ზღვისა და მთის შიშთან ერთად, დიდი პრობლემაა გაზდილი ხარჯიც, რასაც ადგილობრივი დამსვენებლები ვეღარ უმკლავდებიან
ქეთო გოგოხია
21.08.2023

წელს შიდა ტურიზმი მეტ-ნაკლებად აქტიურია, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ დარგის განვითარებისთვის გადამწყვეტი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ზღვამ, შემდეგ უკვე მთაში დატრიალებულმა შოვის ტრაგედიამ მოქალაქეები შეაშინა, დასვენების მსურველების რაოდენობა არ შემცირებულა, თუმცა  იკლო ტურების ხანგრძლივობამ როგორც ლაშქრობებზე, ასევე დასასვენებელ ობიექტებში.

სასტუმროებისა და „გესთ ჰაუსის“ მფლობელები სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ იმის შესახებ, რომ დამსვენებლების ნაკლებობას არ განიცდიან, მაგრამ უცხოელი მომხმარებლების ხარჯზე.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტის ნიკა კვარაცხელიას თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ე.წ.  ელიტური ტურიზმი ვითარდება და ამ მხრივ წელსაც ნორმალური მდგომარეობაა. საშუალო და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ამ შესაძლებლობას მოკლებული არიან, მათთვის დასვენება სულ უფრო ძნელდება.

,,მართალია, უამრავ ადამიანს ზღვის ეშინია, მაგრამ უკვე ეშინია მთისაც. რუჯისადმი ინტერესი იმდენად დიდია საქართველოში, რომ მოდას აყოლილი საზოგადოება დასვენებას მაინც ახერხებს. უცხოელი დამსვენებლები საკმაოდ აქტიურობენ, შიდა ტურიზმს კი აქვს სხვა სირთულეები, რაც მოსახლეობის გადახდისუნარიანობას უკავშირდება. 3 და მეტვარსკვლავიანი სასტუმროები უფრო უცხოელებს იღებენ და ტარიფები ადგილობრივებისთვის დიფერენცირებული არ აქვთ. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები ვერ წვდებიან ამ ფასებს,

მამაპაპისეულ სახლებს მიაშურებს ბევრი, მაგრამ ისინი ტურისტებად ვერ ჩაითვლებიან. ფასები ვერ დალაგდა და სწორედ ეს არის დიდი სირთულე. არის შემთხვევა, როცა ჩვეულებრივი, სასმელი წყალი 4-5 ლარი ღირს, სასწაულ ფასებს აწესებენ და ახდევინებენ ხალხს, რაც არც უცხოელს მოეწონება და არც ადგილობრივს, რომელიც ხედავს, ანალოგიური პროდუქტი რა ფასადაც იყიდება  ჩვეულებრივ მაღაზიებში.

მდიდართა რაოდენობა ამ ღარიბ ქვეყანაში გაიზარდა, როგორ მატულობს, გასაკვირია. წინანდალში ოთხი სასტუმროა, ოთხივე ძვირი, მაგრამ ძირითადად ქართველებით არის გადავსებული. ასევეა ლიკანში, ბორჯომსა და საირმეში, სადაც ადგილს ვერ იპოვის ადამიანი. კონკრეტული ადგილებია, რომელიც ტრადიციულად მნიშვნელოვნად ითვლება ელიტისთვის და დადიან, რომ მოდას არ ჩამოირჩნენ", - განაცხადა კვარაცხელიამ და ისაუბრა დარგში არსებულ სხვა პრობლემებზეც.

,,შიდა ტურისტს დღეს ნამდვილად უჭირს. მაგალითად, ლაშქრობები  რომ ავიღოთ, დამოკლდა. ტური თუ ადრე 3-დღიანი იყო, ახლა ერთდღიანი გახდა, დასვენების ხანგრძლივობაც შემოკლდა და 4-5 დღის შემოიფარგლა, საუკეთესო შემთხვევაში, ერთი კვირით.

გარდა ამისა, ვერ მივაღწიეთ საწოლების იმ რაოდენობას, რაც 1988 წელს იყო (152 000 საწოლი ადგილი). ახლა 100 000 თუ მიაღწევს საწოლი ადგილების რაოდენობა, ეს დიდი ამბავია და ამ დროს სასტუმროპების რიცხვი ლამის 20-ჯერ გაიზარდა, მაგრამ მაშინ ათასადგილიანი სანატორიუმები იყო, რაც უკვე ინდუსტრიაა. ჩვენ ამ სისტემაზე ჯერჯერობით ვერ გადავალთ. ელემენატრულად, აეროპორტები და მათი გამტარუნარიანობა შეზღუდულია", - დასძინა  ,,ბიზნეს-რეზონანსთან" კვარაცხელიამ.

საზღვაო კურორტებზე დამსვენებლები, ძირითადად, უცხოელები არიან, მთას ტრადიცულად ადგილობრივები სტუმრობენ, მაგრამ გარკვეული სირთულეები მაინც არის. როგორც  ლენტეხის მთის სასტუმროს დამფუძნებელი ნინო ფეტელავა ამბობს,  უმეტესად სადღესასწაულო პერიოდებში მუშაობენ.

,,შიდა ტურიზმი საქართველოში მაინც და მაინც განვითარებული არ არის. ჩვენი საქმიანობის მაგალითზე შემნიძლია ვთქვა, რომ დამსვენებლების 70% და მეტიც უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან. ადგილობრივები ნაკლებად აქტიურობენ, ისიც სადღესასწაულო დღეებში. ცხადია, ეს სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს.

ჩვენ საოჯახო სასტუმრო და კოტეჯიც გვაქვს. ადრე კოტეჯს მეტი დამსვენებელი ჰყავდა, მაგრამ შოვის ტრაგედიის შემდეგ პირიქითაა, მთის ძირში მდებარე კოტეჯი დამსვენებელში ჯერ კიდევ იწვევს შიშს, რის გამოც სასტუმროს ირჩევენ. გარდა ამისა, ხანგრძლივი პერიოდით უკვე იშვიათად ჩამოდიან, 4-5 დღეზე მეტხანს ადგილობრივები აღარ ჩერდებიან. უამინდობის პერიოდში კი უკანმოუხედავად გარბიან. ამიტომ ჩვენც და სხვებიც, ძირითადად, უცხოელი ტურისტების იმედად, ვართ", - აღნიშნა სასტუმროს დამფუძნებელმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

შედარებით განსხვავებული მდგომარეობაა საზღვაო კურორტებზე. სტუმრების ნაკლებობა აჭარაში არ შეინიშნება, თუმცა ტურისტების დიდი ნაწილი უცხოელები არიან, ქართველები კი მოგზაურობისგან თავს იკავებენ ან ისეთ ობიექტებს ირჩევენ, სადაც აუზებია.

ქართველებისთვის გარკვეული პრობლემა დიდი ხარჯიცაა, რომელიც ყოველ სეზონზე მუდმივად მატულობს. სწორედ ამის გამო ხალხი უკვე კურორტებზე გამგზავრებას ვეღარც ბედავს. იმ ლოკაციებზე, სადაც ტურისტების დეფიციტზე საუბრობენ, ფასები კლების ნაცვლად, მატულობს და დასვენება ეკოლოგიური რისკის პირობებშიც კი პრობლემაა ათასობით ადგილობრივი მოქალაქისთვის.

ჩვენი რესპონდენტი, თბილისელი ლია კასრაძე ქობულეთში ისვენებს. ამბობს, რომ სასტუმრო აუზის გამო შეარჩია, რადგან ზღვაზე გასვლის ეშინია. შესაბამისად, ამგვარ სასტუმროში მარტო განთავსების ღირებულება 280 ლარია.

,,სასტუმროში ჩემს გარდა კიდევ ორი ქართველი ისვენებს. უმეტესობა  უცხოელები, ძირითადად, რუსები და სომხები არიან. შემიძლია თქმა, რომ ყველაზე ძვირი ზაფხულია, ყველგან დამსვენებლების სიმცირეზე საუბრობენ და საგზურებს მაინც აძვირებენ.

ზღვაზე საერთოდ არ გავდივარ, რადგან დაბინძურების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და სანამ დადასტურებგული ინფორმაცია არ მექნება, მოვერიდები. უცხოელებს ეს ფაქტორი ნაკლებად აშინებთ და უფრო გაბედულებიც არიან.

წელს უფრო აუზებიან სასტუმროებზეა მოთხოვნა, საოჯახო სასტუმროები კი ცდილობენ ამ მხრივ ინფრასტრუქტურა მოაწესრიგონ. ფასები ყველგან გაზრდილია. კონკრეტული მიზეზი, რამაც  სასტუმროებში ტარიფების მატება გამოიწვია, უცნობია, რადგან რეალურად ყველა ფაქტორი გაიაფების წინაპირობა უნდა გამხდარიყო, განსაკუთრებით საკვები პროდუქტების სეზონური ფასი, მაგრამ არსად გაიაფება არ იგრძნობა", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ლია კასრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×