"შეიქმნა ალტერნატიული მარშრუტები და ამან ზეგავლენა მოახდინა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უფრო გაიზარდა ინტერესი"
თიკა სიბოშვილი
07.08.2023

ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების წილი იზრდება და იკვეთება, რომ საქართველოს ამ მხრივ კარგი სტარტი აქვს აღებული. 2023 წელსაც ქვეყანაში საკმაოდ დიდი კაპიტალი შემოდის, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. სპეციალისტები პირდაპირ აღნიშანვენ, რომ სამომავლო მოლოდინიც პოზიტიურია და მონაცემები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, თუმცა ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.

საქართველომ, ყველაზე რთული, პანდემიის შემდგომი პერიოდიდან დანაკარგის შევსება დაიწყო და პოზიციების საკმაოდ დამაჯერებლად გამყარება მოახერხა. შარშან ყველა დროის რეკორდი მოიხსნა და ქვეყანაში 2 მილიარდი აშშ დოლარი უცხოური კაპიტალი შემოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის I კვარტლის მონაცემები, შარშანდელი, ანალოგიური დროის მონაცემებს ჩამორჩება, უნდა ითქვას, რომ იგი ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ყველა სხვა წლების შედეგს მნიშვნელოვნად აღემატება.

როგორც ფინანსისტი, გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს ის მაჩვენებლები, რაც ახლა გვაქვს შთამბეჭდავია, თანაც ინვესტიციები, ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში იდება.

„ბოლო 10 წლის დინამიკას, რომ შევხედოთ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა შარშან, რამაც ჯამში 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასეთივე მაღალი მაჩვენებელი გასულ წლებშიც გვქონდა, მაგალითად 2017 წელს. ერთადერთი 2020 წელი იყო ძალიან მძიმე, ამ დროს წინა პერიოდთან შედარებით ინვესტიციების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2021 წელს კი, მოიმატა. რაც ყველაზე  მნიშვნელოვანია, შარშან ინვესტიციები 61%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ პროცესს აღმავალი დინამიკა აქვს.

მიმდინარე წელს პირველ კვარტალში გვაქვს 497 მლნ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. მართალია ეს ნაკლებია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, როცა 575 მილიონი იყო, მაგრამ დაფიქსირებული 497 მილიონი არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პირველ კვარტალში ბოლო 10 წლის განმავლობაში, თუ შარშანდელ წელს არ ჩავთვლით.

ყველაზე მსხვილი ინვესტორები ევროკავშირის ქვეყნები იყვნენ, ასევე გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, აშშ და თურქეთი, ეს ტენდენცია კი წელსაც გრძელდება. კაპიტალი ეკონომიკის ყველა მიმართულებით იდება - უძრავი ქონების, ფინანსური სექტორის, დამამუშავებელი მრეწველობის და ენერგეტიკის მიმართულებით. 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილია 64%-მდე, ასევე 3-ჯერ არის გაზრდილი ინვესტიციები სააქციო კაპიტალში, ხოლო ყველაზე მცირე სამომავლო ვალდებულებებშია. ეს ნიშნავს, რომ  საქართველოსადმი მდობა იზრდება“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ცუცქირიძემ და დასძინა, რომ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობნით უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ წელსაც შესანიშნავი შედეგი გვექნება.

„რეინვესტირების გაზრდილი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტორები მოგებას ტოვებენ საქართველოში. როცა რჩება ფული ქართულ ეკონომიკაში, ეს ისევ ეკონომიკისთვის არის სტიმული. ესაა შედეგი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ზრდა უკვე ბოლო 2 წელია. რეინვესტირება ასევე ნიშნავს იმასაც, რომ გრძელვადიანი სტაბილიზაციის განცდა აქვს ინვესტორს და ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალ წლებში ექნება სტაბილური განვითარება, რასაც ასევე ადასტურებს ბევრი კვლევა.

პირველი კვარტალის მონაცემებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელსაც მაღალი მაჩვენებელი გვექნება ინვესტიციების მხრივ. მეორე კვარტალი კიდევ უფრო გამოკვეთს ამ ტენდენციას და ჩემი  შეფასებით, საკმაოდ დადებითი შედეგი უნდა გვქონდეს, სავარაუდოდ, 350 დან 400 მილიონამდე. ასევე  წლის ბოლოსაც ჩვენ საკმაოდ კარგ მაჩვენებელს ველოდებით.

მიუხედავად იმ გლობალური გამოწვევებისა, რაც დაკავშირებულია უკრაინის ომთან და გაჭიანურებულ ხასიათთან, ქართული ეკონომიკა მაინც ინარჩუნებს მაღალ მიმზიდველობას უცხოური ინვესტიციების მხრივ, რაც არის თავისებური ინდიკატორი ეკონომიკის მიმზიდველობისა. გვაქვს საკმაოდ კარგი პოტენციალი, მათ შორის ენერგეტიკაში, მშენებლობაში. ოპტიმისტური უნდა იყოს შეფასება წელსაც, მით უმეტეს პოლიტიკური რყევები არ არის, სტაბილურად ვითარდება ეკონომიკა. მაგალითად, წლის დასაწყისის მშპ-ს პროგნოზი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი და უკვე 3,5% ით არის გაზრდილი“, - დასძინა ცუცქირიძემ.

ფაქტია, საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. ქვეყანა ამ კუთხით უკვე კარგა ხანია მიმზიდველია და მნიშვნელოვანია ამის შენარჩუნება. ეს განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკაზე.

აფბას ანალიტიკოსის ბაჩო ჯინჭარაძის შეფასებით, სამომავლო მოლოდინი უცხოური ინვესტიციების მიმართ დადებითია და ტენდენცია პოზიტიურად უნდა გაგრძელდეს.

„იმ გარემოში და რეგიონში, რომელშიც ვართ ყველგან რთული სიტუაციაა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ განსაკუთრებით დამძიმდა მდგომარეობა, თუმცა ამან  იქვე გააჩინა შესაძლებლობები, რომლის მიხედვითაც უცხოური კაპიტალის ნაკადი გადამისამართდა სხვადასხვა ამიმართულებით.

შეიქმნა ალტერნატიული მარშრუტები და გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ უფრო გაიზარდა ინტერესი. განსაკუთრებით იმ სტაბილურ გარემოებაში, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ.

ცხადია,  გვაქვს სახარბიელო სიტუაცია. გამოხმაურებები, საერთაშორისო ჟურნალები, გამოცემები, სარეიტინგო კომპანიები თუ სხვა ორგანიზაციები  ჩვენს მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. დადებითად მოიხსენიებენ საქართველოს და შესაბამისად, მოლოდინიც ამ ყველაფრის გათვალისწინებით მხოლოდ პოზიტიურია. არავითარ შემთხვევაში რაიმე პრობლემა არ უნდა  შეექმნას ჩვენს საინვესტიციო  გარემოს“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ბაჩო ჯინჭარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×