წლის პირველი ნახევრის სტატისტიკური მაჩვენებელები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გვანცა წულაია
13.07.2023

პანდემიის წლებში დაწყებული ექსპორტის ზრდა დღემდე გრძელდება. საქართველოს ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი შედეგი აქვს და მთავრობა მაჩვენებლის უფრო მეტად გაზრდაზე ზრუნავს. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ლარის მკვეთრ გამყარებას ექსპორტისთვის ხელი არ შეუშლია, არადა მაშინ, როდესაც კურსი 2.50-იანი ნიშნული ქვევით იყო, ადგილობრივი მწარმოებლები წუწუნებდნენ, რომ ქვეყნიდან პროდუქციას გატანა გაჭირდებოდა და ქართული საქონელი კონკურენტუნარიანობას დაკარგავდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 19.2%-ით გაიზარდა და 3,050.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლის პირველ ნახევარში ექსპორტის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივნისში ექსპორტი 22%-ით გაიზრდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა 2022 წლის ივნისშიც ექსპორტის მაღალი - 28%-იანი მატება გვქონდა.

ამ მაჩვენებლების შეფასებისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, რომ რეკორდულია საგარეო-სავაჭრო ბრუნვის მოცულობაც, რომელიც 20%-ითაა გაზრდილი და დაახლოებით 10.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ლარის გამყარების კვალდაკვალ ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი ამბობს, რომ ქვეყნიდან პროდუქციის გატანას შეიძლება საფრთხე შეექმნას. ასეთი განცხადებები განსაკუთრებით მაშინ კეთდებოდა, როდესაც კურსი 2.50-იან ნიშნულს ქვევით იყო, მაგრამ მაშინაც და ახლაც ექსპორტი მკვეთრად მატულობდა.

ეკონომისტები კი ამბობენ, რომ არც მაშინდელ და მით უმეტეს არც ახლანდელი კურსი ექსპორტს პრობლემებს არ უქმნის. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი პაატა ბაირახტარი დაბეჯითებით ხაზს უსვამს, რომ არსებული გაცვლითი კურსი და გამაყრების ტენდენცია ექსპორტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

"ჩვენთან ეროვნული ვალუტის გამყარებას ექსპორტზე ისეთი მკაფიო გადაცემა არ აქვს ხოლმე, როგორც მაგალითად სხვა მწარმოებელი ქვეყნებში. ამას თავისი განმაპირობებელი ეკონომიკური ფაქტორები აქვს. საქართველოში ბიზნესი, რომელიც ექსპორტს ახორციელებს, თავიანთი ნედლეულის რაღაც ნაწილს, როგორც წესი, ყიდულობს უცხოეთში. აქედან გამომდინარე, გამყარებული კურსი, გარკვეულწილად, ბალანსში დადებით ფაქტორად მოქმედებს, ამიტომ, როგორც უკვე გითხარით, ლარის სიმყარე ჩვენთან ექსპორტს იმგვარ პრობლემას არ უქმნის, როგორც სხვა მწარმოებლურ ქვეყნებში.

მეორე მიმართულებაა ის, თუ რომელიც ქვეყნებია მთავარი სავაჭრო პარტნიორი და რა ხდება მათ ვალუტებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ფაქტორი და მაგალითი არსებობს, რომელიც აჩვენებს, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებას ისეთი ტრაგიკული გადაცემა არ აქვს ექსპორტზე, როგორც ეს ეკონომიკის კლასიკურ თეორიებშია გაწერილი.

ბიზნესს სჭირდება კონკრეტული ორიენტირი, რომელზეც დაიგეგმება მისი საქმიანობა. თუ ვიღასაც შიშები აქვს 2.50-იან ნიშნულთან დაკავშირებით, შევახსენებ, რომ კურსი ბევრად დაბალი ყოფილა. მაგალითად, 1.67 და 1.77, მაგრამ ექსპორტს და კერძო სექტორს პრობლემები არ შექმნია. აქედან გამომდინარე, მთავარი არის არა ნიშნული, რომელზეც არის ნომინალური გაცვლითი კურსი, არამედ ის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ამ ნიშნულზე პროგნოზირების საშუალება. დამერწმუნეთ, რომ არსებული გაცვლითი კურსი და თუნდაც გამყარების არსებული ტენდენცია ეკონომიკისა და ექსპორტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”, - განუცხადა "რეზონანსს” ბაირახტარმა.

ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს ექსპორტის ზრდა წარმოადგენს და ამ მიმართულებით, პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება 2023 წლის განმავლობაშიც. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი პოტენციალი და გაზრდილი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქცია, იძლევა შესაძლებლობას, ექსპორტის აბსოლუტური დონე და მისი დინამიზმი გაცილებით მეტი იყოს.

"ექსპორტი-იმპორტის და მთლიანად საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპზე სერიოზული გავლენა მოახდინა იმ სანედლეულო პროდუქციის მსოფლიო ბაზრის ფასების შემცირებამ, რომელთაც საკმაოდ მაღალი წილი უკავით საქართველოს ექსპორტ-იმპორტში (სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები). წინა წლის ფასების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს ექსპორტი 2023 წლის ივნისში ფაქტობრივთან შედარებით დაახლოებით 8-9 პუნქტით, ხოლო იმპორტი -5.0-5.5 პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელი პოტენციალი, აგრეთვე გაზრდილი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქცია, იძლევა შესაძლებლობას, ექსპორტის აბსოლუტური დონე და მისი დინამიზმი გაცილებით მეტი იყოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ექსპორტში სულ უფრო მზარდ როლს იკავებს რეექსპორტი, რაც ხაზს უსვამს საქართველოს რეგიონული ჰაბის როლის მნიშვნელოვან ამაღლებას“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

კიდევ ერთი ეკონომისტის გიორგი ცუცქირიძის აზრით, ეკონომიკის აქტივობის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინდიკატორს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა წარმოადგენს.

"მთლიანობაში, მეორე კვარტლის ბოლოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა გვიჩვენებს წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური აქტივობის ტენდენციასაც და თუ გავითვალისწინებთ, რომ ექსპორტი ტრადიციულად წლის მეორე ნახევარში ხასიათდება ზრდის მაღალი დინამიკით, ეკონომიკური ზრდა გადააჭარბებს წლის პირველი კვარტლის დაკორექტირებულ მაჩვენებლს, რაც 7.7%-ით განისაზღვრა და სავარაუდოდ, 8.5-9%-ის ფარგლებში იქნება. ეს მაჩვენებელი ამჯერადაც გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საპროგნოზო მონაცემებია (4.5-5%)”, - განაცხადა გიორგი ცუცრიქიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×