"არ არსებობს არანაირი შეღავათები და ხელშეწყობა. პოლიტიკა ასეთია - გინდა იყიდე, გინდა - ნუ იყიდი"
თიკა სიბოშვილი
12.07.2023

საქართველოში ბინების შეძენა, გაყიდვა, ქირაობა ან გირაობა ისევ ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ბაზარზე არანორმალურად მაღალი ფასი ნარჩუნდება. მიზეზები, რის გამოც მდგომარეობა არ იცვლება, ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა, არადა მოსახლეობა უკვე ძალიან ცუდ დღეშია. შეიძლება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ მალე ვეღარც კი მოახერხონ უძრავი ქონების შეძენა. ამის გამო საზოგადოების ნაწილი დახმარებას უკვე მთავრობას და პარლამენტს სთხოვს და გარკვეულ რეგულაციას ითხოვს.

გაძვირებული ბინების პრობლემა, უკვე კარგა ხანია, რაც ქვეყანაში არსებობს. თითქოს არის პერიოდი, როცა მდგომარეობა გამოსწორების გზას ადგას ხოლმე,  მაგრამ შესამჩნევი შედეგი არც ერთხელ არ დამდგარა. ამ პრობლემით განსაკუთრებით შეწუხებულები არიან მოქალაქეები, რადგან რთული ვითარება არა მხოლოდ დედაქალაქშია, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით არანორმალურად გაზრდილია ფასები.

მოქალაქე მარიამ ჭყონიამ პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო წინადადებით უკვე მიმართა. როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში საქართველოში ბინების ფასმა კატასტროფულად მოიმატა, რითაც ზარალდებიან ადგილობრივები, რომლებიც ბინის შეძენას ვეღარ ახერხებენ. დედაქალაქთან ერთად საქმე ბათუმშიც საკმაოდ რთულადაა.

„ბათუმი, ფაქტობრივად, მაკლერების ბიზნეს ქალაქად იქცა, სადაც ფასები არის გაუკონტროლებელი. ამას ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არსებული საქმეებიც მაკლერებზე, ბინის მეპატრონეებზე, რომლებიც ერთი და იგივე ბინას რამდენიმე მოქალაქეზე თაღლითურად ყიდიან. მოგიწოდებთ, მთავრობის, პარლამენტის მიერ შემუშავდეს კანონი, რომლითაც მოხდება ბინების ფასის რეგულირება, დასტაბილურება და კანონის ფარგლებში მოქცევა,“-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

უკვე ყველა ამჩნევს, რომ უძრავ ქონებაზე ფასი არარეალურად გაიზარდა. მოსახლეობას არა მხოლოდ შეძენა უჭირს, არამედ შესაძლოა, ბინების ქირაობის პრობლემაც დადგეს დღის წესრიგში, რადგან ეს ყველაფერი საზოგადოების შემოსავალს ბევრად აღემატება.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი, მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკის არსებობა, რაც არსებულ სიტუაციას შეამსუბუქებს.

„არ გვაქვს ისეთი სახელმწიფო, ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობასა და საზოგადოებაზე ზრუნავს. ვითარება იმაზე კი არ არის მორგებული, რომ ადამიანების კეთილდღეობაზე იზრუნოს, არამედ ორიენტირებულია ერთეულების კეთილდღეობაზე. როგორებიც არიან მსხვილი ბიზნესმენები და ხელისუფლებასთან დაახლოებული, ტენდერების მომგები პირები.

მაშინ, როცა არ გვაქვს არანაირი საბინაო პოლიტიკა, ლოგიკურია, რომ ბინების ფასი იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე მოსახლობის შემოსავალი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საშუალო ხელფასი ახლახანს ავიდა 1700-ლარზე და ამით რისი ყიდვაა შესაძლებლი? თუნდაც პატარა ფართის იყოს ბინა, 50-60 ათასი დოლარი მაინც ღირს. გამოდის, რომ პოლიტიკა ასეთია - გინდა იყიდე, გინდა ნუ იყიდი.  ეს მიდგომა არასწორია“, - აღნიშნა ჯანიაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ქვეყანაში არანაირი საშეღავათო პირობები არ არსებობს, უძრავი ქონების შეძენის დროს.

„არ არსებობს არანაირი შეღავათები არც ახლად დაქორწინებულებისთვის, არც მრავალშვილიანებისთვის ან სხვებისთვის. ბოლოს კოვიდის დროს ითქვა, რომ 5 წელი პროცენტს გადაუხდიდნენ მათ, ვინც პანდემიის პერიოდში შეიძენდა ბინას, თუმცა ესეც იმიტომ გაკეთდა, რომ არა ხალხისთვის გამარტივებულიყო უძრავი ქონების ყიდვა, არამედ პირიქით, სამშენებლო კომპანიებს დახმარებოდნენ.

ბაზარზე ფასი ყოველთვის ძალიან  მაღალია და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება, ემიგრანტების ან უცხოელი კლიენტების ხარჯზე ხდება. ასეთი პოლიტიკის პირობებში სულ უფრო და უფრო მაღალი ფასი იქნება უძრავ ქონებაზე, ხოლო მოსახლეობის მხრიდან ხელმისაწვდომობა დარჩება დაბალი“, - დასძინა ჯანიაშვილმა.

აშკარაა, რომ საკითხს დარეგულირება საჭიროებს და ამაზე მუშაობა აქტიურად უნდა დაიწყოს, თორემ შესაძლებელია, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდეს. ეკონომისტ რამაზ გერლიანის თქმით ფასებთან მიმართებით პირდაპირი ჩარევა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, თუმცა შესაძლებელია მდგომარეობის სხვაგვარად დარეგულირება.

„ქვეყანაში უნდა გაიზარდოს შემოსავალი. რეგულაციებს, რომ მივყვეთ ფასებთან მიმართებით, ეს არ არის სწორი და ასეთ მიდგომას საბაზრო ეკონომიკა არ აღიარებს. გამონათქვამიც არის, „ფასების კონტროლი უძრავ ქონებასთან მიმართებით, იქნება ქირაობა, ყიდვა თუ გაყიდვა, საუკეთესო საშუალებაა ქალაქის განადგურებისა დაბომბვის შემდეგო“. თუ ამას დავიწყებთ ჩვენ ძალაინ დიდ ჯაჭვურ პრობლემას შეგვიქმნის.

პირდაპირ ჩარევაზე გადაწყვეტილებას, არც პრემიერი და არც პარლამენტი არ მიიღებს. ერთი რამ შეიძლება მხოლოდ - კონკრტულ ფენებთან მიმართებით სუბსიდირება, თორემ ფასების კონტროლი ყოვლად მიუღებელია.

პრობლემა კი ნამდვილად არის, რაც გამოწვეულია იმით, რომ მოქალაქეების შემოსავლები ბევრად ჩამორჩება ფასების ზრდის ტენდენციებს. ასევე მოქმედებს მიგრანტების დიდ ნაკადის შემოსვლაც.

გამოსავალი არის ეკონომიკური ზომების გატარება და მოქალაქეების მაქსიმალურად მსყიდველუნარინობის ამაღლება, რათა ეს მძიმე ტვირთად არ იქცეს მათთვის. ისინი, ვინც ბინებს აქირავებენ ან ყიდიან ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან. თანხა ტრიალებს ხალხში და როგორც  კი ჩვენ დავიწყებთ ამის შეკვეცას, ეს გამოიწვევს ჯაჭვურ პრობლემებს“, - აღნიშნა გერლიანმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×