„არც ის ვიცი, ვისი გულის მოგება სურთ, მაგრამ წინდაუხედავი განცხადებაა და ყოველთვის მკაცრად უნდა შეფასდეს“
გვანცა წულაია
17.07.2023

ოპოზიცია, ყველაფერთან ერთად,  მთავრობას საპენსიო ასაკის და პენსიის სიმცირეში სდებს ბრალს. ბოლო დროს მათი მხრიდან არაერთი განაცხადი გაკეთდა, თუმცა, როგორც ჩანს, დაუკვირვებელი და გაუთვლელი, რადგან საქართველოს ბიუჯეტი ერთბაშად გაზრილ პენსიას ვერ მოემსახურება. შესაძლოა,  ამას ოპოზიციაშიც ხვდებიან ან საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, მაგრამ ეკონომისტები ასეთ განცხადებებს წინდაუხედავს უწოდებენ.

საქართველოში მამაკაცები პენსიაში 65 წლიდან, ხოლო ქალბატონები 60 წლიდან გადიან. 2022 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 808 326 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 71.3% ქალია, ხოლო 28.7% - კაცი.  კაცების სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანრძლივობა 67.5 წელია, ქალების კი - 75.4 წელი.

საქართველოში პენსია წლიდან-წლამდე იზრდება. 2023 წლის მაჩვენებელი კი შემდეგნაირად გამოიყურება: 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზარდა 65 ლარით და განისაზღვრ 365 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდა; 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა 35 ლარით და განისაზღვრა 295 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ამ კატეგორიაზეც ზრუნავს, ოპოზიცია მაინც უკმაყოფილოა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სრულიად გაუთვლელ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პენსია ერთიანად უნდა გაიზარდოს და 400 ლარი გახდეს, თანაც მამაკაცებით 60 წლის ასაკში გავიდნენ პენსიაში.

„საპენსიო ასაკი მამაკაცებში აუცილებლად უნდა გახდეს 60 წელი. მარტივი ლოგიკა და ახსნა აქვს ამას, თუ რატომ უნდა მოხდეს ეს. საშუალო ევროპელი ცოცხლობს 82-84 წლამდე, საქართველოში, საშუალოდ, სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 72 წელი, მამაკაცებში კი სულაც 67 წელი.

როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და პირველივე კვირაში, როდესაც ბიუჯეტი დაკორექტირდება, მინიმალური პენსია უნდა გახდეს 400 ლარი, მაღალმთიანი რეგიონებისთვის დაახლოებით 560 ლარი იქნება. ასევე, ჩვენ ვამბობთ, რომ 70 წელს ზემოთ კი არა, უკვე 65 წელს ზემოთ უნდა იყოს დანამატი პენსიაზე და თუ მინიმალური პენსია იქნება 400 ლარი, 65 წლიდან ყველა პენსიონერს უნდა მიეცეს არანაკლებ 500 ლარი. რამდენი ლარი სჭირდება ამას? დაახლოებით საუბარია 300-400 მილიონის დამატებაზე, რომელიც აბსოლუტურად რეალურია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

400-ლარიანი პენსია მართლაც კარგად ჟღერს, მაგრამ საინტერესოა, საქართველოს ბიუჯეტი რამდენად შეძლებს ამხელა თანხის გასტუმრებას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც, როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მამაკაცები 5 წლით ადრე, 60 წლის ასაკში, გავლენ პენსიაზე და თანაც თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში მოსახლეობის დაბერა მიმდინარებს და ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იზრდება პენსიონერთა ოდენობა. მაგალითად, 2012 წელს ქვეყანას 692 ათასზე ცოტა მეტი პენსიონერი ჰყავდა, 2022 წელს კი 808 ათასზე მეტი.

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე გაუთვლელ და წინდაუხედავს უწოდებს ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მკაცრად უნდა შეფასდეს.

„თუ რეალურად შევხედავთ ვითარებას, ასაკის დაწევა კი არა, აწევაა საჭირო, რადგან თანამედროვე სამყაროში 60 წელი აღარ ითვლება იმ ასაკად, რომ ადამიანმა სამუშაოს თავი დაანებოს. უკან დახევა არ იქნება გონივრული და ბიუჯეტის თვალსაზრისითაც საკმაოდ მძიმე იქნება.

საპენსიო ასაკში გასულ ადამიანს, უმეტეს შემთხვევაში, სამუშაო ბაზარზე აქტიურად მუშაობა არ შეუძლია. წარმოიდგინეთ, მამაკაცების ასაკმა რომ 60 წლამდე დაიწიოს, რა მნიშვნელოვანი ნაწილი მოაკლდება სამუშაო ბაზარს, ამიტომ არ მგონია ეს გონივრული იყოს და არ მესმის, რატომ დასჭირდათ ასეთი რაღაცების ახლა გაჟღერება და არც ის ვიცი, ვისი გულის მოგება სურთ. გაუთვლელი და წინდაუხედავი განცხადება ყოველთვის მკაცრად უნდა შეფასდეს.

საერთოდ კი, საპენსიო ასაკის გათანაბრების მომხრე ვარ და ეს გონივრული მეჩვენება. დაყოფა და დიფერენციაცია ცოტა მოძველებული მიდგომაა. ასეთი მიდგომა გათვალისწინებული იყო იმით, რომ ქალებს ფიზიკურად მუშაობის თავი არ ჰქონდათ და მამაკაცებთან შედარებით, დატვირთებს ვერ უძლებდნენ, მაგრამ ვითარება ახლა რადიკალურად შეცვლილია.

აქვე გეტყვით, რომ პენსიაზე გასვლა არ უნდა ზღუდავდეს ადამიანს. ხშირია შემთხვევა, როცა საპენსიო ასაკის ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა შეუძლია, სამსახურის დატოვება აიძულეს. როგორ შეიძლება 60 წლის ადამიანი იძულებით მოწყვიტო შრომით საქმიანობას და ბაზრიდან გაიყვანო? თუ საპენსიო ასაკის ადამიანს მუშაობა სურს, უნდა იმუშაოს, ოღონდ აქ ერთადერთი არის ის, რომ თუ დამქირავებელს მისი დასაქმება აღარ უნდა, ვერავინ ვერ დააძალებს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ პაატა შეშელიძემ.

იმ პარტიის, რომლის თავმჯდომარეც ახლა გაუთვლელ განცხადებებს აკეთებს, მმართველობის დაწყების დროს პენსია 14 ლარს შეადგენდა. როცა ხელისუფლებიდან მათი ჩამოცილება მოხდა (2012 წელს) პენსია 125 ლარის ფარგლებში იყო.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პენსიის ოდენობას: 2013 წელს პენსია 150 ლარი გახდა. მას შემდეგ თვიურად გადახდილი თანხა იზრდება და წელს, ყველაზე მინიმალური გასაცემელი 295 ლარს შეადგენს. თანაც ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ პენსია წლიდან წლამდე მოიმატებს.

სტატისტიკოსს სოსო არჩვაძის თქმით, პენსიების მატება იქნება სტაბილური და ის მნიშვნელოვნად გადაუსწრებს ინფლაციის ტემპს.

„უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული საზოგადოება დემოგრაფიულად საკმაოდ დაბერებულია და მედიანური ასაკი, ანუ ასაკი, რომელიც ორ თანაბარ ნაწილად ყოფს მოსახლეობას, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თითქმის 7 წლითთ გაიზარდა. იყო 31 წელი და ახლა სადღაც 38 წელია. ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანასთან შედარებით, ეს ყველაზე ხანდაზმული ასაკია. მაგალითად, სომხეთში, მედიანური ასაკით, ჩვენთან შედარებით, 2 წლით უფრო ახალგაზრდაა მოსახლეობა, აზერბაიჯანში -  5 წლით, თურქეთში - 6 წლით, ჩეჩნეთში - 10 წლით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობა ჩვენ შედარებით ნაკლები გვყავს და იმ ადამიანთა ოდენობა, ვინც უნდა ვარჩინოთ, სადაც იგულისხმება ბავშვები და ასაკოვანი ხალხი, გაცილებით მეტია. გამოდის, რომ დასაქმებული მოსახლოების შექმნილი დოვლათის სულ უფრო მეტი ნაწილი უნდა გადაანაწილოს შრომის უუნარო ან კიდევ ჯერ კიდევ შრომის უნარიან ასაკში არ შესული მოსახლეობის სასარგებლოდ. საინტერესოა, აქვს კი ქვეყანას ამის პოტენციალი?!

ეკონომისტების და დემოგრაფების მიერ შემუშავებულია მოდელი, რომლის მიხედვითაც, სასურველია, რომ ყოველ 100 პენსიონერზე მოდიოდეს დაქირავებით დასაქმებული 280-დან 320 ადამიანამდე, ანუ თითქმის 3-ჯერ მეტი. ჩვენთან კი 808 ათასზე ცოტა მეტი პენსიონერი გვყავს და 870 ათასამდე დაქირავებით დასაქმებული, ანუ კოეფიციენტი 3/1-თან კი არ არის, არამედ 1/1-თან. ამიტომ ჩვენ გასაცემლის ნახტომისებურად ზრდის შესაძლებლობა ნაკლებად გაგვაჩნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ამ კატეგორიის ადამიანებზე არ იზრუნოს.

ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს. გათვალისწინებულია, რომ პენსიების მატება იქნება სტაბილური და ის მნიშვნელოვნად გადაუსწრებს ინფლაციის ტემპს. წლიდან წლამდე პენსია იზრდება და სიმბოლურიდან რეალურ ეკონომიკურ შინაარსს იძენს“, - განუცხადა „ბიზნეს რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ.

მაშინ, როდესაც საქართველოში ოპოზიცია საპენსიო ასაკის დაწევას ითხოვს,  ევროპაში საპენსიო ასაკის ზრდის ტენდენციაა. სწორედ ამან გამოიწვია საფრანგეთში პროტესტი რამდენიმე თვის წინ. ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა საპენსიო რეფორმას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზარდა. მოსახლეობის მასობრივმა გამოსვლებმა მთავრობას აზრი ვერ შეაცვლევინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×