მოთხოვნა დიდი ხანია შემცირებულია, ახლა ფასიც დაბლა დაიძრა, რაც მინიმუმ რამდენიმე თვე გაგრძლედება
ქეთო გოგოხია
17.08.2023

უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის კლების ტენდენცია შეიმჩნევა. კვლევებით დასტურდება, რომ მიმდინარე წლის ივნისში ბინების რეალიზაცია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით შემცირდა. კლება განსაკუთრებით პრემიუმ სეგემენტს შეეხო, რასაც უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები ადასტურებენ და პროგნოზირებენ, რომ ტენდენცია მინიმუმ გვიან შემოდგომამდე გასტანს. თუკი ახალი ბინების მიმართ მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, ძველი ბინები ნაკლებად მოთხოვნადია.

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას "ქოლიერს ჯორჯიას" საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 7%-ით - 188 მლნ აშშ დოლარამდეა შემცირებული. ტრანზაქციების უმნიშვნელო 3%-იანი ზრდა ახალ პროექტებში შეინიშნება, მაგრამ ძველი პროექტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 27%-ს აღწევს.

რაც შეეხება ფასს, ივლისის მდგომარეობით ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გარეუბნებში 9%-ით გაიზარდა, ხოლო ცენტრალურ უბნებში 5%-იანი კლებაა. გარდა ამისა, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით არის გაზრდილი, როგორც გარეუბნებში, ასევე ქალაქის ცენტრში.

ბინებზე მცირედი გაიაფების დინამიკას კომპანია ,,არსის" აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძე სეზონურ ცვლილებას უკავშირებს.

,,განსაკუთრებული არაფერი ხდება. ზაფხულის პერიოდი, მით უმეტეს ივლისი-აგვისტო უძრავი ქონების ბაზრისთვის პასიური პერიოდია. ჩემი აზრით, ეს მდგომარეობა შემოდგომამდე გაგრძელდება. ბაზარზე გააქტიურებას უფრო შემდგომი პერიოდიდან ველოდებით.

რაც შეეხება ზოგად სურათს, მდგომარეობა დასტაბილურებულია და ისეთი რყევა, რაც ადრე იყო, აღარ გვაქვს. ანალოგიურად სტაბილური ვითარებაა თვითღირებულების ნაწილში, რის გამოც უძრავი ქონების ფასების ზრდის ტემპი შენელდა. გარდა ამისა, არც სამშენებლო მასალები ძვირდება, რასაც ინტენსიურად ადგილი ჰქონდა წინა წლებში. ახლა პირიქითაა, ზოგიერთი დასახელების სამშენებლო მასალა გაიაფდა, თუმცა ძირითადად ფასები შენარჩუნებულია.

მოთხოვნის კლება, რაც ამ ეტაპზე შეინიშნება, გრძელვადიან ტენდენციად ვერ ჩამოყალიბდება. სტაბილურად და მცირედით გაიზრდება ფასი წლის ბოლომდე, მაქსიმუმ 10%-ის ფარგლებში. წლიურ ჭრილში თუ მიმოვიხილავთ, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა განპირობებულია მშენებლობის გაზრდილი ხარჯით და ლარის ხშირი რყევით. ამ ფაქტორების გავლენას ბაზარი ამ ეტაპზე არ განიცდის, თუმცა სამომავლოდ ფასების ზრდის დინამიკა მაინც გაგრძელდება, უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც", - განაცხადა ,,რეზონანსთან" ბესო ორთოიძემ.

სექტორში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ დილერებიც, რომელთა ინფორმაციითაც საშუალო და შედარებით დაბალფასიანი ბინების ღირებულება შენარჩუნდება, ზრდის მიმართულებით კი ცვლილება, ძირითადად, პრემიუმ ხარისხის ბინებს შეეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან" უძრავი ქონების დილერმა იოსებ გამყრელიძემ ისაუბრა.

"დღესდღეობით თითქმის ყველა ტიპის უძრავი ქონების ფასი მცირდება, ასეა სეზონურად, თუმცა პრემიუმ კლასის ბინებთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული ვითარება გვაქვს. ამ სეგმენტში ფასი მანამდეც მაღალი იყო, როგორც ყიდვის, ასევე ქირის ნაწილში. პრემიუმ კლასის ქონებას ყიდულობენ, ძირითადად, ევროპიდან ჩამოსული მოქლაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და სხვადასხვა სამსახურში არიან დასაქმებულები. ამ სეგმენტში ქონება ლიმიტირებულია და უძრავი ქონების მოცულობა მცირეა.

რაც შეეხება საშუალო სეგმენტს, მყიდველი, ძირითადად, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეები არიან. მათი გააქტიურება უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყების პერიოდიდან შეიმჩნევა. მართალია, ამ ეტაპზე ნაკლებად აქტიურობენ, თუმცა გარკვეულ დონეზე საქართველოში უძრავი ქონების მიმართ მაინც იჩენენ ინტერესს.

ის, რომ ფასები იკლებს მოკლევადიანი ტენდენციაა. განსაკუთრებით მომავალი წლიდან შესაძლოა, მოვლენები საპირისპიროდ განვითარდეს. რა მდგომარეობა გვექნება ბაზარზე, დამოკიდებულია  როგორი პოლიტიკური სიტუაცია ჩამოყალიბდება რეგიონში", - უთხრა ,,რეზონანსს" იოსებ გამყრელიძემ.

უძრავი ქონების ფასების კლების ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება კომპანია ,,ბერუკას" დამფუძნებელმა ავთანდილ გუგეშაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, კლების პროცესი ივლისიდან დაიწყო, რაც მოთხოვნის კლებასთან პირდაპირ კავშირშია.

,,პიკმა კარგა ხიანია გაიარა, ქაოსიც ჩაცხრა და სიტუაციაც თანდათან კალაპოტში დგება. ეს არ ნიშნავს, რომ დიდი გაიაფება იქნება, თუმცა სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია, რაც თავის მხრივ ფასებსაც დაარეგულირებს. ახლა ზრდა ძირითადად ქირაზეა, რაც ახალი სასწავლო წლის მოახლოებას უკავშირდება. ფასების კლება ივლისიდან დაიწყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამან მოთხოვნის ბუმი გამოიწვია.

ვფიქრობ, ფასების კლების პროცესი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაშიც შენარჩუნდება. რეგიონში იმდენად რთული სიტუაციაა, რომ გრძელვადიანი სტრატეგიის გათვლა თითქმის შეუძლებელია. თუნდაც შარშან ამ დროს ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ფასების კლებაზე ვისაუბრებდით, მაგრამ დღეს ეს მოცემულობაა. ამიტომ წინასწარ პროგნოზს მოვერიდები. სავარაუდოდ, კლების ტენდენცია შემოდგომის განმავლობაშიც გაგრძელდება და დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იქნება.

მოთხოვნა, ძირითადად, საშუალოფასიან, ერთ და ოროთახიან ბინებზეა, რომელსაც გაქირავების მიზნით ყიდულობენ ადგილობრივები. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან კი მოთხოვნა პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაზეა და ეს ტენდენცია გრძელვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება",- აღნიშნა გუგეშაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×