"ადგილობრივებისთვის საკუთარ ქვეყანაში დასვენება უკვე დიდი პრობლემა გახდა“
ქეთო გოგოხია
24.07.2023

ქართველებისთვის დასვენების ხარჯი ყოველ სეზონზე კატასტროფულად მატულობს, რის გამოც ხალხი უკვე კურორტებზე გამგზავრებასაც ვეღარ ბედავს. საოჯახო სასტუმროები რომ ავიღოთ, დღიური ხარჯი თითო ადამიანისთვის, საშუალოდ, 150 ლარს შეადგენს, ხოლო 1 კვირით დასვენების საფასური 1000 ლარს აჭარბებს, ხოლო ოჯახის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 3000 ლარს აღწევს. კიდევ უფრო მაღალია ფასი მთის კურორტებზე, სადაც დასვენება გაცილებით ძვირი ღირს.

საზღვაო კურორტებზეც კი, სადაც ტურისტების დეფიციტზე საუბრობენ, ფასები კლების ნაცვლად, მატულობს და დასვენება ეკოლოგიური რისკის პირობებშიც კი პრობლემაა ათასობით ადგილობრივი მოქალაქისთვის.

როგორც ,,ბიზნეს-რეზონანსმა“ დაყრდნობით გაარკვია, განსაკურთრებით უჭირთ ბავშვიან ოჯახებს, სადაც დღიური ხარჯი კვებისა და გართობის ჩათვლით, 300 ლარს აღემატება.

ამდენად, კურორტზე დამსვენებლებს თავის შენახვა იმდენად ძვირი უჯდებათ, რომ ამისთვის მოქალაქეები ხშირად მთელ დანაზოგს ხარჯავენ ან სანათესაოში არჩევენ დასვენებას. ვისაც რეგიონში სახლი არ აქვს ან ნათესავთანაც არ მიესვლება მთელი სეზონის განმავლობაში ქალაქიდან გასვლას საერთოდ ვერ ახერხებს. უამრავი ოჯახი დიდი ქალაქებში გამოკეტილია.

ჩვენი რესპონდენტი, სენაკელი ნათია ქვარცხავა საზღვაო კურორტ გონიოში ამჟამად ოჯახთან ერთად ისვენებს. ამბობს, რომ სასტუმრო აუზის გამო შეარჩია, რადგან ზღვაზე გასვლის ეშინია. შესაბამისად, ამგვარ სასტუმროში მარტო განთავსების ღირებულება 300  ლარია.

,,ასეთი ძვირი ზაფხული არ ამ მახსოვს. შარშან სწორედ სიძვირის  გამო ვერ მოვახერხეთ დასვენება, წელს ფასი კიდევ უფრო გაიზარდა. 2100  ლარი გვიჯდება 1 კვირიანი საგზური, ეს მხოლოდ განთავსების ფასია. ამას ემატება კვებისა და გართობის ღირებულებაც, ბავშვი გვყავს და მცირე ხნით გამყავს სათამაშოდ, სადაც ასევე ,,ცეცხლის ფასები“ გვხვდება.

დასვენებისთვის მცირე დანაზოგი ხელფასიდან გავაკეთე, ნაწილიც სესხი ავიღე ბანკიდან. წელს 2 კვირიანი დასვენება სასტუმროში, ყველა ხარჯის გათვალისწინებით 4000 ლარია, ამ ფასად საზღვარგარეთაც შემეძლო წავსულიყავი“, - განაცხადა ნათია ქვარცხავამ. 

რაც შეეხება მთის კურორტებს, როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივები მაღალი კლასის სასტუმროებში დასვენებას იშვიათად ახერხებენ, ამიტომ უმეტესობა საოჯახო სასტუმროს ან სულაც ოჯახებში დასვენებას არჩევს, სადაც ფასების ზოგ შემთხვევაში  სასტუმროს ხარჯის ანალოგიურია.

სურამში მდებარე საოჯახო სასტუმროებში წელს დამსვენებლების სიმცირეს დიდად არ უჩივიან. ფასები იქაც გაზრდილია. კონკრეტული მიზეზი, რამაც  სასტუმროებში ტარიფების მატება გამოიწვია, უცნობია, რადგან რეალურად ყველა ფაქტორი გაიაფების წინაპირობა უნდა გამხდარიყო, განსაკუთრებით საკვები პროდუქტების სეზონური  ფასი. სექტორში ხშირად საუბრობენ, რომ ხარჯი გაეზარდათ, თუმცა რა თანხაზეა საუბარი, ხშირად სახლებისა და სასტუმროების მფლობელები ვერც აკონკრეტებენ.

თბილისელი დამსვენებელი ლიკა ყურაშვილი ამბობს, რომ ქაოსურად იზრდება ფასი, ვინაიდან სასტუმრო მომსახურების პირობები და ინფრაქტრუქტურა წინა წელთან შედარებით არც შეცვლილა და არც დამსვენებლების ბუმია, რომ მოთხოვნაზე აისახოს.

,,სურამს ყოველწლიურად ვსტუმრობ ჯანმთელობის პრობლემის გამო. შარშან ნომერში 80 ლარს ვიხდიდი, წელს 100 ლარი ღირს, გართობაზე თვალი ნაკლებად მიჭირავს, მთავარია სუფთა ჰაერზე ვიყო, ამიტომ, ძირითადად, კვებაში მეხარჯება ფული. მარტო ვისვენებ, დღიურად 30-40 ლარი მაინც მინდა, რომ ცოტა ნორმალურად ვიკვებო და აუცილებელი პროდუქტი მივიღო. სასტუმროში კვების მომსახურებით არ ვსარგებლობ, ასეთი სერვისი, განთავსებიანად,  250 ლარი ღირს თითო ადამიანზე, შარშან, 200 ლარადაც შეიძლებოდა.

როცა გაძვირების მიზეზს ვკითხულობ, ყველა ამბობს, რომ ხარჯი გაეზარდათ, მაგრამ რა გაუძვირდათ, ამას ვერ ვხვდები, არც ისეთი დატვირთულობაა, რომ ფასების შეცვლა გამხდარიყო საჭირო. ყოველწლიურად ასე თუ გაგრძელდება, ადგილობრივებისთვის საკუთარ ქვეყანაში დასვენება დიდი პრობლემა გახდება“, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ლიკა ყურაშვილმა.

რაც შეეხება მთის სხვა კურორტებს, ერთ-ერთი ძვირადღირებული მომსახურებით გამოირჩევა ყაზბეგი, სადაც თითო ადამიანის დასვენება დღიურად ყველა აუცილებელი სერვისსი ჩართვით, 300 ლარია, ბრენდულ სასტუმროებში გაცილებით მაღალი ტარიფებიც მოქმედებს. რაჭა კი, რომელიც მაღალი კლასის სასტუმროებით დიდად ვერ დაიკვეხნის და ძირითადად, ოჯახებს ირჩევენ დამსვენებლები, დასვენება თითო ადამიანს დღეში 130 ლარის ფარგლებში უჯდება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭრებალოში  მეგობრები - თეონა ხვედელიძე და მარიამ კილაძე ისვენებენ. როგორც თეონამ გვიამბო, მოკრძალებულ პირობებში, ოჯახში დაბინავდნენ, სადაც დასვენება სასტუმროსგან შედარებით ნაკლებია, მაგრამ პირობები სახარბიელო არ არის.

,,მოკრძალებულ გარემოში ვართ, გვყავს ახალგაზრდა დიასახლისი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ კარგად დავისვენოთ, თუმცა შესაბამისი პირობები ნაკლებადაა.  თვითონ ვიმზადებთ სადილს, მინიმუმ, ორჯერ მაინც რომ ვიკვებოთ ორ ადამიანს 50 ლარი  გვინდა, ისიც ძალიან ეკონომიურად რომ დავხარჯოთ. ხან ვახერხებთ, ხან - ვერა. არიან ოჯახები, სადაც გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ სტუმრების მისარებად, მაგრამ  150-200 ლარს ითხოვენ.

რეგიონში სულ რამდენიმე ბრენდული სასტუმროა, სადაც 300 ლარიდან იწყება ტარიფები, არარეალური ფასებია. ლამაზი ბუნებაა და ეს უპირატესობა აქვს რაჭას, მართალია, ინფრასტრუქტურაც შედარებით მოწესრიგდა ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ არც იმ დონეზე, რომ ასეთი ძვირი გვიჯდებოდეს დასვენება. მით უმეტეს, მაღაზიების სიმცირეა, ადგილზე მეტწილად დისტრიბუცია მუშაობს, რომლებიც პროდუქცია ძალიან ძვირად ყიდიან “, - უთხრა თეონა ხვედელიძემ ,,ბიზნეს -რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×