სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რომელ პროექტებს გულისხმობდა ივანიშვილი, როცა საქართველოში ახალი გაზსადენის მშენებლობაზე საუბრობდა?
    მაკა ხარაზიშვილი
    04.07.2013

    შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში ეფზ-ის (ტრანსადრიატიკული გაზსადენი) მშენებლობა უკვე გადაწყვეტილია. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მეორე ფაზის ამოქმედების შედეგად, საქართველო მიიღებს 3-ჯერ მეტი მოცულობის დაბალფასიან გაზს. საინტერესოა, რა პროექტებზეა საუბარი და როგორია მათი პერსპექტივა, რას უნდა ელოდოს ქვეყანა და მისი მოსახლეობა.

    გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახალი გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ივანიშვილმა განმარტა, რომ ამ თემაზე აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (სოკარი) და ბრიტანული "ბიპის" წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან მშენებლობის დეტალები განიხილა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს 3-ჯერ მეტი მოცულობის იაფი გაზი ექნება.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, "სამხრეთ კავკასიის გაზსადენის" გაფართოების მიზნით, პროექტის "შაჰ დენიზის" კონსორციუმმა გადაწყვეტილება მიიღო პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში ახალი გაზსადენი ააშენოს. ამ ეტაპზე მუშაობა მიდის ნებართვის აღებასა და სხვა ტექნიკურ დეტალებზე.

    აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო "აპას" ინფორმაციით, 386 კილომეტრი სიგრძის ახალი მილსადენის მშენებლობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, გაჯიგაბულიდან დაიწყება და საქართველოს საზღვრამდე გაგრძელდება. უშუალოდ ჩვენს ტერიტორიაზე ამ პროექტის ფარგლებში ახალი მილსადენის მშენებლობა არ იგეგმება. არსებული "შაჰ-დენიზის" მილსადენის სიმძლავრეები კი მკვეთრად გაიზრდება, რისთვისსაც ახალი საკომპრესორო სადგური აიგება. ამ დროისთვის, "შაჰ-დენიზის" გაზსადენი ნახევრად ცარიელია.

    რამდენიმე თვის წინ კი ეფტფზ-ის (ტრანსანატოლიური გაზსადენი) მშენებლობა გადაწყდა. უფრო კონკრეტულად, ეფტფზ-ი იქნება "სამხრეთ კავკასიის გაზსადენის" გაგრძელება ერზრუმიდან საბერძნეთის საზღვრამდე, ხოლო ეფზ-ი არის მეორე პროექტი, რომელიც ამ მილსადენს საბერძნეთის საზღვრიდან იტალიამდე ააშენებს. შესაბამისად, ამ მარშრუტით აზერბაიჯანული გაზი საქართველოს გავლით ევროპაში შევა. აქედან კი ქვეყნის სარგებელი არის ის, რომ "შაჰ-დენიზის" მილსადენის მოცულობა გაიზრდება და, შესაბამისად, ქვეყანა კონტრაქტით გათვალისწინებულ უფრო მეტ იაფ გაზს მიიღებს.

    "ქვეყნის სარგებელი იქნება გაზის იმ მოცულობის პროპორციული, რომელიც გაზსადენში გაივლის", - ამბობს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კომერციული დირექტორის მოადგილე დავით ონიანი.

    წინასამშენებლო სამუშაოები აზერბაიჯანში 2014 წლის ზაფხულიდან დაიწყება, ხოლო ძირითადი სამუშაოები 2015 წლის დასაწყისიდან განხორციელდება. მილსადენის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და მისი გაშვება ექსპლოატაციაში 2018 წლიდან ივარაუდება. ზუსტად ამ დროისთვის უნდა ამოქმედდეს "შაჰ-დენიზის" მეორე საბადოც.

    პრემიერის ეკონომიკური მრჩეველის, გია ხუხაშვილის განმარტებით, შაჰ-დენინიზის მეორე ფაზის ფარგლებში ახალი გაზსადენის მშენებლობა ნიშნავს იმას, რომ გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობა გაიზრდება და საქართველო ამ თვალსაზრისით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს.

    "საქართველო ახალი გაზსადენისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის გატარებით ირგუნებს უფრო მეტ დაბალფასიან და უფასო გაზს (ტრანზიტის საფასურიდან). ბუნებრივია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით", - ამბობს ხუხაშვილი.

    ექსპერტთა განცხადებით, კავკასიის დერეფანი ყველაზე ხელსაყრელი გზაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი აირის ბაზრამდე მისვლას უზრუნველყოფს. შესაბამისად, საქართველოზე რაც უფრო მეტი გაზსადენი თუ ნავთობსადენი გაივლის, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია მით უფრო მაღალი იქნება. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ევროპის განხილვის საგანი გახდა, რათა რუსეთის ბომბდამშენებს ნავთობსადენიც არ დაებომბათ.

    საქართველოში დღეისათვის ფუნქციობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიოში (1760 კმ) და შეუძლია ყოველდღიურად 1 მილიონი ბარელი ნავთობის გატარება. ეს არის ნავთობსადენი, რომელსაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ფუნქცია გააჩნია.

    ასევე მუშაობს ბაქო-სუფსის მილსადენი და მაგისტრალური გაზსადენი, რომლის გაყიდვის საკითხი ხშირად უცხოური მედიასაშუალებების გარჩევის საგანი გამხდარა. ნავთობის ტრანსპორტირება ხდება რკინიგზით ფოთის, ბათუმისა და ყულევის პორტების გამოყენებით.

    "კავკასიის დერეფანია ყველაზე ხელსაყრელი გზა, რომელიც სხვადასხვა წარმოშობის გაზის ბაზრამდე მისვლას უზრუნველყოფს. ევროპას უსაფრთხო მარშრუტები სჭირდება, სადაც არაერთი, არამედ რამდენიმე გაზსადენი გაივლის", - ამბობს ექსპერტი გიორგი ვაშაყმაძე.

    მისი თქმით, ევროპისთვის საქართველო ყველაზე ხელსაყრელი დერეფანია. ყველა დაწყებული პროექტი რამდენიმე წელიწადში რეალობა გახდება, შესაბამისად, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების ბერკეტები კიდევ უფრო გაიზრდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×