რამაზ გახოკიძე: ძალიან ცდება, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ყურსასმენებით საუბრით პრობლემას თავიდან აირიდებს...
ქეთო გოგოხია
14.08.2023

თანამედროვე ტექნიკის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს დიდ რისკს უქმნის. დღეს ადამიანი კომპიუტერისა და მობილურის გარეშე ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მათი ინტენსიური მოხმარება იწვევს მძიმე შედეგს, რაზეც უცხოელი და ქართველი მკვლევარები სულ უფრო ხშირად საუბრობენ. მით უმეტეს რთულია მდგომარეობა ბავშვებში, რომლებიც მობილურთან თანაცხოვრებას ადრეულ ასაკში ეჩვევიან.

როგორც ევროპის ეკოლოგიური კომიტეტისა და ამერიკის ფარმაკოგნოზის საზოგადოების ნამდვილმა წევრმა, აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, უკვე დადასტურებულია, რომ თანამედრივე ტექნიკის გამოყენება ბავშვებში სიმსივნური და გულსისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. საშიშია ფაქტიურად ყველა ტექნიკა, რომელიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროს წარმოადგენს: ტელეფონები, ტელევიზორები, სმარტფონები, ელექტრომაგნიტური ღუმელი და სხვა. განსაკუთრებით კი სმარტოფნი, რომელიც სხეულთან ყველაზე ახლოსაა.

,,რეალური მდგომარეობა რაც ტელეფონის აქტიურ მოხმარებას უკავშირდება მძიმეა, რადგან იგი უამრავ დაავადებასთან ასოცირდება. საშიშროება, პირველ რიგში, უკავშირდება მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებას ადამიანის ტვინზე. ტვინის ნერვული უჯრედები წარმოქმნის რთულ ელექტრულ ქსელს. ტელეფონის გამოყენებისას ხდება უჯრედების აქტიურობის დარღვევა, რაც იწვევს ჰიპერტონიას, არითმიას, თავის ტკივილს, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ყურადღების მოდუნებას, გონებრივი და შემეცნებითი უნარების დაქვეითებას და სხვა.

დამტკიცებულია, რომ ბავშვის ტვინი უფრო მეტ ელექტრომაგნიტურ ენერგიას შთანთქავს და ზიანდება ტვინის უბნები. ამიტომ მობილური ტელეფონის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებში 16 წლამდე და ფეხმძიმე ქალებისთვის ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში," - აღნიშნა რამაზ გახოკიძემ.

კიდევ ერთი პრობლემა რაზეც მეცნიერმა ყურადღება გაამახვილა მენტალურ საკითხს უკავშირდება. ტელეფონზე დამოკიდებულება მუდმივად იზრდება, ამიტომ ამ ტექნიკასთან გონივრულად მოქცევაც უნდა ისწავლონ, რომ რისკი შემცირდეს.

,,ტელეფონების და სმარტფონების აქტიური გამოყენების გამო ადამიანი ფიზიკურად წყდება სოციუმს. მისი გონებრივი უნარი ქვეითდება, აგრესიის გამომწვევი მიზეზიც ამაში უნდა ვეძებოთ. ტელეფონით მუდმივად არათუ საუბარი, ტარებაც არ შეიძლება, რადგან იწვევს ტემპერატურის მატებას, არტერიული წნევის გაზრდას და სხვა.

ვურჩევ მომხმარებლებს, რომ ელექტრული ტექნიკისგან 3-4 მეტრით იყვნენ მოშორებულები. არ ატარონ ჯიბით, საუბრისას 3 სმ-ით მაინც უნდა იყოს ყურთან მოცილებული. ყურსასმენით საუბარიც გარკვეული ზიანის მომტანია. ძალიან ცდება, თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ამით პრობლემას აირიდებს. სინამდვილეში ყურსასმენსაც ყველაზე ძლიერი გამოსხივება აქვს. პირველ რიგში მოქმედებს ფსიქიკაზე და იმუნურ სისტემაზე. იწვევს პიგმენტური ლაქების გაჩენას და სხვა. 

ამდენად, ტელეფონი და სხვა ნივთები, რომლებიც სახლში გვაქვს, ხელში გვიჭირავს და ყოველ ღამე საწოლთან გვიდევს, მიკრობების გამრავლების ხელშემწყობი და თავის ტვინის კიბოს განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. არაერთხელ მითქვამს, რომ სამზარეულოში ძალიან ბევრი ბაქტერიაა, რასაც კაცობრიობისთვის დიდი ზიანი მოაქვს, მაგრამ ათიათასჯერ მეტი ბაქტერიაა ტელეფონის ეკრანზე. ამ დროს უამრავი ადამიანი ტყუილუბრალოდ იყენებს მას - თამაშობს, მუსიკას უსმენს და ვერც კი ხვდება რა დიდ ზიანს აყენებს საკუთარ თავს," - განაცხადა რამაზ გახოკიძემ.

მობილური ტელეფონების გამოყენებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება შემდეგ დაავადებათა რისკი: როგორიცაა ბავშვთა ლეიკემია, კატარაქტა და და თვალის სხვა დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ლეიკოზი, ტვინის სიმსივნე. პირის ღრუს კიბო, ალცჰაიმერის დაავადება და სხვა.

,,ადამიანები მობილური ტელეფონით საუბრობენ რამდენიმე საათს დღე-ღამეში. ორგანიზმისთვის ეს კოლოსალური დატვირთვაა. გაჩნდა ე.წ. ,,მობილური" დამოკიდებულება.

ტელეფონი აქვეითებს ინტელექტს და ლიბიდოს. დამტკიცებულია, რომ ელექტრომაგნიტური ტალღები ადამიანის ორგანიზმში იწვევს ცვლილებას უჯრედულ დონეზე. დღეს ცხოვრება მობილური ტელეფონის, ტელევიზორის და კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ ასევე შესაძლებელია მათგან სარგებლის მიღება, თუკი რეკომენდაციებს დავიცავთ", - დასძინა რამაზ გახოკიძემ.

ბავშვებში ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა ბიზნეს-რეზონანსთან პედიატრმა მაია აბულაშვილმა, რომელიც ასევე ადასტურებს მომეტებულ საფრთხეს.

,,ადრეულ ასაკშივე ბავშვის ყურადღებას იპყრობს მოციმციმე, ფერადი გამოსახულებები, მულტიპიკაციური პერსონაჟების ხმა და სხვა. უკვე მოზრდილი კი ეჩვევა თამაშს მობილურით, პლანშეტით და ფლეერებით. ნებადართულია რომ ბავშვმა ტელევიზორთან მაქსიმუმ ერთი საათი გაატაროს, მობილურთან - 30 წუთი. სამწუხაროდ, ამ წესებს რეალურად არავინ იცავს.

ტექნიკის წინსვლა მრავლმხრივ სასარგებლოა, მაგრამ დიდია რისკიც, რის გამოც ეკრანთან დიდხანს ჯდომა საზიანოა. გამოსხივება მავნებელია თვალებზე, გონებაზე, ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზეც.

აქედან გამომდინარე, ჩემი რეკომენდაციაა, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებს საერთოდ არ ჰქონდეს ტელეფონთან შეხება. 3-5 წლის პატარებისთვის მაქსიმუმ ერთი საათი დასაშვებია. ეს ხანგრძლიბობა შეიძლება 3 საათამდე გავზარდოთ 6-18 წლის ასაკში. ამ წესებს თუ დავიცავთ ჩათვალეთ, რომ საკუთარი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც დავიცავთ", - აღნიშნა მაია აბულაშვილმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მობილური ტელეფონების და კომპიუტერული ტექნოლოგიის განოსხივება აღიარეს პოტენციურ კანცეროგენად და ქლოროფორმის, დდტ-ს, ბენზოლის მსგავსად, "ადამიანისთვის შესაძლო კარცეროგენური" ფაქტორების რისკთან გაათანაბრეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×