პრემიერმა დაღერღილი ხორბლის იმპორტი 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე შეზღუდა
გვანცა წულაია
13.07.2023

მთავრობა დაღერღილი ხორბლის იმპორტს კრძალავს. ასეთი გადაწყვეტილება ეკონომიკურმა გუნდმა გუშინ მიიღო, რომელიც ძალაში 1-ელ ნოემბრამდე იქნება. საინტერესოა, შეცვლება თუ არა ამის შემდეგ მდგომარეობა, რომელშიც წარმოება და ქართველი ფერმერები აღმოჩნდნენ?

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. სხდომაზე საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით.

აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის 1-ელ ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით”, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მეხორბლე ფერმერების საპროტესტო აქცია აღარ გაიმართება, რომელი 14 ივლისს უნდა გამართულიყო, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ საფურაჟე ხორბლის იმპორტზე გადასახადის დაწესება იყო.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაძე ამბობს, მიიღეს იმის დაპირებაც, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის გადახედვის საჭიროებას შეისწავლიან, ფერმერებს კი საბანკო სექტორთან ვალდებულებების გადავადების საკითხზე უშუამდგომლებენ.

მსხვილი მწარმოებლები მთავრობის პოზიციას მიესალმებიან. შპს „ლომთაგორას” ხელმძღვანელი კახა ლაშხი მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

"სხვანაირად დარგი ალბათ, ვერ გადარჩება. მთავრობის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება საჭირო იყო. ხორბალი ისედაც არ შემოდის, მაგრამ ეს მხარდაჭერა ნამდვილად კარგია.

ხორბლის მოსავლის აღების პროცესი ახლა მიმდინარეობს. ხშირი წვიმის გამო დაგვიანდა და შესაბამისად, არ ვიცით როგორი მოსავალი იქნება. ზოგადად კი, ალბათ, აღებაც გაძნელდება, ხარისხიც შედარებით დაბალი იქნება. უხვი ნალექის გამო, ხორბლი სასურველი ხარისხის არ არის”, - განუცხადა "რეზონანსს” კახა ლაშხმა.

იმის გამო, რომ ფერმერებს ხორბლის ძველი მოსავლის რეალიზაცია შეძლებოდათ, წისქვილები კი ამუშავებულიყვნენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 ივნისიდან რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე 200-ლარიანი დროებითი მოსაკრებელი დაწესდა. სანაცვლოდ წისქვილებმა აიღეს ვალდებულება, რომ ფერმერებისგან 1 კილოგრამ სასურსათო ხორბალს 70 თეთრად შეიძენდნენ.

მოსაკრებელს რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა, თუმცა, როგორც მარცვლეულის მწარმოებლები აცხადებდნენ, ამ გადაწყვეტილებამ მდგომარეობა ვერ გამოასწორა.

მიზეზი, რის გამოც შეთანხმება დაირღვა, ხარისხია. სასურსათო დანიშნულებით გამოყენებისთვის მოთხოვნებს ძველი მოსავლის მხოლოდ 10% აკმაყოფილებს. პრობლემაა ისიც, რომ ფერმერებს ახალი მოსავლის რეალიზაციაც საფურაჟე (არასასურსათო) დანიშნულებით უწევთ, რადგან უხვი ნალექის გამო იმ ხარისხის პროდუქტი ვერ მიიღეს, რაც ფქვილის საწარმოებლად გამოიყენება.

მთავრობის მიერ მიღებულმა ახალმა გადაწყვეტილებამ ვითარება რადიკალურად უნდა შეცვალოს. ყველა შემთხვევაში, მარცვლეულის ჩაბარების პრობლემა ფერმერებს აღარ დაუდგებათ.

როგორც მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგაძე განმარტავს, 70-თეთრიანი კალკულაცია იმ პირობით შედგა, თუ მათ მიერ წარმოებულ ფქვილს, პურის ქარხნები 52 ლარის ფარგლებში ჩაიბარებდნენ. დღეს კი მეპურეები ფქვილს 47 ლარის ფარგლებში ყიდულობენ.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელისთვის მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები მიუღებელია. როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, მეპურეები ფქვილს ყიდულობენ იმ ფასად, რა ფასადაც წისქვილკომბინატები აწვდიან.

„როგორც რეალობამ გვაჩვენა, ბევრი საფურაჟეა ხორბალია, რომელიც პურის ცხობისთვის გამოუსადეგარია. მცხობელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფქვილი, რომ აწარმოოს ხარისხიანი პური. თითის გაშვერა და ასეთი არაპროფესიონალიზმი როგორ შეიძლება! უნდა იყოს რეალურად დახატული სურათი, რაშია საქმე, თუნდაც იმ ფერმერისგან რატომ არ იბარებენ იმ ფასად, როგორადაც უნდა ჩაიბარონ? ფერმერებს უთხრეს, რომ 45 თეთრზე მეტად ვერ ჩაიბარებენ ხორბალს, ეს ხორბალი კიდევ ვერ პასუხობს პურის ცხობის მოთხოვნებს.

პურის მცხობელები ყოველთვის ასრულებდნენ თავის სიტყვას. ლაპარაკი იმაზე, რომ ამის ბრალია თუ იმის, გამორიცხული თემაა.

ნათქვამი ხომ იყო 52 ლარი, მაგრამ ფქვილი იყიდებოდა 49-50 ლარად წისქვილების მხრიდან. მათ შორის აზერბაიჯანული კარმენი დღესაც ყიდის ამ ფასად ფქვილს. ჩვენ ხომ არ ვეტყვით გაგვიძვირეთ ძალად და მოგვეცი მაღალ ფასადო? როგორაც გვაწვდიდნენ, იმ ფასად ვყიდულობდით. საბაზრო ეკონომიკაა, ბოლოს და ბოლოს, უნდა შეესაბამებოდეს ფასი ხარისხს.

ჩვენ არაფერი დაგვირღვევია, ვასრულებთ ჩვენს სიტყვას და მივესალმებით, თუ ქართული ფქვილი იქნება შესაბამისი ყველა კრიტერიუმით. ჩვენ დღესაც მზად ვართ მივიღოთ ეს ფქვილი“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ "ბიზნეს მედიასთან”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×