერსედესის“ ცენტრის ფასები უგულვებელყოფილია და ამიტომ თანხა გავანახევრეთ და ვითხოვთ 7000 ლარს. 

უშუალოდ სადაზღვევო კომპანიამ კი გააკეთა დამოუკიდებელი შეფასება, ჩვენს გარეშე შეაფასა ზარალი და არ გვაწვდიან მის შესახებ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ გავხდით იძულებულები, რომ თავად მიგვემართა "მერსედესის" ცენტრისთვის, გამოგვეთხოვა ინვოისი და წავსულიყავით სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არაერთხელ მივმართეთ, რომ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მოეწოდებინათ, ვერ მივიღეთ ოფიციალური პასუხი. მენეჯერსაც დავუკავშირდით და საუბრის დროს გვითხრა, რომ მას არ ჰქონდა უფლება აღნიშნული დოკუმენტაცია მოეწოდებინა. ამიტომ უნდა მიგვემართა სასამართლოსთვის და ამ გზით გამოგვეთხოვა ინფორმაცია. სულ ეს იყო მათი პასუხი, წერილიც კი არ გამოგვიგზავნეს“, - დასძინა ელენე ქიშმარიამ.

 „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რამდენად სამართლიანი არგუმენტია, კომპანიის პოზიცია - თითქოსდა დაუდგენილი ადგილმდებარების გამო, ზიანის აუნაზღაურებლობა. საქმისგან დამოუკიდებელი ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მას არ ესმის, რატომ ენიჭება უპირატესი და არსებითი მნიშვნელობა ადგილმდებარეობას. სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლომ უნდა შეამოწმოს შემთხვევის ნამდვილობა და მისი გამომწვევი მიზეზები, რამდენად ჯდება დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურების ფარგლებში. 

„დაზღვევის ხელშეკრულების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული შემთხვევის დროს საჭიროა ამ შემთხვევის სწორი იდენტიფიცირება და სადაზღვევო კომპანია იღებს ამ ხელშეკრულკების საფუძველზე ვალდებულებას, რომ აანაზღაუროს თანხობრივი ზიანი. დაზღვევის არსი და ხელშეკრულების შინაარსი სამართლებრივი თვალსაზრისით სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება, თუმცა არსებობს თავისუფალი ნების პირობებში სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს სადაზღვევო შემთხვევის ანაზრაურებაზე და აღნიშნული უარი დასაბუთებულია კონკრეტული შემთხვევებისა და კონკრეტული გარემოებების დადგომისას. 

განსანხილველ შემთხვევაში ჩანს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სახეზეა, ასევე ნათელია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე პირობა, როდესაც ავტომობილის მიმართ დამდგარი ზიანი უნდა ანაზღაურდეს. 

მტკიცების ტვირთის ფარგლებში საკმარისია იმ სტანდარტის შენარჩუნება, როდესაც შემთხვევა არ არის ავტომობილის მძღოლის მიერ გამოწვეული. ის ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემთხვევა არ მომხდარა მისი დაუდევრობით და ამიტომ სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, ხელშეკრულების საფუძველზე აანაზღაუროს ასეთი შედეგები. 

საკითხი იმისა, თუ სად მოხდა შემთხვევა, შეიძლება აღმოჩნდეს მეორეხარისხოვანი სახელშეკრულებო ურთიერთობებისა და ვალდებულებებისთვის, რადგან ფაქტია, რომ შემთხვევა სახეზეა და უნდა დადასტურდეს ყველა მტკიცებულებით, რომ შემთხვევა გამოწვეულია ავტომობილის მძღოლის პასუხისმგებლობის მიღმა და ამ უპირობო დადასტურების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ავტომობილის მიმართ მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, იმის მიუხედავად შემთხვევა მოხდა კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში, თუ სადავო ერთეულში. ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ენიჭება, რადგან ფაქტია, რომ სადაზღვევო შემთხვევა სახეზეა და მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ იგი არ არის მძღოლის ისეთი ქმედებით ან დაუდევრობით, რომელიც ასეთი ზიანის გამოწვევა შეეძლო. 

საერთოდ არ მესმის რატომ ენიჭება უპირატესი და არსებითი მნიშვნელობა ადგილს. სამართლებრივი თვალსაზრისით. ახლა სასამართლომაც უნდა შეამოწმოს შემთხვევის ნამდვილობა და მისი გამომწვევი მიზეზები, თუ რამდენად ჯდება დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურების ფარგლებში“, - განუცხადა „რეზონანსს“ არჩილ კაიკაციშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×