1 ტონა არმატურის ფასი 1000 დოლარს აჭარბებდა, ახლა 25%-ით გაიაფდა, მაგრამ ეს არავის აინტერესებს
ქეთო გოგოხია
20.07.2023

ბაზარზე სამშენებლო მასალების გაიაფება დაიწყო, თუმცა უძრავი ქონების ღირებულება კვლავ უცვლელად მაღალ ნიშნულზეა შენარჩუნებული. ოფიციალური სტატისტიკით დადასტურდა, რომ ივნისში სამშენებლო მასალები თითქმის 10%-ით გაიაფდა, რაც სეგმენტში პირველი სერიოზული  შემცირება ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ სამშენებლო მასალების ფასი მიიჩნეოდა უძრავი ქონების ბაზარზე გაძვირების ძირითად მიზეზად, მოთხოვნის მკვერთ მატებასთან ერთად. ახლა ორივე ფაქტორი ფაქტობრივად გამოირიცხა და რას ელიან ახლო მომავალში?

ყველა მიმართულებით ფასების შემცირების ტენდენციაა და მაშინ რა საფუძველი აქვს გაძვირებას, როცა მშენებლობის ინდექსიც შემცირებულია? ვხედავთ, რომ სამშენებლო მასალები დიდი ხანია აღარ ძვირდება და უკვე საგრძნობი შემცირებაც არის დაწყებული.

"საქსტატის" ინფორმაციით, ივნისში მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების წლიური ინდექსი 9.4%-ით შემცირდა. მათ შორის,   შენობები და ნაგებობებს  სამშენებლო სამუშაოების ქვეჯგუფში  ფასების კლებამ  11.6%-იც კი შეადგინა.

გარდა ამისა, ელექტროსამონტაჟო, წყალგაყვანილობის და სხვა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები გაიაფდა 7.6%-ით; სამშენებლო დამამთავრებელი და მოსაპირკეთებელი სამუშაოები - 5.9%-ით, ხოლო სხვა სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოებზე ფასების კლებამ 20.6%-იც კი შეადგინა.

სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ღირებულება კლების მიმართულებით არ შეიცვლება და ამ მხრივ სამშენებლო მასალების გაიაფება გავლენას არ მოახდენს, თუმცა ბაზარს გაძვირებისგან დაიცავს. კომპანია ,,არსის“ აღმასრულებელი დირექტორის ბესო ორთოიძის განცხადებით, სექტორი სტაბილურად ვითარდება და საფასო ცვლილება მომდევნო პერიოდში მოსალოდნელი არ არის. მისი შეფასებით სამშენებლო მასალების მნიშვნელოვანი გაიაფება არ მომხდარა.

,,მნიშვნელოვნად არაფერი გაიაფებულა. 10% ის მაჩვენებელია, რომელიც წესით, გავლენას მოახდენს, რაც ჯერჯერობით არ იგრძნობა. ყოველ შემთხვევაში, ჩემამდე მსგავსი ინფორმაცია არ მოსულა. შეიძლება უძრავი ქონების ფასები არ გაიზარდოს იმ  ტემპით, როგორც მატულობდა. გააჩნია იმასაც, რომელიც კატეგორიის სამშენებლო მასალები იაფდება. თუკი ეს არის არმატურა და რკინა, მათი ფასი მკვეთრად თუ არ შეიცვალა, ერთეულ მასალებზე 10%-იანი კლება გავლენას რეალურად ვერ მოახდენს. რაც შეეხება ბეტონს, ბოლო პერიოდში გაძვირდა კიდეც.

გარდა ამისა, სამშენებლო მასალების ფასების მხრივ გასული წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, სადაც მაღალი ზრდა გვქონდა, წელს ეს ფასები უკვე დასტაბილურდა. მცირედი სხვაობა როდესაც არის ეს ნიშნავს, რომ ფასი დოლარის კურსზეა მიბმული ან გლობალური ბაზარი აკორექტირებს“, - აღნიშნა ბესო ორთოიძემ ,,რეზონანსთან“.

სამშენებლო მასალების რეალიზატორები კი ადასტურებენ, რომ ფასები შემცირდა, განსაკუთრებით კი ლითონის გაიაფებაზე საუბრობენ. ეს"რეზონანსთან" საუბრისას კომპანია ,,ციტადელის“ წარმომადგენელმა დაადასტურა:

,,სამშენებლო მასალების ბაზარზე გაიფება ნამდვილად მოხდა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ფასები ნამდვილად შემცირდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში. ცვლილება მეტ-ნაკლებად ყველა კატეგორტიას შეეხო.  განსაკუთრებით კი ლითონი გაიაფდა. რაც შეეხება მოთხოვნას, სტაბილურად მზარდია. ვფიქრობ, საფასო დინამიკა შენარჩუნდება, ჯერჯერობით არ არის ისეთი ნიშნები, რამაც შეიძლება სიტუაცია გაძვირებისკენ შეცვალოს“, - გვითხრეს  ,,ციტადელში“.

გაიაფების ტენდენციაზე ისაუბრა ,,რეზონანსთან“ კომპანია ,,კავკას მეტალის“ დამფუძნებელმა დავით ნინუამ. მისი თქმით, არმატურის წარმოებაში პრობლემა, ძირითადად, პანდემიურ პერიოდს უკავშირდება, რაც დაძლეულია და არანაირი ნიშნები არ ჩანს, რომ მოცემულობა გრძელვადიან პერიოდში შეიცვალოს.

,,გადავლახეთ პერიოდი, როცა 1 ტონა არმატურის ფასი 1000 დოლარს აჭარბებდა, ახლა პროდუქცია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 20-25%-ით არის გაიაფებული. მარტო მაისი-ივნისი რომ ავიღოთ, დაახლოებით 10%-იანი კლებაა. არმატურის გარდა, რეალიზაციაში გვაქვს მაღალი ხარისხის მავთულები, გლინულები, სამშენებლო ლამინატი და რკინის ნაკეთობები, სადაც ასევე მცირე კლება შეინიშნება“, - აღნიშნა ნინუამ.

რაც შეეხება მშენებლობის ინდექსს, ივნისის მონაცემი ოფიციალურად ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის. მაისის მდგომარეობით კი საპირისპირო ტენდენციაა.  კერძოდ, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2023 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 2.5 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9%-იანი ზრდით, რამაც 2.55 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×