"პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ტენდენცია დადებითი უფროა, ვიდრე უარყოფითი”
გვანცა წულაია
11.07.2023

ბოლო წელიწად-ნახევარში მთავრობის მიერ შემუშავებულმა ცვლილებებმა ფარმაცევტული სექტორი ნელ-ნელა დაარეგულირა. თვითნებურად მოქმედების მიყუხედავად, თურქეთის ბაზრის გახსნამ და შემდეგ რეფერენტული ფასების დაწესებამ, მოსახლეობას მედიკამენტები გაუიაფა და ამასთან ერთად, ბაზარზე უფრო მეტი და ჯანსაღი კონკურენცია ჩამოყალიბდა. დღეისთვის, აფთიაქები ახალ რეჯიმში ჩადგნენ და შესაბამისად, აღარც მთავრობისგან ისმის რაიმე სახის მოწოდება ანდა საყვედური.

გასული წლის დასაწყისიდან საქართველოსთვის თურქეთის მედიკამენტების ბაზარი გაიხსნა. ამ გარემოებამ წამლების გაიაფებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და საბოლოო ჯამში, 60-80%-იანი ფასთაცვლილება მივიღეთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეზობელი ქვეყნიდან წამლების შესყიდვამ, ევროპიდან მოწოდებული მედიკამენტებიც გააიაფა. ეს თურქეთის ბაზრის ერთ-ერთი დადებითი `გვერდითი” მოვლენა აღმოჩნდა, რაც ნამდვილად მისასამლებელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას ისიც, რომ ევროპიდან შემოტანილი ზოგიერთი მედიკამენტი მაინც ძვირია, თურქეთიდან იმპოტირებულთან შედარებით.

ერთი შეხედვით, ქვეყანაში კარგი მოცემულობა შეიქმნა, მაგრამ რაღაც დროის გასვლის შემდეგ, თურქეთიდან შემოტანილი პროდუქცია გაძვირდა, რაც მეზობელ სახელმწიფოში მაღალ ინფლაციას დაუკავშირეს, თუმცა აქ მედიკამენტების ფასმა იმაზე მეტად მოიმატა, ვიდრე რეალობას შეესაბამებოდა.

ამის შემდეგ უკვე 2023 წლის თებერვლიდან ქვეყანაში რეფერენტული ფასები დაწესდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააფთიაქო ქსელები მედიკამენტებს დადგენილ ღირებულებაზე ძვირად ვერ გაყიდიან. ცვლილება თავდაპირველად 1200 მედიკამენტს შეეხო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ფასის ზედა ზღვარი უკვე 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამალზეა გავრცელებული. ცნობილია, რომ ეს ნუსხა ყოველ ორ თვეში გადაიხედება და რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, გაცილებით მეტი დასახელების მედიკამენტზე გავრცელდება.

მორიგი სიძვირე აღნიშნული ცვლილების შემდეგაც მივიღეთ. სააფთიაქო ქსელებმა ვერც მაშინ თქვეს მოგებაზე უარი და იმ დროისთვის ისეთი ტიპის ონკოლოგიური მედიკამენტები გააძვირეს, რომელთაც რეფერენტული ფასი, ანუ ზედა ზღვარი არ შეხებია.

ბიზნესი მოგებაზე უარს ვერ იტყვის, თუმცა წინა პერიოდებთან შედარებით, აფთიაქები ახლა მეტ-ნაკლებად კეთილსინდისიერად მუშაობენ და წამლებს ძველებურად თვითნებურად ვეღარ აძვირებენ.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე აცხადებს, ცვლილებები კონტროლირებადია და სახელმწიფო მოსახლეობას ხელს შეუწყობს.

"მესმის, რომ მედიკმენტების ფასთან დაკავშირებით, ძალიან სწრაფად გვინდა ეფექტის მიღება და ამის დიდი ინტერესია, მაგრამ ჩვენ უნდა მივყვეთ იმ პირობას და გრაფიკს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას აღუთქვა.

თურქეთის ბაზრის გახსნასთან ერთად, დღეს, რეფერენტული ფასებით რეგულირდება 1600 დასახელების წამალი. ამ ტემპით, რომელიც აღებულია, რამდენიმე წელიწადში, რეფერენტული ფასები სრულად მოიცავს რეგულირების ფორმას. ეს პროცესი დაწყებულია, მიმდინარეა და კონტროლირებადია. 

ჩვენ, ყველანი ერთ მხარეს უნდა დავდგეთ, რადგან პოტენციური პაციენტი იყოს იმედიანად და იცოდეს, რომ სახელმწიფო მთელი თავისი შესაძლებლობებით ხელს შეუწყობს მას, მომსახურების და წამლის დროულ, ხარისხიან და ხელმისავწდომ ფასში მისაღებად. ეს პროცესი დაწყებულია, რომელსაც ჩვენ, პარლამენტი მოვიკითხავთ საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას”, - განუცხადა "რეზონანსს” ლადო კახაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაბაზრის რეგულირების შედეგებით კმაყოფილია. მინისტრ ზურაბ აზარაშვილისგან ითქვა, რომ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის გამარტივებამ და რეფერენტული ფასების დაწესებამ, საერთო ჯამში, წალმები მნიშვნელოვნად გააიაფა.

"გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელძღვანელი მარინა ბერაძე აცხადებს, რომ მედიკამენტების ნაწილზე დაბალი ფასი შენარჩუნდა, ნაწილი კი გაძვირდა, თუმცა ბევრი მათგანი სხვადასხვა პროგრამებშია ჩართული. საბოლოოდ კი ტენდენცია დადებითია.

"რა თქმა უნდა, ცვლილებებმა გამოიწვია თავისებური რეაქციები, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივია, უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ამ პროცესში ზუსტად დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირები. ეჭვების დონეზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ კვლევებით და გამოკითხვებით უნდა იყოს დადასტურებული.

მთელი რიგი წამლებია, რომელზე შენარჩუნდა დაბალი ფასი, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, თუმცა არის მედიკამენტები, რომელთა ფასმაც მოიმატა, მაგრამ ძალიან ბევრი მათგანი არის პროგრამებში ჩართული ისე, რომ მოსახლეობას შეღავათი მაინც აქვს, თან მნიშვნელოვანი.

კონკრეტულად ონკოლოგიურ მედიკამენტებს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, ანუ სახელწმიფომ სხვადასხვა საშუალებები გამოძებნა და ცდილობს, რომ თან არ შეაფერხოს კერძო ბიზნესი, რომელიც ჩვენთან ძალიან გაიფურჩქნა და მეორე მხრივ, მოსახლეობის ინტერესი იყოს გათვალისწინებული.

დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ და აუცილებლად უნდა მოხდეს ზუსტი შეფასებები. მე, როგორ დამოუკიდებელი ექსპერტი ამ პროცესებს ვაკვირდები და აუცილებელია, რომ დროში არ გაიწელოს, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას და როდის ვაკეთებთ და რამდენი ხანი გრძელდება რეფორმა, რათა ამან სხვა პრობლემი არ წარმოქმნას. საბოლოოდ, ტენდენცია დადებითი უფროა, ვიდრე უარყოფითი”, - განუცხადა მარინა ბერაძემ "რეზონანსს”.

სფეროს დასარეგულირებლად, მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა. ყოველ ცვლილების შემდგომ გაიაფებას, რაღაც დროის მერე სიძვირე მოჰყვა, თუმცა მიმდინარე ეტაპაზე ასეთი გარემოება აღარ იკვეთება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×