ქვეყანაში საკმარისი მარაგია, ხოლო რაც შეეხება ფასს, არათუ საქართველოში, საერთაშორისო ბირჟებზეც კი არ გაზრდილა
გვანცა წულაია
18.07.2023

რუსეთმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულება შეაჩერა. კრემლი ამბობს, რომ შეთანხმება იქამდე არ გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. არის მოლოდინი, რომ ხელშეკრულება ისევ გაგრძელდება და თანაც არც ისაა გამორიცხული, რომ გახანგრძლივება რუსეთის გარეშე მოხდეს. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, გაძვირდება თუ არა მარცვლეული და პრობლემები გაჩნდება თუ არა საქართველოში? საჭირო გახდება თუ არა იმპორტირებული ფქვილის დაბეგვრის ახლახან შემოღებული რეჟიმის შეცვლა?

2 დღის წინ რუსეთის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის გაძვირება იმავე დღეს მოჰყვა, თუმცა ფასთაშორის სხვაობა დიდი არ ყოფილა. მეორე დღესვე, ანუ გუშინ, საერთაშორისო ბირჟებზე ღირებულება დასტაბილურდა. 

რუსეთი შეთანხმებას მას შემდეგ დაუბრუნდება, როდესაც დასავლეთი მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მათ შორისაა: ზოგიერთი რუსული ბანკის სვიფტის სისტემაში დაბრუნება, სანქციების შემსუბუქება და რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური ბლოკადის მოხსნა.

მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს გლობალურ სასურსათო ჯაჭვზე, რადგან უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაგრძელების მოლოდინი მაინც არსებობს.

"რუსეთის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ამაზე საუბარი მიმდინარეობდა ბოლო ერთი თვეა. რუსეთს ჰქონდა თავისი პირობები, სხვა შემთხვევაში კი იმუქრებოდა შეთანხმების დატოვებით და ასე მოიქცა კიდეც. ბირჟეზე პირველი რეაქცია უკვე იყო 2 დღის წინ, გაძვირდა ხორბალი და სხვა მარცვლეული, თუმცა გუშინ დასტაბილურდა სიტუაცია. რეალურად, მსოფლიო ისედაც ალტერნატივებს ეძებდა, რადგან რუსეთმა არაერთხელ განაცხადა მარცვეულის ექსპორტის შეთანხმების გაწყვეტაზე. ამ დროის განმავლობაში შეთანხმებიდან რამდენჯერმე დააპირა გასვლა და მერე ისევ დაბრუნდა.

თუ შევაფასებთ სიტუაციას, პირველი შოკი გავლილია. ისევ გაისმა განცხადება, თუნდაც ერდოღანის მხრიდან, რომ გარკვეულწილად შესაძლებელია რაღაც შეთანხმების მიღწევა. გარდა ამისა, რუსეთის გარეშეც განიხილება იგივე ხელშეკრულების ამოქმედება. სავარაუდოდ, კულურულად რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამის გამოძახილია ზუსტად ეს განცხადებები. ბირჟებმაც გაითვალისწინეს, რომ გარკვეულწილად შეთანხმება შეიძლება მაინც აღდგეს.

თვითონ რუსეთმაც თქვა, რომ თუ დადებით სიგნალებს მიიღებს, დაუბრუნდება ხელშეკრულებას, ამიტომ ბირჟებზე რაღაც მოლოდინი არსებობს. თანაც მსოფლიოში არის დიდი მოსავალი, ყოველ შემთხვევაში, საშუალოზე ცოტა მეტი, ამიტომ ფასებზე დიდი წნეხი არ არის. მეც ვფიქრობ, რომ ამჯერად განსაკუთრებული არაფერი არ გვემუქრება”, - განუცხადა "რეზონანსს” ლევან სილაგავამ.

როგორც ცნობილია, გაეროსთან, რუსეთთან და უკრაინასთან ერთად, შეთანხმებაში აქტიურად არის წარმოდგენილი თურქეთი. სილაგავა მიიჩნევს, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა დაინტერესებულია შეთანხმების მუშაობით.

"თურქეთი ძალიან დაინტერესებულია, რადგან ძალიან დიდი რაოდენობის ხორბალს ღებულობს რუსეთიდან, რომელსაც შემდეგ აქცევს ფქვილად და გააქვს ექსპორტზე. თურქეთი მსოფლიოში ფქვილის პირველი ექსპორტიორია და რეალურად, ამ ხელშეკრულების გასაღები თურქეთშია, მაგრამ რთულია რუსეთის გადაწყვეტიილების პროგნოზირება. ვფიქრობ, რეალური შანსი რუსეთის მხარეს არ არის, არამედ უფრო თურქეთის მხარეს”, - დასძინა ლევან სილაგავამ.

რაც შეეხება საქართველოს, იმის გამო, რომ ფერმერებს ხორბლის ძველი მოსავლის რეალიზაცია შეძლებოდათ, წისქვილები კი ამუშავებულიყვნენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე 200-ლარიანი დროებითი მოსაკრებელი დაწესდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზები გამო, გადაწყვეტილება ისე ვერ მუშაობს, როგორც უნდა ემუშავა და როგორი მოლოდინიც არსებობდა.

ლევან სილაგავა ამბობს, რომ რუსეთის ქმედებას ამ გადაწყვეტილებაზე შეიძლება გარკვეული გადაცემა ჰქონდეს და თუ პარამეტრები შესაცვლელი იქნება, შეიცვლება, რადგან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე შიდა რეაგირება ადეკვატური იყოს.

"ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ამოქმედებული ფქვილის დაბეგვრის ამბავზე შეიძლება გადაცემა ჰქონდეს, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში ყველა გადაწყვეტილება ეკონომიკურად სერიოზულად აწვება ფასს. რუბლი ძალიან გაუფასურებულია. ეს მოქმედებს, მათ შორის ფქვილის ღირებულებაზე.

5-თვიან ხელშეკრულებაში, რომელიც ჩვენთან მოქმედებს, ჩადებულია გარკვეული პარამეტრები. საუბარია, ფერმერების წახალისებასა და ხორბლის მოსავლის ჩაბარებაზე. დაბეგვრის პარამეტრების გადახედვა აუცილებლობის შემთხვევში გამორიცხული არ არის, მით უფრო იმ დროს, თუკი მსოფლიო ბაზარზე რაღაც კატაკლიზმები მოხდება. ამიტომ ამ პროცესს ჩვენც ვარკვირდებით და მთავრობაც. თუ პარამეტრები შესაცვლელი იქნება, შეიცვლება კიდეც. ეს ხელშეკრულება, შეიძლება გარე გამოწვევების პარალელურად გაგრძელდეს კიდეც. ცვლილებების პარალელურად ქვეყნის შიგნითაც შეიძლება მივიღოთ ადეკვარული რეაქცია”, - დასძინა "რეზონანსთან” სილაგავამ. 

არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი და როგორ იმოქმედებს ამჯერად, ამიტომ პროგნოზის გაკეთებაც რთულია, თუმცა პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე არ გამორიცხავს, რომ თუკი რუსეთი შეთანხმებას არ დაუბრუნდება, შესაძლოა ფქვილი ფასი ცოტა შეიცვალოს.

"საერთოდ, როდესაც რაღაც შეზღუდვები მოქმედებს, მაშინ ფასი იცვლება, მაგრამ არ ვიცით, შეთანხმების ირგვლის რა მოხდება. ითქვა, რომ თვის ბოლომდე უნდა დაველოდოთ მოვლენებს, რადგან ამ დროს რუსეთმა აფრიკის ქვეყნებს ხორბალი უნდა მისცეს. ჩემი ვარაუდით, რუსეთი შეთანხმებაში მაინც დაბრუნდება.

დღეს 1 ტომარა ფქვილი 50 ლარამდე ღირს და თუ რუსეთი შეთანხმებას არ დაუბრუნდება, შეიძლება ცოტა გაძვირდეს. ჩვენთან მარაგი არის, მაგრამ მგონია, რომ ფასებზე მაინც აისახება. ვნახოთ, ახლო მომავალში როგორი ვითარება შეიქმნება.

ფქვილის დაბეგვრის საკითხი 5 თვით არის მიღებული, ერთი თვე უკვე გავიდა და დარჩენილ 4 თვეში ფქვილი თუ არ გაძვირდა, მაშინ, ამ პერიოდს შედარებით ადვილად გავივლით.

ისე კი, დღევანდელ დღეს სიტუაცია მონიტორინგს და კონტროლს ექვემდებარება და რაიმე მტკივნეული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის”, - განუცხადა "რეზონანსს” მალხაზ დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×