ფერმერები ამბობენ, რომ რეალიზაციის მიმართულებით, ფაქტობრივად, ყველა პირობა აქვთ შექმნილი
ქეთო გოგოხია
20.07.2023

წელს საქართველოში ატმის ხარისხიანი მოსავალია და ექსპორტზე რეალიზაციაც სტაბილურია. ამ ეტაპზე კრეფის სეზონი  გააქტიურებულია და მომდევნო 3-4 კვირაში შემნახველი საწარმოები წლევანდელ მოსავალს სრულად ჩაიბარებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ატმის ექსპორტი სტაბილურად იზრდება, რასაც ხეხილის ბაღების ფართობების ზრდაც მოჰყვა. შესაბამისად, ატმის მოვლის კულტურა უფრო დაიხვეწა და დარგი ძალიან პოპულარული გახდა. ამაში დიდი როლი შეასრულეს სახელმწიფო პროგრამებმა, რომელიც აგრარული მიმართულებით გატარდა და პროცესი ახლაც მიმდინარეობს. განსაკუთრებით გამოსარჩევია ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“, სამაცივრე მეურნეობების ხელშემწყობი პროგრამა და სხვა, რამაც ფერმერები ძალიან წაახალისა.

ატმის და ვაშლატამას მოსავლის ძირითადი წილი გურჯაანის რეგიონზე მოდის, თუმცა ატამი მოჰყავთ თელავშიც, ყვარელსა და საგარეჯოს რაიონებში.

ფასები წელს საკმაოდ  სტაბილურია. რეგიონში მოსვლის აღება შუა აგვისტომდე გაგრძელდება.

როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მოსავლის მშივნელოვანი ნაწილი ტრადიციულად სოფელ ჩუმლაყში და მის მიმდებარედ მოდის. იგი კახეთში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ ნიშას მიმდინარე სეზონზეც ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ უამინდობამ ფერმერებს ხელი შეუშალა. ადგილობრივი მეწარმეების ინფორმაციით,  ჩუმლაყში მთელი გურჯაანის ატმის 55% მოჰყავთ. მთლიანოაბში, ატმისა და ვაშლატამას 75% აღმოსავლეთ საქართველოში მოდის.

კახეთის რეგიონის მეწარმე-ფერმერები ხარისხიან პროდუქციაზე ამახვილებენ ყურადღებას, რადგან მათი თქმით, წელს ხილი ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი სეტყვის მიუხედავად, ხარისხიანია. პარალელურად მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

ჩუმლაყელი ფერმერი ბაქარ ჭიკაძე ,,შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარია. პროექტის ფარგლებში მან სამაცივრე მეურნეობა მოიწყო და სეზონზე სხვადასხვა პროდუქციას აქტიურად იბარებს. ატმისა და ვაშლატამას გარკვეული ნაწილი მეწარმემ უკვე ჩაიბარა და სეზონის ბოლომდე მისი საწარმო სრულად დაიტვირთება. მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, ბაქარ ჭიკაძის თქმით, უამინდობამ მაინც დატოვა თავისი კვალი, რის გამოსწორებასაც ახლა ყველა ერთად ცდილობს.

,,ძალიან კარგად დაიწყო სეზონი, მუდმივად გვქონდა კომიუნიკაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ წარმომადგენლობასთან. ფაქტობრივად, ყველა პირობა იყო, მოგეხსენებათ ამინდთან გამკალვება იოლი არ არის. წელს მოსავალი ოდნავ მცირეა შარშანდელთან შედარებით, მაგრამ სამაგიეროდ, ხარისხი შევინარჩუნეთ. ეს იძლევა იმედს, რომ რეალიზაციის პრობლემა არ იქნება.

საერთოდ, კახეთში, განსაკუთრებით კი ჩუმლაყში ატმის მიმართულება მაღალ დონეზე არის განვითარებული. ძნელად მოიძებნება ფერმერი, ვინც აგრარული პროექტების ბენეფიციარი არ არის. სახელმწიფომ ამ მხრივ დიდი შესაძლებლობა მოგვცა და ამ შანსის გამოყენებას ყველა ცდილობს. ცენტრალური უწყების წარმომადგენლები არც ამ სიტუაციაში გვტოვებენ და მათი დიდი დამსახურებაა, რომ ბაზრებზე რეალიზაციის პირობები  და პროცედურა მაქსიმალურად გამარტივებული და კომფორტულია. ჩვენი სამაცივრე მეურნეობა 300-400 ტონას იტევს და იმედი მაქვს, რომ დიდი დატვირთვით მოგვიწევს მუშაობა სეზონის განმავლობაში“, - აღნიშნა ბაქარ ჭიკაძემ.

წელს ატმისა და ვაშლატამას ჩაბარების პრობლემა არ შექმნია მეწარმე თეიმურაზ სონღულაშვილს, რომელიც ,,შეღავათიანი აგროკრეტიტის“ კიდევ ერთი ბენეფიციარია. გარდა იმისა, რომ პროდუქციის აქტიური შესყიდვა დაიწყეს, მუშახელის მხრივაც სტაბილური სიტუაციაა და ფასიც მისაღებია.

,,ამინდს თუ არ ჩავთვლით, სხვა დაბრკოლება არ არის, სტაბილური მდგომარეობაა. ატმისა და ვაშლატამას დიდი წილი ექსპორტზე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში გადის, ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, გარკვეულ ნაწილს გადამამუშავებელი მრეწველობა ჩაიბარებს, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში ძალიან განვითარდა. ხარისხის, შესაბამისად, ფასიც სტაბილურია. 80 თეთრიდან იწყება ვაშლატამას ფასი და 2-3 ლარის დიაპაზონშია.

მართალია, მოსავალი წელს ნაკლებია შარშანდელთან შედარებით, მაგრამ ხარისხს ამინდმაც ვერაფერი დააკლო, რაც გვაიმედებს. მთავარია, რეალიზაციის საკითხი იყოს მოგვარებული, რაშიც ფაქტობრივად ყველა პირობა გვაქვს შექმნილი. რაც შეეხება გასაღების ბაზრებს, ნაწილობრივ, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, მაგრამ უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გადის. ძირითადად მიაქვთ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენს ატამს იცნობენ - უკრაინაში, ყაზახეთში, სომხეთში, რუსეთში, ბელორუსში. ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები მაცივარ-ტრაილერებით შემოდიან და ჩვენი ატამი ადგილზე ხარისხის დაცვით ჩააქვთ“, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას სონღულაშვილმა.

წლევანდელ მოსავლიანობას აფასებენ ფერმერებიც. მათი ინფორმაციით, სეტყვისგან დაზიანებული  მოსავლის ნაწილი უკვე ჩააბარეს, თუმცა დიდი ნაწილი უამინდობას გადაურჩა და კარგ ფასადაც ახერხებენ გაყიდვას. გურჯაანელი ფერმერის ვანო მეურმიშვილი კრეფას დაახლოებით მომდევნო კვირას  დაასრულებს. ატმისა და ვაშლატამას ნაწილი მან ადგილობრივ სამაცივრე მეურნეობაში 1,60 ლარად ჩააბარა და ამბობს, რომ კმაყოფილია.

,,მოსავალი ორ ნაწილად დავყავი - სექტყვისგან დაზიანებული და შედარებით ხარისხიანი, რომელიც უამინდობას გადაურჩა. განსხვავებულ ფასში, მაგრამ ორივე ჩავაბარე. ხარისხიანი მოსავალში 1,60 ლარი გადამიხადეს. სეზონის განმავლობაში ამინდიდან გამომდინარე გარკვეული დაბრკოლება იყო და ამ ყველაფერს შიში ახლდა, მაგრამ პრობლემა გადავლახეთ.

მნიშვნელოვანია, რომ   დარგს დიდი მხარდაჭერა აქვს მთავრობის მხრიდანაც, პროცესში, ფაქტობრივად, ყველა რგოლი იყო ჩართული, რაც ძალიან დაგვეხმარა, ეს მხარდაჭერა ყველა ფერმერმა მეტ-ნაკლებად იგრძნო. მეზობელ ქვეყნებში ადგილობრივი ფულის გაუფასურებას ჩვენი პროდუქტის ფასზე არ უმოქმედია, ესეც დიდ სტუმულს გვაძლევს.  ვფიქრობთ, მომდევნო პერიოდში ამ ხილის ფასი კიდევ გაიზრდება“, - უთხრა ,,რეზონანსს“ ვანო მეურმიშვილმა.

რაც შეეხება ფასს,  ვაშლატამა დაახლოებით 1,20-1,60 ლარი ღირს, ატამი - 1,50-1,80 ლარის ფარგლებშია. პროდუქტი აქტიურად იყიდება შიდა ბაზარზე. პარალელურად ექსპორტზე გადის გადის რუსეთის ფედერაციაში, ასევე უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა.  ექსპორტირებული ატმის ღირებულებამ 11.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×