წელს ენერგოსექტორში ამ თვალსაზრისით საუკეთესო ვითარებაა
გვანცა წულაია
19.07.2023

საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს სულ უფრო მეტად ზრდის. ზაფხულის პერიოდში, ქვეყანამ იმპორტი თითქმის გაანულა, ხოლო ექსპორტი ბოლო წლების პიკზეა. აღსანიშნავია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, 2023 წელს ელექტროენერგიის გაყიდვა შედარებით ადრე - აპრილში დაიწყო.

მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველომ 756.5 მლნ კვტ/სთ მოცულობის ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე. უშუალოდ ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე გატანილი ენერგიის მოცულობა 350.5 მლნ კვტ/სთ-მდე გაზარდა, აქედან 253 მლნ კვტს/სთ-მდე საქართველომ თურქეთში გაყიდა. მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ექსპორტისგან ქვეყანამ ჯამში 52.3 მლნ დოლარი მიიღო.

ექსპორტის ზრდის მიზეზებს ასახელებს ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა და აცხადებს, რომ დენის მასტაბური გაყიდვა გამომუშავებამ და წყალუხვობამ განაპირობა.

"ექსპორტის მკვეთრი მატება გამომუშავების გაზრდამ და წყალუხვობის ფაქტორმა განაპირობა, რომელიც წელსაა. წესით, ეს პროცესი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. შემდეგ უკვე ექსპორტის მაჩვენებელი შემცირდება და ნელ-ნელა გადავალთ იმპორტზე.

ჩვენს სპეციალობაში არსებობს გამოთქმა შემოდგომის წყალდიდობა, რაც საკმაოდ დიდია. შემოდგომაზე ყოფილა შემთხვევა, როცა ენგურზე და სხვა მდინარეებზე გვქონია ძალიან დიდი მოდინება, რომელიც იმდენად დიდი იყო, რომ წყალსაცავის შევსების პერიოდის ნიშნულებზეც კი გავსულვართ, თუმცა ეს იშვიათია, რაც დამოკიდებულია ამინდზე. ამიტომ მასზე დაყრდნობა, არასწორია, თუმცა, როცა ასეთი საშუალება იქნება, უნდა გამოვიყენოთ. 

იმპორტი აუცილებელია, რადგან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მოთხოვნა გვეზრდება და საკუთარი რესურსებით მისი დაკმაყოფილება არ შეგვიძლია. საამისოდ პატარა და არც საშუალო სადგურის აშენება საკმარისი არ არის”, - განუცხადა `რეზონანსს” ანზორ ჭითანავამ.

სტატისტიკას რომ დავუბრუნდეთ, 2023 წლის იანვარ-ივნისში თურქეთში 606 მლნ კვტს/სთ-მდე მოცულობის ელექტროენერგია არის გატანილი, ანუ ექსპორტირებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი თურქეთზე მოდის.

როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, მეზობელ ქვეყანაში, ზაფხულის პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება ძალიან დიდია, ამიტომ ბაზარზე მოთხოვნაა და საქართველოც ყიდის დენს.

"ექსპორტის მოცემულობა საკმაოდ კარგია. მოთხოვნაა, იყიდება და ჩვენც ვყიდით ელექტოენერგიას. თურქეთს, ენერგომამარაგების თვალსაზრისით, აქვს საკმაოდ სერიოზული პრობლემა, ტურისტული სეზონი დაიტვირთა და ბუნებრივია, რომ ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიის ხარჯი ძალიან დიდია, ამიტომ ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა. მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში ჰიდროლოგია არ გვქონდა ცუდი და ჯამში გვაქვს იმდენი ელექტროენერგია, რომ ჩვენს თავსაც ვიკმაყოფილებთ და ვყიდით კიდეც, თურქეთს 600-700 მგვტ-ს ვაწვდით.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნელ-ნელა ვამცირებთ ექსპორტს და წყალსაცავებში წყალს ვინახავთ ზამთრის სეზონისათვის. თუ იქნა მოთხოვნა, სიტყვაზე სექტემბერსა და ოქტომბერშიც და ამასთან ერთად ფასიც ნორმალური იქნება, ჩვენ შეგვიძლია, რომ თბოადგურები ჩავრთოთ და მათ მიერ გამომუშავებული ენერგია გავყიდოთ”, - განუცხადა გია არაბიძემ "რეზონანსს”.

მიმდინარე წელს ელექტროენერგიის გაყიდვა საქართველომ შედარებით ადრე, აპრილის თვეში დაიწყო. 2023 წლის აპრილში 12.4 მლნ აშშ დოლარის ელექტროენერგია გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, დაახლოებით, 2,320-ჯერ აღემატება. 2022 წლის აპრილში ქვეყნიდან მხოლოდ 5.26 ათასი აშშ დოლარის ექსპორტი მოხერხდა განხორციელდა.

როგორც "გალტ ენდ თაგარტის” უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი ამბობს ექსპორტის ადრე დაწყების მიზეზი თბოსადგურების ამუშავება და დენის მოხმარებაში შემცირებაა.

„ექსპორტის ადრე დაწყება შევძელით იმიტომ, რომ ამუშავდნენ თბოსადგურები და გვაქვს ელექტროენერგიის მოხმარებაში შემცირება - პირდაპირ მომხმარებლებს შეუმცირდათ მოხმარება. ესენი არიან მაინინგ კომპანიები, ინდუსტრიული და ფეროშენადნობების საწარმოები. მათი მოხმარების შემცირებამ დაახლოებით 10%-იანი სხვაობა გამოიწვია ჯამურ მოხმარებაში. ეს 10% სრულად გავიდა ექსპორტზე. თბოსადგურებმაც სრული დატვირთვით იმუშავეს“ - განაცხადა "გალტ ენდ თაგარტის” უფროსმა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილი „ენერგონიუსთან“.

რაც შეეხება ტარიფებს, შარშანდელთან შედარებით, საექსპორტო ფასი შემცირებულია. როგორც „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ფასი 6-7 ცენტის ფარგლებში მერყეობს.

„აგვისტოში თურქეთში ფასი იმატებს, ტურისტული სეზონი პიკს აღწევს და აქედან გამომდინარე, იქ ფასები უფრო მაღალი ფასი იქნება აგვისტოში. ახლა ცოტა დაწეულია და 6-7 ცენტის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, მოგეხსენებათ, ზაფხულში, ჭარბწყლიანობის პერიოდში ამ ფასების მიღება შეუძლებელია ჩვენს ბაზარზე“ - განაცხადა აბრამიშვილმა.

რაც შეეხება იმპორტს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის განულდა. ზაფხულის თვეებში საქართველო მოთხოვნას საკუთარი რესურსებით ახერხებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×