"სწორედ ამიტომ საქართველოსთვის პრეტენზიების წაყენება და ჩვენსკენ თითის გამოშვერა უნდა დასრულდეს"
გვანცა წულაია
10.07.2023

ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობა გასაოცარ რიცხვებში არის წარმოდგენილი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს მისამართით არაერთი ბრალდება ისმის. მიუხედავად არაერთხელ დამტკიცებული ფაქტებისა, რომ საქართველოში არნაირი „შავი ხვრელების“ არ არსებობს,  ქართულ ოპოზიციასთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჯიუტად „ამტკიცებენ“, რომ აქ სანქციების გვერდის ავლა ხდება და თანაც ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამ დროს კი, 2023 წლის 6 თვეში ევროკავშირსა და რუსეთს შორის მარტო წიაღისეული საწვავით ვაჭრობამ 18 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

ჩინეთის შემდეგ, რუსული წიაღისეულ საწვავს ევროკავშირი გამალებით ყიდულობს. 2023 წლის 16 ივნისისთვის ჩინეთის მიერ რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტის მაჩვენებელმა 30 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩინეთის მიერ იმპორტირებული საწვავის 80%-ს ნედლი ნავთობი შეადგენს, რუსეთის საშუალო დღიურმა შემოსავალმა ჩინეთში წიაღისეული საწვავის იმპორტიდან 210 მილიონი დოლარიდან (2022 წელი) 178 მილიონ დოლარამდე (2023 წელი) შემცირდა, რაც დიდწილად რუსული ნედლი ნავთობის ფასის კლებით არის გამოწვეული.

ჩინეთის შემდეგ რუსული წიაღისეული საწვავის ყველაზე მსხვილ იმპორტიორს ევროკავშირი წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი აიკრძალა, ევროკავშირის ქვეყნებმა 18,4 მილიარდი დოლარის წიაღისეული საწვავის იმპორტი განახორციელეს, სადაც 60%-ს ნედლი ნავთობი, 40%-ს კი ბუნებრივი აირი წარმოადგენდა.

ჩინეთისა და ევროკავშირის შემდეგ ინდოეთი მოდის, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მერე წიაღისეული საწვავის იმპორტი თითქმის 10-ჯერ გაზარდა.

ამ დროს კი განსხვავებული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოს და მისი ლიდერების მიმართ არსებობს. მეგობრობა, რომელიც ბოლო პერიოდში ცალმხრივ ფორმას იღებს და სულ უფრო მეტად უფერულდება.

ასეთი მოცემულობისა და უსამართლო დამოკიდებულების შემდეგ, ეკონომისტები ამბობენ, რომ ომმა ორმაგი სტრანდარტი წარმოშვა და საქართველოსადმი ინტერესი სრულიად სხვაგვარია.

ეკონომიის დოქტორის სოსო არჩვაძისთვის გასაკვირია, რატომ უნდა გახდეს განსჯის და მით უფრო გაკიცხვის საგანი ევროკავშირის მხრიდან ენერგორესურსების იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, როდესაც ეს გაერთიანება გაცილებით მასშტაბური ვაჭრობითაა დაკავებული?

„ტერმინი „დაბალი ღობე“ არა მხოლოდ ლიტერატურული კატეგორიაა, არამედ უკვე გეოპოლიტიკაშიც გამოიყენება. ძველი ლათინური გამოონათქვამია, რომ ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს.

რუსეთიდან ევროპა და ამერიკა არა მხოლოდ საწვავით მარაგდება, არამედ მინერალური სასუქებით და სხვა რიგი პროდუქტებით. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, თუ ამ საუკუნის დასაწყისში რუსეთის წილი იყო 30%, ახლა არის დაახლოებით 13%. შარშანდელთან შედარებით კი იმპორტის მოცულობა სულ რაღაც 2 პუნქტით არის გაზრდილი. ჩვენ რუსეთის ეკონომიკაზე ისე არ ვართ დამოკიდებულნი, რომ რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობის სტიგმა ჰქონდეს საქართველოს დადებული.

ყველა ქვეყანა - ამერიკა, ჩინეთი, ევროპაც და სხვებიც, მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესებით. სხვათა შორის, ჩინეთში ყოველ 99 საათში ახდენს იმაზე მეტი ნავთობის იმპორტს რუსეთიდან, ვიდრე საქართველო მთელი წლის განმავლობაში. ინდოეთმა კი საერთოდ 10-ჯერ გაზარდა ნავთობის იმპორტი. ჩვენ ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ და გავითვალისწინოთ“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ ომის შემდეგ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური და პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა შეფასდეს გაწონასწორებულად, რაციონალურად და ფრთხილად. 

რამდენიმე ხნის წინ საქართველოში ჩამოსული ამერიკელი და ბრიტანელი პარტნიორების მხრიდან ითქვა, რომ ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, რათა ქვეყანა სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენონ. მათმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში არანაირი „შავი ხვრელები” არ არსებობს. ქვეყანა არასოდეს ყოფილა სანქციების გვერდის ავლის ადგილი და არც მომავალში გახდება, ამიტომ ამგვარი ბრალდებების წარგდება უნდა შეწყდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის მხრიდან, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ევროპარლამენტარებისა და უკრაინელი რიგი დეპუტატებისგან.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის პრეტენზიების წაყენება და ჩვენსკენ თითის გამოშვერა უნდა დასრულდეს.

„სანქციები დაწესებულია და მუშაობს, მაგრამ ყველა ქვეყანა გარკვეულწილად მაინც ინარჩუნებს რუსეთთან სავაჭრო ურიერთობას, თავიანთი ეკონომიკის მხარდასაჭერად. ამ დროს კი, ევროპარლამენტარების გარკვეული და ჩვენი ოპოზიცია ხელისუფლებას პრეტენზიებს უყენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა არის რუსეთზე მიბმული და მათთან ვაჭრობა არის გაზრდილი.

რუსეთსა და ევროკავშორის ვაჭრობა დღემდე არის საკმოდ მაღალი და მზარდი. ევროკავშირი არის ნომერ მეორე პარტნიორი საგარეო სავაჭრო ერთიერთობებში რუსეთისთვის. ევროკავშირს რუსეთთან იმაზე დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ვიდრე ბრაზილიას ან ინდოეთს. ეს ტენდენცია კი არ მცირდება. 18 მილიარდზეა საუბარი და როგორ გგქონით, ეს არ აფინანსებს ომს? რუსეთის ბიუჯეტში ხომ შედის ფული და მათ აქვთ საკმაოდ დიდი სამხედრო კომპლექსი, რომელიც უშვებს ტყვია-წამალსაც, ტანკებსაც და თვითმფრინავებსაც. ასე რომ, პირდაპირ თუ ირიბად, ევროკავშირის ვაჭრობა აფინანსებს ომს და აძლიერებს რუსეთის ბიუჯეტს.

სტატისტიკა გვიჩვენებს რუსეთის საგარეო ვაჭრობაში რა წილი აქვს საქართველოს, ევროკავშირს, ამერიკას და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ნატოს წევრები არიან, ამიტომ ორმაგი სტანდარტისგან შორს უნდა გავიდეთ. ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოსთვის პრეტენზიების წაყენება და თითის გამოშვერა.

საქართველოს გავლით რუსეთში არ შედის არც ერთი ისეთი პროდუქცია, რომელიც პირდაპირ შეიძლება მონაწილეობდეს სამხედრო კომპლექსის დაფინანსებაში, ანუ ის 38 დასახელების ძირითადი საქონელი, რაც ნახსენები და აკრძალულია. დანარჩენი, რუსეთში თუ ღვინოს და მინერალურ წყლებს გავიტანთ, ეს არ ნიშნავს არაფერს, რადგან ამის პარალელურად, რუსეთთან ყველა ქვეყანას გაზრდილი აქვს სავაჭრო ბრუნვა, იგივე სასურთასო პროდუქციაზე. მათ შორის ბალტიის ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენლებსაც რატომღაც ყველაზე უფრო დიდი პრეტენზია აქვთ და გონორით გვესაუბრებიან“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ საქართველოს მიმართ ბრალდებები არის თითიდან გამოწოვილი თემა და სპეკულაცია, რომლსაც იყენებენ ხელისუფლებაზე წნეხისთივს.

კიდევ ერთი ეკონომისტის ოთარ ანგურიძის შეფასებით, როცა ევროპის ქვეყნებს სჭირდებათ რუსულ რესურსებსაც იძენენ და უკრაინასაც აწვდიან შეიარაღებას, რაც ომის უსასრულოდ გაგრძელების ხელშეწყობას ნიშნავს.

„რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ პერიოდულად ვხედავთ სანქციების სერიებს რუსეთის წინააღმდეგ. ერთი შეხედვით თითქოს ყველა სფეროს ეხება ეს სანქციები. მეორე მხრივ პერიოდულად ვხედავთ ოფიციალურ სტატისტიკას, სადაც ვნახულობთ, რომ აკრძალვები რჩება ფურცელზე და კარგად შელამაზებულ პიარ-პროდუქტად. სინამდვილეში კი ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან ბელგია, ნიდერლანდები, უნგრეთი, ესპანეთი, იტალია, ბულგარეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვები რჩებიან რუსული ბუნებრივი რესურსები ძალიან მსხვილ შემსყიდველებად. მეტიც, უკვე ბოლო ერთი წელია ანგარიშსწორებას ახორციელებენ რუსულ რუბლებში. როცა სჭირდებათ რუსულ რესურსებსაც იყიდიან და უკრაინასაც მიაწვდიან შეიარაღებას. ეს კი ნიშნავს ომის უსასრულოდ გაგრძელების ხელშეწყობას.

იმათზე აღარაფერს ვამბობ საკუთარ ქვეყანას რომ მტრობენ საერთაშორისო სივრცეში კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ. ასეთები ყოველთვის მრავლად ჰყავდა ჩვენს ქვეყანას, თუმცა ისტორიამ მხოლოდ განსაკუთრებულად დიდი გამყიდველების სახელები შემოგვინახა“, - დაწერა სოციალურ ქსელში ანგურიძემ.

გუშინ კიდე ერთი საყურადღებო ინფორმაცია გავრცელდა. 2023 წლის ივნისის მონაცემებით, რუსეთი ესპანეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. ივნისში ესპანეთში რუსეთიდან იმპორტირებულმა თხევადმა ბუნებრივმა აირმა 7 673 გიგავატ საათი შეადგინა.

გასულ თვეს კომპანია "ტოტალ ენერჯის" ხელმძღვანელმა, პატრიკ პუიანემ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნები მზად არიან, გააგრძელონ თხევადი ბუნებრივი აირის რუსეთისგან შესყიდვა, აშშ-ის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად. მისი თქმით, გასულ წელს ევროკავშირმა 15 მლნ ტონა თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტირება მოახერხა. პუიანეს თქმით, ვიდრე ბუნებრივი აირის რუსეთისგან შესყიდვაზე უარს იტყვიან, საჭიროა შემცვლელის მოძებნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×