სოსო არჩვაძე: საქართველო საკმაოდ ინტეგრირებულია და ჩვენი ქვეყნისადმი მაღალი ნდობაა უცხოურ საქმიან წრეებსა და ინვესტორებში
გვანცა წულაია
22.08.2023

საქართველოში უცხოური ინვესიტიცები მოცულობა იზრდება, მოლოდინი კი უკვე არსებულ მაჩვენებელს არ ჩამორჩება. სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ პანდემიისგან მიღებული მძიმე შედეგი უკან მოტოვებულია და მეტიც, გასული წელი ინვესტიციებისთვის სარეკორდო აღმოჩნდა. საინტერესოა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, როგორ მოახერხა საქართველომ ინვესტიციების ზრდა და როგორი იქნება შემდგომი თვეები უხოური კაპიტალის მოზიდვის მიმართულებით.

ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი კარგად ვითარდება. პანდემიისგან დაზარალებული მიმართულება და წინა წლების დაბალი შედეგი საქართველო უკან მოიტოვა.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, თუმცა ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3%-ით აღემატება. (მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა).

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის I კვარტლის მონაცემები, შარშანდელი, ანალოგიური დროის მონაცემებს ჩამორჩება, უნდა ითქვას, რომ იგი მაინც მაღალი მაჩვენებელია და ყველა სხვა წლების შედეგს მნიშვნელოვნად აღემატება.

აქამდე ყველაზე მეტი ინვესტიცია, თითქმის 2 მილიარდი დოლარი, 2017 წელს იყო დაფიქსირებული, თუმცა დაზუსტებული მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით რეკორდული 2022 წელი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად კი, შარშან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2.09 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.7-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის წინასწარ მონაცემებს 4.9 პროცენტით აღემატება.

ეკონომისტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ საქართველო საკმაოდ ინტეგრირებულია და ქვეყნისადმი მაღალი ნდობა არსებობს უცხოურ საქმიან წრეებსა და ინვესტორებში.

„გასულ წელს, მსოფლიო მასშტაბით, გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა 12%-ით და ჩვენთან ზრდას აქვს ადგილი. შარშან რადგან ლარი მყარდებოდა ამერიკულ დოლართან, დოლარში გამოსახული ჩვენი ეროვნული, მთლიანი შიდა პროდუქტი უფრო სწრაფად იზრდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს 8%-ზე უფრო მაღალი მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა მშპ-სთან, ეს 2-ჯერ და მეტჯერ აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. ასევე, ჩვენთან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოსახლეობის ერთ სულზე 562 დოლარამდე გამოდის. ეს მაშინ, როცა მსოფლიოში ანალოგიური მაჩვენებელი სადღაც 160 დოლარის ფარგლებშია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ ერთი, საქართველო საკმაოდ ინტეგრირებულია და მეორეც, ჩვენი ქვეყნისადმი საკამოდ მაღალი ნდობაა უცხოურ საქმიან წრეებსა და ინვესტორებში. ვფიქრობ, ეს ნდობა შენარჩუნებული იქნება საშუალო და გრძელვადიან პერიოდშიც კი. ეს ფაქტორები გვაძლევს იმ პოზიტიურ სურათს, რაც შარშან დაფიქსირდა.

ყველაზე მძიმე, პანდემიის 2020 წელს თუ ავიღებთ, ვნახავთ, რომ აღნიშნულ წელთან შადარებით 2022 წელს გვაქვს 3.5-ჯერ მატება. ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა 1.7-ჯერ მეტია, მაშინ, როცა მსოფლიოში კლებას აქვს ადგილი. საქართველოში გასულ წელს დაფიქსირდა გაცილებით სასურველი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, რომელთაც საქართველოზე უკეთესი შედეგი აქვთ, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და სწორი პოლიტიკა გვაქვს არჩეული.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, საბოლოო შედეგზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მეორე კვარტლის მონაცემებიც არ გამოქვეყნებულა, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება და მისი ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი და დამაჯერებელია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. ეკონომიკის ზრდაში კი, როგორც წესი, საკმაოდ დიდი წილი უკავია უცხოურ ინვესტიციებს. ამის გარდა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საინვესტიცი დატვრთა აქვს არამხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, არამედ ფულად გზავნილებს, რაც ასევე დიდი რაოდენობით შემოდის. ეს მომენტი არის მხედველობაში მისაღები და ეს ორი წყარო, თითქმის, პარალელურ რეჟიმში მონაწილებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე", - განუცხადა „რეზონანსს" სოსო არჩვაძემ

სტატისტიკის თანახმად, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველომ, ყველაზე რთული, პანდემიის შემდგომი პერიოდიდან დანაკარგის შევსება კარგად დაიწყო და პოზიციების საკმაოდ დამაჯერებლად გამყარებაც მოახერხა.

როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, ყველანაირი მონაცემი არსებობს იმისა, რომ საქართველომ ინვესტიციების ზრდის მაღალი ტემპი მომავალშიც შეინარჩუნოს.

„ინვესტიციების მართლაც ძალიან მაღალი დონეა ბოლო პერიოდში და ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ინვესტიციების მოზიდვის საკითხი გარკვეულწილად კორონავირუსმა შეაჩერა, მაგრამ პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოური კაპიტალი მოცელობა აღმავლობის გზაზეა და შარშან რეკორდული რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მივიღეთ, რაც უაღრესად სასარგებლო და მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რომ ამ ფაქტს აქვს სხვადასხვა ახსნა. გარდა ეკონომიკური პროგრესისა, რომელიც ქვეყანას აქვს, არსებობს საქართველოს მიმართ ნდობა. ინვესტიციებზე ასევე მოქმედებს ჩვენი გეოსტარატეგიული მდებარეობა, აბრეშუმის გზა. საკვანძო ქვეყანა ვართ და ეს საქართველოს დატვირთვას და მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. ეს არის ის ფაქტორები, რომლებიც ინვესტორს იზიდავს საქართველოში, რაც გაგრძელდება არა მოკლე, არამედ გრძელვადიან პერიოდში.

ყველანაირი მონაცემი არსებობს იმისა, რომ საქართველომ ინვესტიციების ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნოს, თუმცა ასევე შენარჩუნებული უნდა იქნას სამშვიდობო პოლიტიკა, რა ქვეყნის მთავრობას აქვს აღებული", - განუცხადა ავთო სილაგაძემ „რეზონანსს".

რეგიონში მიმდინარე ომისა და კრიზისის მიუხედავად, საქართველომ რეკორდული მოცულობის ინვესტიციის მიღება მოახერხა. ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ უცხოური ინვესტიციების დინამიკური ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.

„ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1.7 ჯერ მეტია.

რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების ასეთი დინამიური ზრდა განპირობებულია მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. გარდა ამისა, ინვესტიციების ასეთი მაღალი დონე ადასტურებს იმას, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი მაღალია.

გარდა ამისა, ყველას კარგად გვესმის, რომ ინვესტიციების მოცულობას მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკა არ განაპირობებს. ეს არის კომპლექსური საკითხი და ინვესტორების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება ბევრი ფაქტორის ანალიზის შედეგად ხდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც, რეგიონში ინვესტიციების შემოდინება მნიშვნელოვნად შეფერხდა. თუმცა, საქართველო აქაც გამონაკლისია და რეგიონის უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ხელისუფლების გონივრული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის შედეგია", - მიიჩნევს ანდრია გვიდიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×