ერთი მხარე ადგილობრივი მარცვლეულის ხარისხს იწუნებს, მეორე კი - ფასს
ქეთო გოგოხია
10.07.2023

ხორბლის წარმოებაში პრობლემა ისევ ვერ გვარდება. მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ და ფქვილის იმპორტის დაბეგვრამ ქართული მარცვლეულის რეალზიაციის საკითხი რეალურად ვერ გადაწყვიტა. მთლიანობაში ისე გამოვიდა, რომ არც მწარმოებლები არიან კმაყოფილები და არც ფერმერები, რომლებიც ღიად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფაქტია, რომ მიღწეული შედეგით ორივე მხარე უკმაყოფილოა. წისქვილკომბინატების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ ქართულ ხორბალს არ ყიდულობენ დაბალი ხარისხის გამო. ეს პოზიცია კი ფერმერებისთვის მიუღებელი, რომლებსაც აღნიშნულთან დაკავშირებით სულ სხვა არგუმენტი აქვთ და ხარისხთან დაკავშირებით ორგანზიაციის მეირ გავრცელებულ ინფორმაციას ემიჯნებიან.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა  დირექტორმა  ლევან სილაგავამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, რომ სასურსათო ხორბალი 65 თეთრად ჩაიბარეს, რუსული ხორბლის შესაბამის ფასად, რაც სრულდება, ხოლო საფურაჟეს ვერ შეისყიდიან, რაც კანონით ეკრძალებათ.

,,გარე პირობები მოქმედებს და იწვევს ხორბლის ხარისხის გაფუჭებას. შედეგად სასურსათო ხორბალი გადადის საფურაჟე დანიშნულებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება არ შეიძლება. ეს არ არის ჩვენი მოხმარების თემა და ხარისხობრივი მაჩვენებლით მას ვერ ჩავიბარებთ. სტანდარტულ და სასურსათოს ჩავიბარებთ, რაც იქნება, თუმცა მეხორბლეებს უნდათ, უფრო სწრაფი ტემპი იყოს, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მთლიანობაში, ხარისხიან ხორბალს მივიღებთ 1 კილოგრამს 65 თეთრად, თუმცა ამ ადამიანებს აქვთ საფურაჟეზე, რაც ჩვენი საქმე არ არის.

გვეცოდება ფერმერები, გვინდა მხარში დავუდგეთ, მაგრამ ხარისხის გამო ვერ ჩავიბარებთ. აქ უფრო სახელმწიფო უნდა ჩაერთოს, ვფიქრობთ, წელს, ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, საქართველოში მოსულ ხორბლის მოსავალს მთლიანად მივიღებთ, ამიტომ, ამ პროგრამას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა ხორბლის წარმოება ორად იყოფა და არსებობს სხვა სეგმენტიც - საფურაჟე ხორბალი, რომელსაც წისქვილების გაერთიანება არ იღებს და ფერმერებს სამინისტროსთან ამ თემაზე მოლაპარაკებები აქვთ“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

როგორც მან აღნიშნა, თავიდან მარცვლეული შესამოწმებლად წისქვილ-კომბინატების ლაბორატორიაში მიაქვთ, მაგრამ თუ კითხვები შემოწმების შემდეგაც რჩება, პროდუქტს უფრო მაღალი ხარისხის ლაბორატორიებში ამოწმებენ, სადაც ადამიანური ჩარევა მინიმალურია.

,,ჩვენთან ფასები იმპორტირებული ხორბლის მესამე კლასთან მიმართებით ფორმირდება. წისქვილკომბინატების სწორება 1 ტონა ხორბალზე 650 ლარით განისაზღვრება. გარკვეული ხარისხობრივი მაჩვენებლები ფასს ცვლის. ხარისხის გასაკონტროლებლად ორი მექანიზმი გვაქვს. ერთ შემთხვევაში წისქვილკომბინატების ლაბორატორია აკეთებს ანალიზს და მეორე შემთხვევაში უფრო მაღალი დონის ლაბორატორიაში მივდივართ, სადაც ადამიანური ფაქტორი შემოწმებაში მინიმალურად ერთვება და სუბიექტურობა გამორიცხულია“, - განაცხადა სილაგავამ.

ხორბლის ხარისხთან დაკავშირებით წისქვილკომბინატების წარმომადგენლების პოზიციას კატეგორიულად ემიჯნება  საქართველოს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე. როგორც მან აღნიშნა, ქართული ხორბლის ხარისხი არ გაუარესებულა და ისეთივეა როგორიც გასულ წლებში, როცა მასზე ჯერ კიდევ მაღალი მოთხოვნა იყო. მიზეზი, თუ რატომ არ იყიდება მოსავალი, ბენიაიძის ინფორმაციით, რუსული ხორბლის იმპორტის გაიაფებას უკავშირდება და ერთადერთი გამოსავალია მოსაკრებელი დაწესდეს.

,,სასურსათო ხორბალზე მეტად საფურაჟეს აქვს პრობლემა და  სასწრაფოდ მისახედია, რადგან საერთოდ არ იყიდება. დაღერღილ მდგომარეობაში იაფად შემოდის პროდუქტი რუსეთიდან, რომელიც მოსაკრებლისგან გათავისუფლებულია. ადგილობრივ მოსავალში რეალურად 43-45 თეთრზე მეტს არ იხდიან. ამ ფასად გაყიდვა კი გაკოტრების ტოლფასია, შესაბამისად, არაფერი გაყიდულა და ამ დროს ახალი მოსავალიც დაგვემატა.

ყველაფერი იქამდე მიგვიყვანს, რომ ხორბალი შეიძლება მომავალ წლებში ვერც დაითესოს. მიწა დაიკარგება და გადავა უცხოელების ხელში, გვაქვს მსგავსი გამოცდილება. ქართველი კაცი ვერ შეძლებს ხორბლის წარმოება, გაკოტრდნენ ფერმერები, მეორე წელია ვიბრძვით, რომ გავყიდოთ მოსავალი და და როდემდე ვიყოთ ამ მდგომარეობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომაა, რომ იმპორტული საფურაჟე მარცვლეული დაიბეგროს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ", - განაცხადა ბენიაიძემ.

იგი ქართული ხორბლის ხარისხთან დაკავშირებით ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება.

,,ხორბლის ხარისხი არ გაუარესებულა, ისეთივეა, როგორიც წინა წლებშუი იყო, როცა წისქვილკომბინატები პირდაპირ კომბაინებიდან იტაცებდნენ. რატომ მაშინ არავინ უყურებდა ხარისხს, რომელიც ახლა გახდა პრობლემა? ქართული ხორბალი ყველანაირი ხარისხისაა. პროცენტულად სასურსათო ცოტაა, ისედაც არ აპირებენ ბევრის მიღებას და განახევრდება წარმოება, ეს ვერავის გავაგებინეთ", - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ  ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მეხორბლეები საპროტესტო აქციის გამართვას 14 ივლისს აპირებენ, მანამდე კი კიდევ ერთხელ ეცდებიან წისქვილკომბინატებთან შეთანხმების მიღწევას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×