რეექსპორტთან დაკავშირებით სანქციების პირველი ნაწილი ძალაში შევიდა, მეორე სექტემბერში ამოქმედდება და ამ დროს შიდა ავტობაზარი კი გადაჯერებულია
თიკა სიბოშვილი
08.08.2023

ავტობიზნესს ცვლილებები უკვე დაეტყო. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტის გამო, მანქანების რეექსპორტი იზღუდება. აკრძალვამ უკვე მოთხოვნაც შეამცირა, თუმცა სექტორის წარმომადგენლების ფიქრობენ, რომ რეექსპორტის 5%-იანი შემცირება, ქვეყანაზე მაინცდამაინც უარყოფითად არ აისახება. შიდა ბაზარზე ფასის კლებას კი თითქმის ყველა იმპორტიორი ადასტურებს. რეალურად რას მოუტანს ეს პროცესები საქართველოს სწორედ ახლა იკვეთება.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი ყველა ქვეყანას ეხება, მაგრამ სომხები, ყირგიზები და ყაზახები მაინც რატომღაც სიჩუმეს ინარჩუნებენ, თითქოს ეს ყველაფერი მათ არ ეხებათ. ამ ეტაპზე, ახალი სანქციების შესახებ მოხსენება მხოლოდ საქართველოს აქვს, ამას ადასტურებს რუსეთიც. მათი ინფორმაციით, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტით მის ტერიტორიაზე მანქანების ტრანზიტი შეჩერებულია.

არსებული მდგომაროება საქართველოსთვის პრობლემურია, რადგან იგი ფარავს პარალელური იმპორტის ნებისმიერ სარგებელს, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს ავტოიმპორტიორებს და სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. ეკონომიკურ სექტორს ასობით მილიონი დოლარი მოაქვს ქვეყნისთვის და ათიათასობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ქმნის.

ავტომობილების ბაზარზე ცვლილებების გამო მოთხოვნის შემცირება უკვე შესამჩნევი გახდა. ინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოში ფასების ვარდნასაც ელიან. როგორც, „ლაიონ გრუპის“ საოპერაციო დირექტორი იოსებ ბორცვაძე აღნიშნავს, ბაზარზე საკმაოდ უკვე დიდი ოდენობით მანქანა დაგროვდა და მისი რეალიზება რთულია, რაც ფასზე გავლენას მოახდენს.

„2022 წელს იყო ფასების პროგნოზირება ჭირდა, ახლა კი ბაზარზე ავტომობილების ჭარბი მიწოდება დაფიქსირდა. შედეგად, მართალია დიდ კომპანიებს ჯერ არ შექმნიათ პრობლემა, თუმცა მცირე კომპანიების ნაწილი დაზარალდა. მათ მოიზიდეს  ინვესტიციები, ჩამოიყვანეს მანქანები, მაგრამ რეალიზაცია უჭირთ, რადგან ბაზარი გაჯერებულია. ჭარბი მიწოდების პირობებში, ფასები, რა თქმა უნდა, დაიწევს, ამით მომხმარებლები ისარგებლებენ“, - აღნიშნა იოსებ ბორცვაძემ.

საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ამერიკიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი 1-ლი აგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების ექსპორტი და რეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან შეიზღუდება.

ბაზარზე არსებული მდგომარეობის გამო ავტოიმპორტიორებმა სიფრთხლე უნდა გამოიჩინონ, რადგან მიწოდების პროცესი გართულებულია, ასევე გაძნელდა ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობაც, რადგან მსყიდველუნარიანობა დაბალია.

მიუხედავად არსებული პროცესებისა, „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორი გიორგი სურგულაძე მიიჩნევს, რომ ეს შექმნილი მდგომარეობა დიდად არ იმოქმედებს ქვეყანაზე, რადგან რეექსპორტის მხოლოდ 5% მოდის რუსეთზე. რაც შეეხება ფასს, ავტომობილები უკვე ამერიკის ბაზარზეც იაფდება, რაც საქართველოზე ისედაც აისახება.

„რეექსპორტი რუსეთის მიმართულებაზე უკვე შეიზღუდა. ეს ყველაფერი რაოდენობრივად არ იყო ისე მნიშვნელოვანი. ჩვენმა კომპანიამ გათვლა დიდი ხნის წინ, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გააკეთა და თვითაკრძალვას მივმართეთ. რუსეთში არ გაგვყავდა მანქანები. შეიძლება ზოგიერთი კომპანია ამას აკეთებდა, თუმცა ეს არ ყოფილა რეექსპორტისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი.

ავტომობილების ბაზარზე არსებული ცვლილებების მიუხედავად, დიდ რყევებსა და კრიზისულ სცენარებს ვერ ვხედავ, თუმცა ცოტათი კორექტირება მოხდება. ეს ყველაფერი დიდად არ იმოქმედებს ღირებულებაზე, ეს ცვლილება იქნება ზუსტად იმდენ პროცენტიანი, რა რაოდენობაც რუსეთში გადიოდა, ანუ 5%-ის ფარგლაბში. იქნება პატარა რყევა, რაც მალევე დასტაბილურდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილების ფასები ისედაც იკლებს. ამერიკის ბაზარზე ბოლო კვლევებით, ინდექსი 15%-ით არის შემცირებული, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აისახება ჩვენს ბაზარზეც“, - აღნიშნა სურგულაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ფაქტი ერთია, შიდა ბაზარი უკვე გაჯერებულია, მანქანების გაყიდვა რთულია, რაც პირდაპირ მოქმედებს ჭარბი ნაშთის გაჩენასა და ფასების ვარდნაზე. თუ პროცესები ამ კუთხით გაგრძელდება ახლო მომავალში მნიშვნელოვან გაიაფებას უნდა ველოდოთ.

"ავტო იმპორტ ჯორჯიას" დამფუძნებლის გურამ როსტიაშვილის შეფასებით, სხვა ქვეყანაში მანქანების რეექსპორტის შეზღუდვამ, გავლენა უკვე მოახდინა, რაც ღირებულებაზეც იმოქმედებს.

„იმ ცვლილებებმა, რაც ხდება, წესით, ფასების კლება უნდა გამოიწვიოს, მაგრამ რეალურად რა იქნება ამის თქმა რთულია. თუკი ქვეყანაში ავტომობილებს არ ყიდიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ღირებულების მომატებას ელოდება, პირიქით, მათ ფიზიკურად ვერ გაჰყავთ სხვა ქვეყანაში და ამიტომ ვეღარ ყიდიან მანქანებს.

როცა შემოდიოდა ხალხი, მანქანები ექსპორტზეც გადიოდა და იყიდებოდა კიდეც, ახლა აღარც შემოდის და ვერც ყიდიან. რაც უფრო ვერ ყიდი საქონელს მით უფრო ცუდია, რადგან დრო გადის და მანქანას ფასი აკლდება. ამიტომაც, სულაც არ ვფიქრობ, რომ ვინმე ღირებულების მატების მოლოდინში არ ყიდდეს და აჩერებდეს ავტომობილს, პირიქით, გაიაფება ალბათ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება“, - აღნიშნა როსტიაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

მსუბუქი ავტომობილები რუსეთის ფედერაციაში საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი საექსპორტო საქონელია. 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან რუსეთში სულ 3786 ცალი ავტომობილი გავიდა, რომელთა ღირებულებაც 53 მილიონი დოლარი იყო. ექსპორტი წლიურად 274%-ით გაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×