"რაც საქართველოში ავტოგასამართ სადგურებში იყიდება, დიდი ალბათობით სულაც არ არის მანქანებისთვის განკუთვნილი პროდუქტი"
ქეთო გოგოხია
24.07.2023

თხევადი საავტომობილო გაზის ხარისხის კონტროლი აუცილებელია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ თხევად გაზზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებები ეკოლოგიის ერთ-ერთ დამბიძნურებლებს წარმოადგენენ, ამიტომ ხარისხზე მათი შემოწმება ინტენსიურად უნდა ხდებოდეს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა სახარბიელო არ არის, რადგან კონტროლი, ფაქტობრივად, არ ხორციელდება და არც ლაბორატორიაა, სადაც შეიძლება გაზის გამონაბოლქვის შემოწმება ხდებოდეს.

,,ავტომობილების  გამონაბოლქვის შემოწმებაზე რამდენიმე მხარის ინტერესი გამოიკვეთა, ცხადია, ხარისხის კონტროლი აუცილებელია. სადაც საჭირო იქნება, ყველას დავუდგებით გვერდით, რადგან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ვიხდით ფულს და მოვითხოვთ, რომ ხარისხი გაკონტროლდეს. ბენზინის და დიზელის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი მოწმდება, თხევად აირზე  მომუშავე ავტომობილისთვის, შესაბამისად, არ ვიცით, როგორი ხარისხისაა იგი და რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ვინმე აპირებს შემოწმებას, სად აპირებს, ესეც უნდა ვიცოდეთ.

ვინაიდან თბილისში გაზის გამონაბოლქვის შემოწმებისთვის ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის, ელემენტარულად, ლაბორატორიები მაინც უნდა გვქონდეს, რის დეფიციტსაც დარგი განიცდის. რისკი კი მაღალია და ამიტომ დროა, რამე მოვიფიქროთ. თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ, ამ ქვეყნის ტრანსპორტის 85% თხევად აირზეა გადასული -  კერძო ავტომობილები თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძალიან კარგი ხარისხის თხევად საწვავს იყენებენ“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

თურქეთისგან განსხვავებით, რეალურად უცნობია, რეალურად როგორ თხევად აირს მოიხმარს საქართველო და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გამოყენება არის თუ არა ნებადართული.

,,თხევადი გაზის შემოწმება საჭიროა ლაბორატორიებში. ერთხელ მაინც უნდა მოხდეს ნიმუშის გატანა და შემოწმება. თურქეთს აქვს შესაბამისი ლაბორატორიები, სადაც შეიძლება შემოწმდეს, რამდენად უსაფრთხოა მათ მოხმარება ტრანსპორტში.  ბუნებრი აირზე არ ვლაპარაკობ, რომელსაც დიდი გამონაბოლქვი არ აქვს, მაგრამ შეიძლება თუ არა მოხმარებადი იყოს ავტომობილებში თხევადი გაზი, ეს უნდა ვიცოდეთ.

ეჭვი მაქვს, რომ ეს არ არის ის გაზი, რომლის გამოყენება შეიძლება უსაფრთხო იყოს.  უხარისხო პროდუქციის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.  რა მდგომარეობაც დღეს ავტოგასამართ სადგურებზეა, თხევადი აირის იმპორტსა და რეალიზაციასთან დაკავშირებით, კატასტროფაა. ნებისმიერ ქვეყანაში არავინ დაუშვებდა, რომ ასეთი მოუწესრიგებელი ავტოგასამართი სადგურები იყოს.

რა თხევადი აირიც საქართველოში ავტოგასამართ სადგურებში იყიდება, სინამდვილეში სულაც არ არის მანქანების მოსახმარი პროდუქტი. ვთქვათ სიმართლე - ეს არის საყოფაცხოვრებო აირი. პრობლემურობიდან გამომდინარე, ჩვენი კავშირი სვამს საკითხს თხევადი აირის ხარისხის, მისი ტექნიკური მოწოდების და ავტოგასამართი სადგურების ტექნიკური მოწესრიგების კუთხით, რასაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.

ეკონომიკის სამინისტრო უნდა დაინტერესდეს, სპეციალისტები არსებობენ, რომლებსაც ლაბორატორიები ჰქონდათ.  მათი რეკომენდაციები გასათვალისწინებელია. უნდა დაისვას საკითხი, შეიძლება თუ არა ჩრდილო კავკასიიდან მოწოდებული თხევადი გაზი გამოვიყენოთ ავტომობილებში“, - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" ვახტანგ იობაშვილმა.

რაც შეეხება შემოწმების ინტენსივობას. როგორც შპს ,,ეტალონის“  ლაბორატორიის ხელმძღვანელმა თემურ ფილიშვილმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, მოწმდება თუ არა თხევადი გაზის ხარისხი და რა დონეზეა კონტროლი, ვინაიდან შესაბამისმა ლაბორატორიამ მუშაობა დაახლეობით 10 წლის წინ შეწყვიტა და მას შემდეგ კონტროლთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს.

,,არსებობს სტანდარტი საყოფაცხოვრებო დაჭირხნული გაზისა და სპეციალური სტანდარტი დაჭირხნული საავტომობილო გაზის შესახებ. ხარისხი სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ ამოწმებს ვინმე თუ არა საქართველოში, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. დაჭირხნული პროპან-ბუტანის გაზი საავტომობილო დანიშნულებისთვის აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებაა. 

ცხადია, სუნი უნდა ჰქონდეს ნებისმიერ გაზს და ვინაიდან გაზი თავისი ბუნებით უსუნოა, სპეციალური ნივთიერება ემატება, რაც აძლევს სუნს, მაგრამ ნორმის დაცვა აქაც აუცილებელია. ამ ნივთიერების დამატების გარეშე  გაზი შეიძლება აფეთქდეს კიდეც ისე, რომ საფრთხის შესახებ წინასწარ ვერავინ გაიგებს. 

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კრიტერიუმი, თუ რამდენი უნდა იყოს პროპანის და ბუტანის შემცველობები გაზში, რაც სუფთა ქიმიაა. უჯერი ნახშირწყალბადებიც ლიმიტირებულია, რაც ასევე არის შესამოწმებელი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი დეტალებია, რაც თხევადი საავტომობილო გაზის  უსაფრთხოებას ეხება. ვერ გეტყვით, არის თუ არა კონტროლი“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ თემურ ფილიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საყოფაცხოვრებო გამოყენების თხევადი აირი არ იწარმოება და ბაზარი მთლიანად მეზობელი ქვეყნებიდან მარაგდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×