მსოფლიოში მოსავლიანობა გაიზარდა და ფასიც დაეცა, ჩვენთან კი საპირისპირო ვითარებაა
ქეთო გოგოხია
16.08.2023

სიმინდის მოსავლიანობა წლიდან წლამდე მცირდება. ტენდენცია თუ გაგრძელდა, შესაძლოა, ქვეყანა იმპორტული სიმინდის იმედად დარჩეს. მიზეზად, ძირითადად, უამინდობა სახელდება, თუმცა ყველა რეგიონში მუშახელის დიდი სიმცირეა, რაც მოსახლეობის გადინებას უკავშირდება. იმ დროს, როდესაც საქართველოში სიმინდი და მჭადის ფქვილის ფასი პიკზეა, მოსფლიოში სიმინდის ჭარბი მოსავალია და პროდუქტიც გაიაფებულია.

მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ფასი ბოლო წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, სიმინდის შემთხვევაში საპირისპირო მოცემულობაა, რაც დარგში არსებული პრობლემით არის გამოწვეული. ფასმა უკვე ერთ ფუთზე (16 კგ) 50 ლარს გადააჭარბა.

როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორის ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე ,,რეზონანსთან" აღნიშნავს, სიმინდის მნიშვნელოვანი პრობლემაა როგორც მუშახელის სიმცირე, ასევე ტექნოლოგიური ჩამორჩენა.

,,სიმინდი არის საგაზაფხულო კულტურა, მისი ვეგეტაცია მიმდინარეობს, ძირითადად, ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე, ანუ მთელი ზაფხულის განმავლობაში. ეს არის მშრალი პერიოდი. ტემპერატურის მატება ამ მხრივ დიდ პრობლემას ქმნის და ხშირი გვალვების გამო, მოსავალი დიდწილად ნადგურდება. სიმინდზე გაწეული ხარჯი მეტწილად სარწყავ პირობებში ამართლებს. ამიტომ ვამბობ ასე დაჟინებით, რომ მორწყვას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს.

მსოფლიოში მოსავალს ანგარიშობენ უკვე დახარჯული წყლის მოცულობის მიხედვით, ანუ ამა თუ იმ პროდუქტის მისაღებად რა რაოდენობის წყალია გამოყენებული. ჩვენთან სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიის უმრავლეაობა უწყლოა. შესაბამისად, მოსავლიანობა მცირდება, არც საკმარის მუშახელი გვყავს და ყველაფერი ეს დარგზე მკვეთრად უარყოფითად აისახება", - განაცხადა კობა კობალაძემ.

უამინდობის გავლენაზე საუბრობენ ფერმერებიც. როგორც აღმოჩნდა, იდენტური მდგომარეობაა სამეგრელოსა და გურიაში, რომელიც მესიმინდეობით ცნობილი რეგიონებია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განმუხურში მცხოვრები სოფო მიმინოშვილი ამბობს, რომ წელს მოსავლის კლებაა მოსალოდნელი.

,,შარშანდელი მოსავალი რამდენიმე თვის სამყოფიღა იყო. ბევრ ოჯახში სიმინდი მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთებში დაითესა და ჯამურ მოსავლიანობაზე ამან ძალიან იმოქმედა. წელსაც იშვიათად, რომ ვინმეს სიმინდი ერთ ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთში ჰქონდეს დათესილი. ამინდმაც იმოქმედა და ნათესების დიდი ნაწილი განადგურდა. ფაქტობრივად გადამწვარია სიმინდი.

ყველგან ანალოგიურ პრობლემაზე ჩივიან. მიწები რომ ირწყვებოდეს მოსავლის დიდ ნაწილს შევინარჩუნებდით, მაგრამ თითქმის ყველა ფერმერი მიწებს მამაპაპური მეთოდით ამუშავებს და ეს შედეგშიც ჩანს. შარშანდელთან შედარებით ალბათ მოსავალი გაგვინახევრდება", - უთხრა "რეზონანსს" სოფო მიმინოშვილმა.

ასეთივე მდგომარეობაა გურიაშიც, სადაც ამბობენ რომ სიმინდის მოსავალი წელს კიდევ შემცირდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომას მკვიდრი დავით ბოლქვაძე უამინდობასთან ერთად, მოსახლეობის გადინების პრობლემაზე საუბრობს.

,,ნორმალურ პირობებში 1 ჰა-ზე 3 ტონამდე სიმინდი მოგვყავდა, ახლა 1 ტონა სანატრელი გაგვიხდა. შრომისუნარიანი მოსახლეობა არ დარჩა რაიონში. ხალხი სამუშაოდ სხვა ქვეყნებში გარბის. ამ დროს ტრადიციული ქართული დარგები ლამის გაქრობაზეა. ასეთი მდგომარეობა თუ გაგრძელდება იმპორტული სიმინდის ამარად დარჩება ქვეყანა", - უთხრა ,,რეზონანსს" დავით ბოლქვაძემ.

სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა მსოფლიოში. ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე სიმინდის ფიუჩერსები 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც გაუმჯობესებული კლიმატური პირობებითაა განპირობებული. წლის დასაწყისიდან დღემდე სიმინდი 21%-ით გაიაფდა. ამჟამად 1 ბუშელი (25 კგ) სიმინდი 4.75 აშშ დოლარი ღირს.

შესაბამისად სიმინდის იმპორტი იზრდება. ,,საქსტატის" მონაცემით 2023 წლის პირველ ორ კვარტალში 14.5 მლნ აშშ დოლარის სიმინდია იმპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 5.3 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

სიმინდის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია (7.95 მლნ დოლარი), შემდეგ თურქეთი (2.2 მლნ დოლარი) და უკრაინა (1.2 მლნ დოლარი).

წარმოებაში კი დიდი კლებაა, 2022 წელს სიმინდის მოსავლიანობამ 152.9 ათას ტონას მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით, 34,4%-ით მეტი, მაგრამ 2014 წელთან შედარებით, 47,6%-ით ნაკლები აღმოჩნდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×