მეორდება 1998 წლის სცენარი, როდესაც რუსეთის ეკონომიკის დეფოლტის შემდეგ, საქართველოში ტონობით რუბლი შემოვიდა და აქედან დოლარები გაიტანეს
გვანცა წულაია
07.03.2022

მკვეთრად გამყარებული ლარი საგრძნობლად უფასურდება. ომის დაწყების შემდეგ, ქართული ვალუტას პოზიციებს არანორმალური სისწრაფით კარგავს. ეს ქვეყნიდან დოლარის მასის ერთბაშად გადინებას უკავშირდება, რასაც ხელოვნური მიზეზი აქვს. „რეზონანსის“ ინფორმაციით, რუსეთიდან შემოსული ე.წ. ტურისტების უმეტესობა, საქართველოში თავიანთი ვალუტით (რუბლით, ნაღდი ფულით) შემოდიან, სავალუტო ჯიხურებში ჯერ ლარზე ახურდავებენ, შემდეგ ევროსა და დოლარს ყიდულობენ და შემდეგ თავიანთ, ოკუპანტ ქვეყანაში აგზავნიან. სწორედ ამიტომ, საგრძნობლად გაიზარდა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა, რამაც ქართული ფული მკვეთრად გააუფასურა. 

გარდა ამისა. მას შემდეგ რაც საქართველოში მოქმედი „ვითიბი ბანკი“ სანქციებში მოჰყვა, რუსეთის მოქალაქეები ანგარიშებს სხვა ბანკში ხსნიან, სადაც აქ შეძენილი უცხოური ვალუტა შეაქვთ და ბანკის ბარათებს გზავნიან რუსეთში. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს პროცესი რამდენიმე თვე მაინც გაგრძელდება, რაც საბოლოოდ დაანგრევს ძლივს გამოცოცხლებულ ქართულ ეკონომიკას, ლარს კი უფრო მეტადაც გააუფასურებს და სავალუტო რეზერვებს ამოწურავს. 

დედაქალაქში ჯერ არ იგრძნობა, მაგრამ რეგიონებში არსებულ სავალუტო ჯიხურებში ამერიკული დოლარის დეფიციტია. მაგალითად, „რეზონანსს“ ბათუმიდან აცნობეს, რომ სავალუტო ჯიხურებთან რუსეთის მოქალაქეები სიჭარბეა, რომლებიც რუბლს ახურდავებენ. 

საქართვეელოს მთავრობაში კი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ლარის კურსზე გავლენას ემოციური ფაქტორი ახდენს და გაუფასურების რაიმე ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

„სიმშვიდე და პრაგმატულობა ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით, სწორი ნაბიჯების გადადგმა ერთადერთია, რომ ჩვენ ვალუტის კურსი შევინარჩუნოთ. დღეს, ლარის გაუფასურების ობიექტური ფაქტორები არ არსებობს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია.

დარწმუნებული ვარ კოორდინირებულად, მათ შორის მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერით (რადგან ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები, ან მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს), მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულ ნახავს. ეს მერყეობა დასტაბილურდება და ლარის კურსი მშვიდ რეჟიმში იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. 

როგორც ცნობილია, საქართველოში რუსეთიდან უკანასკნელ პერიოდში 20-25 ათასი მოქალაქე ჩამოვიდა. მათი უმეტესობა კი საკუთარ ფულს ევროში და დოლარში ცვლის. საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ მეზობელ  ქვეყანაში შექმნილი რიგი პრობლემების გამო, ბუნებრივია, რომ რუსეთის მოქალაქეებს ექნებათ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა, რაც გავლენას ნამდვილად ახდენს ლარის გაუფასურებაზე. 

„ძალიან მგრძნობიარე ვართ საგარეო ფაქტორების მიმართ. ლარის სიმყარეს, ძირითადად, განაპირობებს უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში. როგორც კი გაჩნდა პრობლემები რუსეთთან მიმართებით, ადამიანებმა იგრძნეს საფრთხე და ახლა არის აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომ დღესვე შეიძინონ უცროური ვალუტა, რათა შემდეგ თავიანთი ვალდებულებების, რომლებიც ძირითადად უცხოურ ვალუტაშია,  გასასტუმრებლად პრობლემები არ შეექმნათ. 

ლარის მიმართ ნდობა არ არის მაღალი და როცა ასე ხდება ფსიქოლოგიური ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ეს სიტუაცია დასტაბილურდება და ლარი ისევ დაიწყებს გამყარებას, თუმცა ჯერ სამწუხაროდ ასეთი სიტუაცია გვაქვს. 

რუბლების დახურდავება მოსალოდნელია, მაგრამ არ ვიცი რამდენი რუსი შემოვიდა საქართველოში. ბუნებრივია, რომ მათ მოთხოვნა ექნებათ უცხოურ ვალუტაზე, რადგან რუსეთში დოლარზე წვდომა შეზრუდულია და თავისთავად ცხადია, რომ მათ ნაღდ ფულზე ექნებათ მოთხოვნა. ეს გარეკვეულ გავლენას მოახდენს კიდეც ლარის კურსზე. საქართველოს მონეტარულმა ხელისუფლებამ ამაზე უნდა იზრუნოს“, - განუცხადა „რეზონანსს“თუთბერიძემ. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს და ოკუპანტ ქვეყანაში არსებულ ბიზნესსაც კი უქმნის პრობლემებს. პუტინმა მათ ახალ ეკონომიკური სანქციები დაუწესა. რუსეთიდან 10 000 დოლარზე მეტის გატანა აიკრძალა. რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ თანხა გააგზავნონ უცხოურ ბანკებში მათ საკუთარ ანგარიშებზე. ასევე თუკი თანხის გადარიცხვას ემსახურებიან უცხოური კომპანიები, რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ თანხა ანგარიშის გახსნის გარეშე გადარიცხონ. ამასთან, რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ უცხოურ ბანკში საკუთარ ანგარიშზე ვალუტა დეპოზიტზე განათავსონ. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტის შეძენისას 30%-იანი საკომისიო შემოიღო. 

სწორედ ამიტომ, ჩნდება ეჭვი, რომ საქართველში ჩამოსული რუსი მოქალაქეები ქვეყანაში ნაღდი ფულით შემოდიან და აქ ყიდულობენ უცხოურ ვალუტას, თუმცა ამ ქმედებით საქართველოს და ქართული ფული ზარალდება.  საბანკო სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი ლია ელიავა აცხადებს, რომ გადინების და ვალუტის უკმარისობის პროცესს ლარის გაცვლითი კურსის ვარდნაზე აშკარად აქვს გავლენა, რაც ჯერჯერობით, გაგრძელდება.

„გაცვლითი კურსი დამოკიდებულია უცხოური ვალუტის რაოდენობაზე ქვეყანაში. მსოფლიოში მიდინარე პროცესები გავლენას ახდენენ საქართველოში ვალუტის შემოდინებაზე. ჩვენი მოქალაქეების ფულადი გადარიცხვები უკრაინიდან და რუსეთიდან ფაქტობრივად გაჩერებულია. რუსეთმა საერთოდ აკრძალა ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გატანა. გარდა ამისა, ჩვენი ექსპორტიორები, რომლებსაც ქართული პროდუქცია გააქვთ უკრაინაში და რუსეთში, ისინი უკან ვერ იღებენ უცხოურ ვალუტას. პერსპექტივა იმისა, რომ ისინი შეძლებენ თავიანთი პროდუქციის გატანას, რუსეთში და უკრაინაში, ჯერჯერობით, არის ძალიან ბუნდოვანი. 

ვინაიდან ლარის კურსი არის მკვეთრად დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ვალუტა გადის და შემოდის ქვეყანაში, ამიტომაც ჩვენ ვხედავთ დევალვაციის პროცესს, რომელიც არის შეუქცევადი იმის გათვალისწინებით, თუ რაოდენოდ მძიმედ და ხანგრძლივად განვითარდება საომარი მოქმედებები. 

სიტუაციას კიდევ აღრმავებს რიგი პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც გადადგა საქართველომ, კერძოდ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება. ეს რუსეთისთვის, როგორც ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისთვის, იმას ნიშნავს, რომ თქვენ გინდათ ევროპა და იქ ივაჭრეთ. არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ აკრძალოს რუსეთმა ჩვენი პროდუქციის შეატანა მის ქვეყანაში. 

ჯერჯერობით, ვარდნა გაგრძელდება. სანამ მსოფლიოში სიტუაცია არ დასტაბილურდება, არ გაირკვევა, შევძლებთ თუ არა ვაჭრობას რუსეთთან და უკრაინასთან და ასევე, ნებას დართავენ თუ არა იქ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ფულადი გზავნილები განახორციელონ საქართველოში, მანამ ეკონომიკა გააგრძელებს ნგრევის პროცესს, რადგან ლარის გაუფასურება ეს არის ფასების ზრდა, რაც აისახება ღარიბ და საშუალო ფენაზე, მდიდარი მოსახლეობა ამას ვერც იგრძნობს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია ელიავამ და დასძინა, რომ სებ-მა სავალუტო ინტერვენციები აუცილებლად უნდა გაიღოს. 

დღეს ლარი მკვეთრად გაუფასურებულია. ქართულმა ფულმა პოზიციები იმდენად დაკარგა, რომ 2021 წლის აპრილის ნიშნულს უახლოვდება. მაშინ ლარი ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 3.47-ზე იყო. დღევანდელ და შარშანდელ ნიშნულებს შორის განსხვავება მხოლოდ 5-7 თეთრია. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ მალე შესაძლოა, მორიგი ანტირეკორდი ვიხილოთ. 

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ რთულია იმაზე საუბარი, თუ რამდენად გაუფასურდება ლარი, თუმცა ყველაზე ცუდი სცენარით შესაძლოა, 3.40-მდეც გაიზარდოს. 

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ საგარეო ფაქტორები არ არის. არსებულმა მდგომარეობამ, მათ შორის პირველადმა რყევამ, რაც დაკავშირებული იყო შოკურ მდგომარეობასთან, გამოიწვია მომხმარებლების მხრიდან უფრო მეტი ვალუტის შეძენა. დღეის მდგომარეობით, ჩვენს უმსხვილეს პატრნიორებს ან გაუფასურება აქვთ, ან პრაქტიკულად ისეთი პრობლემების წინაშე არიან, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რა მიმართულებით წავა, თუნდაც ექსპორტ-იმპორტის ნაწილი, ანდა ფულადი გზავნილების მიმართულება, ამიტომ დღეს იმაზე საუბარი, თუ რამდენად გრძელვადიანად გაუფასურდება ლარი, ცოტა ნაადრევია. ჯერჯერობით ეს მოკლევადიან შოკს ჰგავს, მაგრამ რამდენად განგრძობითი იქნება, უფრო სიღრმისეული ანალიზი სჭირდება.

მუდმივად მიმდინარეობს საუბარი რამდენიმე სცენარზე და ყველაზე უარესის დადგომის შემთხვევაში, წლის განმავლობაში 3.40-იან ნიშნულს ვარაუდობენ და წავა თუ არა სიტუაცია ამ მიმართულებით, დღეს საუბარი რთულია. 

რუს ვიზიტორზე საერთოდ არ მაქვს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, იქნება ინტერესი და აქტივობა საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან. რაც შეეხება კონკრეტულად რუბლის შემოტანას და კონვერტანციას, დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის შემოტანას და დოლარის შესყიდვა, ეს მარტივი არ არის. 

არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში ბევრი საფინანსო ორგანიზაცია არსებობდეს, რომელიც ნაღდ სახით რუბლს მიიღებს, რადაგნ ცოტა გაურკვეველია რა უნდა უყოს მომავალში ამხელა ფულის მასას. თანაც რუბლი ძალიან მერყევია და არა მხოლოდ რუსული ფული, არამედ რეგიონის ვალუტებიც საკმაოდ შეირყა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ძნელაძემ. 

რუსებისგან მომდინარე პრობლემის საფრთხეს პირდაპირ ადასტურებს აკადემიკოსი ლადო პაპავა, რომელიც დაუფარავად ამბობს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების მიერ ბანკებიდან თანხის გატანა უკვე აისახა ლარის კურსზე და ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა გარკვეული სავალუტო ოპერაციები შეიზღუდოს. იგი დევალვაციას რუსეთის მოქალაქეების მასობრივად ჩამოსვლას უკავშირებს.

„რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ბანკომატებიდან თანხებს ცლიან, ბანკებიდან გააქვთ ფული - ეს უკვე აისახა ლარის კურსზე. ლარი უფასურდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი არაპროგნოზირებადი გაზრდილი მოთხოვნაა, რომელიც საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ხდება. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა შეიზღუდოს ასეთი სავალუტო ოპერაციები. ეს აუცილებელია. 

ეს ისტორია საქართველოს ერთხელ უკვე გადახდა თავს, 1998 წელს, როდესაც რუსეთში დეფოლტი მოხდა და ამ დეფოლტის შედეგად გაუფასურებული რუბლი გაედინებოდა რუსეთიდან და რადგანაც საქართველოს საზღვარი ნაკლებად კონტროლდებოდა, კონტრაბანდის საკმაოდ დიდი შემოდინება იყო. ჩამოჰქონდათ ტონობით რუსული ვალუტა. სწორედ მაშინ დაიწყო ლარის გაუფასურება, რადგან გაუფასურებული რუსული ფულით ცდილობდნენ დოლარების შესყიდვას და დოლარი გაედინებოდა", - განაცხადა პაპავამ.

სპეციალისტებთან ერთად, ეროვნული ბანკის როლზე საუბრობენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც და აცხადებენ, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და უნდა იმოქმედოს გონივრულად და მართებულად.

„ცხადია, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გაცვლითი კურსის ვარდნა, დაწესებული სანქციები, ექსპორტის სავარაუდო შემცირება თუ სხვა, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს ლარისთვის. თუმცა, არსებულის ფონზე, ასევე ადგილი აქვს ე.წ. ნეგატიურ მოლოდინს, რომელიც, კიდევ მეტად აძლიერებენ დღეს არსებულ შოკებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბაზრის მონაწილეთა დამშვიდება, რაც არსებულ ვითარებაში შიდა სავალუტო ბაზარზე მხოლოდ უცხოური ვალუტის საკმარისი ოდენობის დროული მიწოდებით შეიძლება განხორციელდეს.

აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს გონივრულად და მართებულად და აქტიურად ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე: ქვეყნის ცენტრალური ბანკი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მაქსიმალურად აგვარიდოს თავიდან ლარის გაუფასურება, რაც ისედაც ესოდენ რთულ ვითარებაში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მომხმარებლებს, კომპანიებსა და მთლიანობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, - აღნიშნულია ბიზნეს ასოციაციას გავრცელებულ ინფორმაციაში.

"თიბისი კაპიტალში" კი მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურებამ, სავარაუდოდ, უკვე პიკს მიაღწია და კიდევ უფრო მეტი ვარდნა ალბათ, მოსალოდნელი აღარ იქნება. შეიძლება კურსი გამყარების მიმართულებითაც დაიწყოს სვლა. 

"წინა კვირაში ლარი დოლართან, ნეგატიური მოლოდინების გამო, მნიშვნელოვნად გაუფასურდა. არაა გამორიცხული, რომ გაუფასურებამ უკვე პიკს მიაღწია. შესაბამისად, არსებული მაკროეკონომიკური სცენარის გათვალიწინებით, ლარის კიდევ უფრო მეტი გაუფასურება ნაკლებად სავარაუდოა. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ მისი არსებული დონე უკვე ზედმეტად გაუფასურებულად შეფასდეს და ეროვნული ბანკის მხრიდან სავალუტო ინტერვენციებს, ლარში საპროცენტო განაკვეთების აწევას, საჯარო კომუნიკაციასა და ლარის კურსის მხარდამჭერი სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას ჰქონდეს ადგილი. მომავალში ამ არგუმენტების გათვალისწინებით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი", - აღნიშნავენ "თიბისი კაპიტალში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×