მთავრობის მოჭარბებულ ოპტიმიზს სპეციალისტები მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმებიან
ქეთო გოგოხია
17.07.2023

მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღწევა საქართველოსთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოწვევა იქნება. მართალია, მთავრობის მოლოდინი საკმაოდ ოპტიმისტურია და არსებობს გათვლა, რომ 2027 წლისთვის ჩვენი სამშობლო მაღალშემოსავლიანი სახელმწიფო გახდება, მაგრამ ეს საკმაოდ რთული იქნება და თუ რატომ ამაზეც სპეციალისტები ამახვილებენ ყურადღებას. არსებული გათვლით, იმისთვის, რომ ქვეყანა მაღალშემოსავლიანი იყოს, 1 სულ მოსახლეზე მშპ-ს თანაფარდობა 15 000 დოლარს უნდა შეადგენდეს.  დღეს ეს მაჩვენებელი 6670 დოლარის დონეზეა.

აქედან გამომდინარე, დიდ ეჭვს იწვევს, საქართველომ არსებული დაბრკოლება გადალახოს ისე, რომ 2027 წლისთვის შემოსავლებით  საშუალო ევროპულ ქვეყანას გაუთანაბრდეს. როგორც ეკონომისტები განმარტავენ, ამისთვის სულ მცირე დამატებით 7-8%-ით მეტი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში, რის მიღწევაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში საეჭვოა.

როგორც აღმოჩნდა, მთავრობა პერსპექტივას უფრო იმედიანად აფასებს. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას შეფასებით, მაღალშემოსავლიანი ქვეყანა მაშინ გავხდებით, როდესაც 1 სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული მაჩვენებელი 13 ათას დოლარს გადააჭარბებს. გასულ წელს 1 სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული მაჩვენებელი დაახლოებით 6250 დოლარს შეადგენდა. წელს კი ვარაუდობს, რომ მაჩვენებელი 9 ათას დოლარს მიაღწევს. რაც შეეხება მომავალ 2024 წელს, სავარაუდოა, რომ როგორც მშპ, ასევე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლები 10 ათასი დოლარს გაუტოლდეს.

"ახლა ჩვენი ქვეყანა არის საშუალო მაღალ შემოსავლიანი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო 2027 წლისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება," - აღნიშნა მან და ასევე დასძინა, რომ  ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და ექსპორტზეა ორიენტირებული.

მთლიანი ეროვნული მაჩვენებლის მიხედვით, პირველ კვარტალში, 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციამ ეკონომიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. ეკონომისტი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში მარალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღწევა არ უნდა გაჭირდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია ინკლუზიურობა, რის გარეშეც ზრდას არანაირი ეფექტი არ ექნება. პოტენციალს ნამდვილად არის, თუმცა ამისთვის მომდევნო 4 წელი არასაკმარისია.

,,2025 წლისთვის იყო პროგნოზი ეკონომიკის 5%-იან ზრდასთან დაკავშირებით და ეს მართლდება. რაც შეეხება შემოსავლიანობას, ფარდობითია, როგორი ტიპის შემოსავალი იგულისხმეს. ის, რომ 2027 წლისთვის ნამდვილად გაიზრდება, ამის პოტენციალი აშკარად აქვს ქვეყანას, გააჩნია, რა სახის ეკონომიკურ პოლიტიკას გავატარებთ. ის ტემპი, რაც გვიჭირავს, ცუდი არ არის, მაგრამ ნაკლოვანება იქნება ინკლუზიურობა, ეს პრობლემა უფრო დგას ქვეყანაში; ანუ შემოსავლების ზრდა რამდენად მივა თითოეულ მოქალაქემდე, შეიძლება ზრდა ნომინალში ჩანდეს, მაგრამ რაღაც შეძლებულთა ჯგუფის ხარჯზე ფიქსირდებოდეს, როგორც ხდება უმეტეს შემთხვევაში.

გარკვეული ბიზნესისა და სეგმენტის ხარჯზე ეკონომიკური ზრდა კეთილდღეობაზე ვერ აისახება, რადგან სიკეთე მოიცავს კონკრეტულ არეალს, სადაც  ცოტა ადამიანია დასაქმებული, შემოსავლები შეიძლება გაიზარდოს, რაც კარგია და მიღწევადი, მაგრამ გათანაბრების ნაწილსაც თუ მოაგვარებს მთავრობა ძალიან კარგი იქნება, რომ გაზრდილი შემოსავლები ყველა მოქალაქეზე მეტ-ნაკლებად სწორად გადანაწილდეს", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" რამაზ გერლიანმა.

მისი აზით, რეგიონში რომ ქვეყნის პოზიციები დაწინაურდეს და შემოსავლების სიდიდით ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო გახდეს საქართველო, მინიმუმ 7-8%-იანი ზრდა გვჭირდება ყოველ წელს.

,,სამეზობლოს დონეზე 7-8%-იანი ზრდა მაინც  გვჭირდება და რაც შეიძლება მეტი დასაქმების მაჩვენებელი გვქონდეს. ამ ეტაპზე მშპ 1 სულ მოსახლეზე 6600 დოლარია, უახლოეს წლებში 8000 დოლარამდეც გაიზრდება, მაგრამ გააჩნია ხალხის მსყიდველუნარიანობა როგორია. რეალურად 15 000 დოლარზე უნდა გავიდეთ 1 სულ მოსახლეზე, სამინისტროს ნაგუსიხმები შედეგის მისაღწევად, რაც იქნება იდეალური მაჩვენებელი, მაგრამ  2027 წელს ალბათ არ მოხერხდება. თანაც მოსახლეობაზე არ აისახება, ციფრებს აზრი არ ექნება", - დასძინა რამაზ გერლიანმა.

განსხვავებული პოზიციისაა ანაკლიტიკოსი ზურა კუკულაძე, რომელიც ასევე ინკლუზიურობაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ მოსახლეობის გვედის ავლით ეკონომიკრი განვითარება შედეგს ვერ მოიტანს და ამ მაჩვენებლით თუნდაც საშუალო ევროპული ქვეყნის დონის მიღწევა საქართველოსთის დიდი დაბრკოლება გახდება.

,,საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის განსაზღვრა იმით, თუ როგორია მშპ 1 სულ მოსახლეზე თანაფარდობით, არასწორი მიდგომა მგონია. ეს იმთავითვე არ გულისხმობს, რომ რაღაც პროდუქტი შეიქმნება ქვეყანაში და მისი ღირებულება გაიზრდება, რაც დიდ გარღვევას მოახდენს ეკონომიკაში. ასე არ არის და არც მშპ-ს ზრდა ნიშნავს, რომ მისი გავლენა მეტ-ნაკლებად თანაბრად აისახება მოსახლეობის ფართო მასებზე.

კეთილდღეობა ყველას უნდა შეეხოს, ასე თუ არ არის, აზრი ეკარგება ბევრ რამეს. ნამდვილი ეკონომიკური ევროპული ღირებულება  არის სოციალური თანასწორობა და კეთილდღეობა. მთავრობის  მიდგომა კი გულისხმობს, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, მაგრამ ეს არასასკმარისია, თუკი განვითარებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა არ გვაქვს.

საკითხი არ დგას სწორად - არ აქვს მნიშვნელობა 2027 წელს გავხდებით  მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, თუ 2032 წელს, მთავარია გამომუშავებული არსებული დოვლათი სწორად განაწილდეს. ამით პრობლემის ნახევარზე მეტი მოგვარებული გვექნებოდა. ეკონომიკა რომ გაიზარდა 10%-ით კარგია, მაგრამ რეალურად 100-დან კეთილდღეობა თუ შეეხება 5-ს და 95-სთვის არაფერი შეიცვალა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ქვეყნის სტატუსი გვექნება", - აღნიშნა კუკულაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ ასევე განაცხადა, რომ  ტენდენციის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, მეორე და მესამე კვარტალში ქვეყანაში პროფიციტული ეკონომიკა (საქონლის და მომსახურების ექსპორტის მაჩვენებელი მეტია საქონლის და მომსახურების იმპორტის მაჩვენებელზე) იყოს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ივნისში ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×