გიორგი ჯიბლაძე: „მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მაღალმთიან დასახლებეში მცხოვრებ ადამიანებს“
თამარ ვეფხვაძე
10.07.2023

მაღალმთიან დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით პროგრამა წარმატებით ამოქმედდა. მისი მიზანია ეკონომიკურ საქმიანობაში მეტი ადამიანის ჩართვა და  დასაქმების ზრდა, რაც საბოლოოდ რეგიონების განვითარების წინაპირობაა. მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ახალ პროგრამას „სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს. 

პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამამუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნეს იდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი ჯიბლაძის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. აღსანიშნავია, რომ პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს.

,,ახალი პროგრამა საშუალებას მისცემს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, საკუთარ საცხოვრებელ ადგილას წამოიწყონ საქმიანობა, მიიღონ შემოსავალი და შექმნან სამუშაო ადგილები. „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაში განაცხადების მიღებას 27 ივნისს დაიწყო. მაქსიმალურად ვცდილობთ, თანადაფინანსების გზით გავააქტიუროთ მაღალმთიანი დასახლებები და ხელი შევუწყოთ იქ მცხოვრებლებს, რათა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის გზით მიიღონ  შემოსავალი.

სწორედ ამისთვის შემუშავდა თანადაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალგაზრდებს და სასოფლო-სამეურნეო  სტატუსის მქონე კოოპერატივებს. წლევანდელი ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. განაცხადები ამ ეტაპზე აღარ მიიღება,  თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წელს განაცხადების მიღება არ განახლდება.  მას შემდეგ, რაც დადგინდება მიღებული განაცხადების შესაბამისობა პროგრამის პირობებთან  და ყველა, ვინც კრიტერიუმს დააკმაყოფილებს ხელშეკრულება გაუფორმდება.  დაინტერესებულ პირებს ვინც ამ ეტაპზე ვერ შეძლო განაცხადის გაკეთება, ასევე იმ პირებს, ვინც განაცხადი შემოიტანა, მაგრამ პროგრამის პირობებს არ აკმაყოფილებს, შანსი ექნებათ, რომ ახალი განაცხადი თავიდან შემოიტანონ", - აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ.

 რაც შეეხება ბენეფიციარებისთვის დამატებით ბენეფიტებს, განსაკუთრებული პირობები  გავრცელდება ახალგაზრდებზე, კერძოდ, 35 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის თანადაფინანსება 50%-ის ნაცვლად, 60% იქნება, 40 წლამდე ქალბატონებიც ამავე მოცულობის თანადაფინანსებას მიიღებენ .

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალი პროგრამის მიზნობრიობა დივერსიფიცირებულია.

,,პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ინდივიდუალური მეწარმე და რეგისტრირებული იურიდიული პირი. რაც ასევე მნიშვნელოვანია, პროექტის განხორციელებისთვის უნდა იყოს ფიქსირებული ლოკაცია და აუცილებლად მდებარეობდეს მაღალმთიან რეგიონში, რაც საქართველოს კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

პროექტი მოიცავს არა მხოლოდ აგრარულ მიმართულებას, ასევე ტურიზმის სფეროს. მიზნობრიობა საკმაოდ დივერსიფიცირებულია. ამასთან, შეზღუდვებია ჩამონათვალში, რისი დაფინანსებაც არ შეიძლება. ეს შესაძლოა, იყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო მიმართულება, მაგრამ გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურული მიმართულების დაფინანსება დასაშვებია. სასტუმროები და გესთჰაუსები გათვალისწინებული იქნება. მაღალმთიან რეგიონებს დიდი  ტურისტული პოტენციალი გააჩნიათ და მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. 

მნიშვნელოვანია, ამ პოტენციალის გამოყენების პროცესში თვითონ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეკონომიკურად გააქტიურდეს და მიიღოს შემოსავალი, რის პოტენციალიც რეალურად არსებობს", - აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ.

მისი ინფორმაციით, ერთკვირიან პერიოდში 70-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა, რაც მოწმობს, რომ პროექტმა მოქალაქეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

,,აქტივობა საკმაოდ მაღალია, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტაცია სწორად იქნას წარმოდგენილი, ხარვეზის გარეშე, რომ დაფინანსების მიღება შეძლონ. ყურადღებით შეივსოს ბიზნესმოდელი, რომლის ფარგლებშიც ქულები მიენიჭება ამა თუ იმ განაცხადს. გამსვლელი 70 ქულაა. ბენეფიციართან ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ მაშინ, თუკი დოკუმენტაცია და მინიჭებული ქულა შესაბამისობაშია.

ამდენად, მაღალმთიანი რეგიონის პოტენციალის გამოყენება არის ის შესაძლებლობა, რომელიც იქ მცხოვრებმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ, მათ შორის ახალგაზრდობამ. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსით, მაგრამ ვითვალისწინებთ, რომ ხალხს არ აქვს  ფინანსური შესაძლებლობა, ამიტომ  ხდება თანადაფინანსება. 

აქტიურად შემოდის განაცხადები და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს გაცილებით მეტი სტარტაპი გვექნება მთიან დასახლებებში: რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, მცხეთა-თიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში, იქ, საიდანაც განაცხადების დიდი ნაწილი მივიღეთ", - დასძინა გიორგი ჯიბლაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×