საქართველო მცირე ხანს გაუძლებს, მაგრამ საერთაშორისო ტენდენცია აქაც ჩამოაღწევს და ზამთრის წინ ვითარება გართულდება
თიკა სიბოშვილი
14.08.2023

მსოფლიოში ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასი ისევ მაღლა დაიძრა. სიძვირე დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის მოგვარებაზე და დარეგულირებაზე მუდმივად მუშაობენ საერთაშორისო დონეზე, თუმცა შედეგი სახარბიელო არ არის. ჩვენი ქვეყანა ძირითადად იმპორტდამოკიდებულია, ამიტომაც ყოველი საფასო რყევა საფრთხის შემცველია. რა ელის საქართველოს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და აისახება თუ არა მსოფლიო ტენდენცია პირველადი მოხმარების პროდუქტების ღირებულებაზე?

მოლოდინი იმის შესახებ, რომ სურსათი სტაბილურ ფასებს კიდევ დიდხანს შეინარჩუნებდა, არ გამართლდა. არადა, ახლა მოსავლის აღების პერიოდია და ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასების სიყარეზე. საქართველოსთვის, რადგან ძირითადად იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები, რადგან გლობალურ ბაზარზე მომატებული ღირებულება საქართველოზეც პირდაპირ აისახება.

საერთაშორისო ბირჯებზე ძირითადად პირველადი მოხმარების პროდუქტის ფასი მერყეობს, რაც ძალიან საყურადღებოა. ფაო-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ სურსათის ფასების ინდექსი 123,9 პუნქტამდე გაიზარდა, რაც, ივნისთან შედარებით, 1,3%-ით მეტია, თუმცა 2022 წლის ივლისთან შედარებით, 11,8%-ით ნაკლებია. ფაო ივლისის ნახტომს მარცვლეულის გარიგების შეწყვეტასა და ბრინჯის ვაჭრობაზე ახალი შეზღუდვების დაწესებას უკავშირებს.

აზიაში ბრინჯის ფასი 15 წლის მაქსიმუმზეა. უფრო კონკრეტულად კი, ტაილანდური თეთრი ბრინჯის გაცვლითი ფასები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 1 ტონაზე 648 დოლარს შეადგენს. ასევე მაღალ ნიშნულზე შაქრისა და ზეთის ფასიც.

აკადემიკოსი პაატა კოღუაშშვილი, „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები ჩვენს ქვეყანაზე აუცილებლად აისახება.

„მსოფლიო ბაზარზე ფასის გაზრდა ნიშნავს, რომ საქართველოში ავტომატურად მოიმატებს ღირებულება, რადგან ჩვენ, პრაქტიკულად, იმპორტირებულ პროდუქციაზე ვართ დამოკიდებული. ადგილობრივი მოსავალი, რასაც ქვეყანაში ვაწარმოებთ, მხოლოდ 3-4 თვე გვყოფნის. ზუსტად ამიტომ, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები ყოველთვის მოქმედებს და თანაც ძალიან მძიმედ.

ყველაზე ცუდი არის, რომ ამით ისარგებლებენ სპეკულანტები და არაკეთისნიდისიერი ბიზნესმენები, რომლებიც ისევ გაცილებით დაბალი ხარისხის სურსათს შემოიტანენ, მათ შორის გენმოდიფიცირებულს და ამას დაარქმევენ მაღალი ხარისხისას. ისედაც გაჭირვებულ ხალხს უფრო მაღალ ფასად შესთავაზებენ.

ამიტომ, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა ითამაშოს თავისი მარეგულირებლის როლი. ადგილობრივი წარმოება რომ გაცილებით ძლიერი იყოს, მაშინ შედარებით მარტივი იქნებოდა სასურსათო კრიზისთან გამკლავება“, - აღნიშნა კოღუაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტები საკმაოდ ძვირი ღირს.

„არ შეიძლება ისეთ სოციალურ პროდუქტზე, როგორიც არის პური, ფასნამატი 50-55% იყოს. საზამთრო, რომ საზამთროა, მისი მოხმარების ყველაზე აქტიურ ფაზაშიც კი ერთი კილოგრამის ფასი 1.30 ლარია, რაც აქამდე არნახულად მაღალი მაჩვენებელია. ასევე პომიდორის ფასი ისევ გაიზარდა და 2,5-3 ლარი ღირს. ამ ყველაფერს ყურადღება უნდა, რომ არ დაზარალდეს არც მყიდველი და არც გამყიდველი.

ასევე, ხორბლის გაძვირება ნიშნავს, რომ გაძვირდება ყველაფერი: ხორცი, კვერცხი, ცხიმი და ა.შ. მწვანილის ფასი, ბაზარში სადღაც 20 ლარია (1კგ), რაც წარმოუდგენელის. ჩვენ ახლა უკვე ვდგავართ ასეთი პრობლემების წინაშე“, - დასძინა კოღუაშვილმა.

ჯერჯერობიტ ქვეყანაში ყველა წინაპირობაა, რომ სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს, თუმცა მსოფლიოში არსებული კრიზისული ვითარება თუკი გაგრძელდება, ეს საქართველოზეც იქონიების გავლენას. გასათვალისწინებელია, რომ გართულებულია მარცვლეული მიწოდება, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს მდგომარეობას.

პროფესორ ანზორ მესხიშვილის თქმით, მაშინ, როცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტი საკმარისი არ არის, პირდაპირ დამოკიდებული ვხდებით იმპორტირებულ სურსათზე და საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესები ჩვენზე აუცილებლად იმოქმედებს.

„სურსათის გაძვირება, პირველ რიგში, დამოკიდებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე. ჩვენთან საკვები პროდუქტების 80%-შემოდის სხვა ქვეყნებიდან: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და ა.შ. ამიტომ, თუ იქ გაიზრდება ღირებულება, ჩვენთანაც გაიზრდება ფასი. მაგრამ, თუ იმდენი პროდუქტის წარმოებას დავიწყებთ, რომ მინიმალურად დაგვჭირდეს იმპორტირებული სურსათი, მაშინ სარეალიზაციო ფასი სტაბილური იქნება.

ტრადიციულად, პროდუქტეზე ფასი ყოველთვის იზრდებოდა და სამომავლოდაც ასე იქნება. პარალელურად მატულობს ცხოვრების დონე, ხელფასები, ეკონომიკა, ტექნიკა, მეცნიერება, წარმოება და ცხოვრების გაუმჯობესება, როგორც წესი, ფასებსაც ზრდის.

შემცირებისკენ სვლა არის ძალიან პერიოდული. ფასები ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ცვალებადია და უნდა ველოდოთ, რომ კიდევ გაიზრდება“, - აღნიშნა მესხიშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×