შუა აზიის ქვეყნებში ექსპორტი არანორმალურად იზრდება და ამ არხით რუსეთშიც ხვდება უცხოური სატრანსპორტო საშუალებები
ქეთო გოგოხია
19.07.2023

ავტომობილების რეექსპორტი საქართველოში რეკორდულ ნიშნულს აღწევს. 1-მილიარდიანი მაჩვენებლით ეს ბიზნესი ერთ-ერთი პირველია, რომელიც საქართველოში ყველაზე მყარად დგას ფეხზე და მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. შუა აზიის ქვეყნებში (ყირგიზეთი და ყაზახეთი) საქართველოდან შეყვანილი მანქანების რაოდენობა ელვისებურად გაიზარდა. დიდი ალბათობით მათ საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი რუსეთში შეჰყავთ. მით უმეტეს, რომ ეს ქვეყნები ე.წ. საბაჟო კავშირის წევრები არიან.

სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია. 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 990 მილიონი დოლარის ღირებულების 51 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი 19 ათასი დოლარი იყო.

ავტოექსპორტის რეკორდული ზრდა რუსეთის სანქციებს უკავშირდება, რადგანაც ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მეორადი მანქანების აქტიურად შეძენა რუსეთის გვერდის ავლით დაიწყეს. ასევე მკვეთრად არის მომატებული ქსპორტი მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. თუკი არსებული ზრდის ტემპი შენარჩუნდება, მაშინ მანქანების რეექსპორტიდან წელს შემოსავალი 1.9-2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის ,,კავკასიის ავტოიმპორტის" ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე ამბობს, რომ შუა აზიის ქვეყნები მზარდი ბაზრებია და მათი მხრიდან მოთხოვნა მაინც და მაინც რუსეთის ფაქტორს არ უნდა დავუკავშიროთ, თუმცა დასაშვებ დონეზე იგი არც ამ ფაქტორის გავლენას გამორიცხავს.

,,20 წლის წინ, როცა ჩვენ ავტომობილების ბიზნესი დავიწყეთ, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები მაშინაც იძენდნენ ავტომობილებს საქართველოში. რა თქმა უნდა, შუა აზიის ქვეყნებიდან გაზრდილია მოთხოვნა, მაგრამ  არ ვართ დარწმუნებული, რომ  რეექსპორტის ზრდა რუსეთში ავტომობილების გადინებით იყოს მხოლოდ გამოწვეული.

თვითონ ყაზახეთი და ყირგიზეთი თავის დროზე მანქანებით რუსეთიდან მარაგდებოდნენ. ახლა დეფიციტია შექმნილი და ქვეყნიდან გასაყვანი ავტომობილები თვითონ რუსებს არ ჰყავთ. შესაბამისად, ბაზარს შევსება სჭირდება. შესაძლოა 10-15% გადიოდეს რუსეთში, მაგრამ ამაზე დიდი მაჩვენებელი ვერ იქნება. შუა აზიის ქვეყნები საიდანღაც უნდა მომარაგდნენ, თვითონ არ აქვთ წარმოება.  ქვეყანები დიდია და მოსახლეობაც. ერთადერთი გზა დარჩენილია, რომ ჩვენგან გასული ავტოსატრანსპორტო საშუალებები აზერბაიჯანიდან შევიდეს ყაზახეთში. დიდი ქვეყანაა და მოთხოვნა დიდია, თუმცა, რა თქმა უნდა,  რუსეთის ფაქტორიც მოქმედებს", - უთხრა ,,რეზონანსს" სურგულაძემ.

ავტოიმპორტიორების მეორე ნაწილის ინფორმაციით, მომდევნო პერიოდში  რეექსპორტის მაჩვენებელი მცირედით შეიცვლება. სწორედ ასე ფიქრობს ,,რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე, რომლის შეფასებითაც, დიდი ალბათობაა შუა აზიის ქვეყნებიდან რუსეთში გაჰყავდეთ მანქანები, რის ტემპიც დროთა განმავლობაში შემცირდება.

,,წარმოუდგენელი ზრდაა, მარტო ყაზახეთი რომ ავითოთ, 700%-იანი მატება გვაქვს ამ  მიმართულებით. დიდი მოთხოვნაა ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, ასევე ყირგიზეთთან და ტაჯიკეთთანაც, ეს ბაზრები ჩვენთვის გაცილებით პრიორიტეტულია. ვეჭვობ, რომ აღნიშნული ქვეყნების ბაზარი ასეთი მზარდი იყოს, დიდი ალბათობით რუსეთში გადაჰყავთ.

თვითონ რუსეთი ჩვენს რეექსპორტში მეხუთე ადგილზეა. ვისურვებდი, უფრო შესუსტდეს ეს პოზიცია, ვინაიდან ყოველთვის შეიძლება პრობლემა შეიქმნას აგრესორი ქვეყნიდან სანქციების კუთხით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით. ბიზნესს გათავისებული აქვს, რომ რუსეთთან საგარეო ვაჭრობა დიდ საფრთხეს შეიცავს, ცოტა ხნის წინ სწორედ ამიტომ დაწესდა აკრძალვა ძვირადღირებული ავტომობილების რუსეთში გატანაზე, რაც ბაზარს გარკვეულწილად რისკისგან დაიცავს", - აღნიშნა ჯამაგიძემ ,,რეზონანსთან".

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ექსპორტში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს, რომელიც თავის მხრივ, ერთ-ერთი უღარიბესი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და მისი მშპ ერთ მოსახლეზე მხოლოდ 1100 დოლარს შეადგენს (საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 6700 დოლარია), კიდევ უფრო საოცარია, რომ ყირგიზეთში საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების საშუალო ფასი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ის 1 სატრანსპორტო საშუალებაზე 40 ათას დოლარს აღემატება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×