ნოდარ ფოფორაძე: „ძვირფასეულობის ფასი ხშირად იცვლება, ზოგჯერ ისე, რომ არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება"
ქეთო გოგოხია
22.08.2023

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი არნახულ ზრდას განიცდის. ტენდენცია იმდენად მზარდია, რომ ანალიტიკსოები ძვირფასი ლითონის ბაზარზე ცვლილებას ელიან და აცხადებენ, რომ ძვირფასი ლითონის ღირებულება ახალ რეკორდს დაამყარებს. დიდი ალბათობით ფასი წლის ბოლოს 2000 დოლარს მიაღწევს.

„გალტ & თაგარტის" ნედეულის ბაზრის კვლევაში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ივლისში ოქროს ფასი თვიურად 2.4%-ით გაიზარდა.

2023 წლის მეორე კვარტალში ცენტრალური ბანკების მხრიდან მოთხოვნის შენელების მიუხედავად, ოქროს ფასები კვლავ მაღალი იყო აშშ-ს მონეტარული გამკაცრების ციკლის დასასრულის მოახლოების ფონზე. ოქრო განიხილება როგორც ე.წ. საფეჰავენ აქტივი ეკონომიკური გაურკვევლობის დროს და ჰეჯირების ეფექტური საშუალება ინფლაციის წინააღმდეგ.

საფასო ცვლილებას სპეციალისტები მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ. თუმცა ფინანსისტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ და აცხადებენ, რომ ოქროს გაძვირება გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე სავალუტო პროცესს უკავშირდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნოდარ ფოფორაძე აცხადებს, რომ საფასო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი რეგიონში მიმდინარე ომია.

მიუხედავად ამისა, როგორც ფოფორაძე აღნიშნავს, მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის და შეიძლება ოქროს ღირებულება 2000-დოლარიან ნიშნულზე გაჩერდეს.

„ხშირი საფასო რყევების მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ბაზრებზე რაიმე მკვეთრი ცვლილება არ იქნება, დრო და დრო გაძვირება-გაიაფება ოქროს ბაზარზე ყოველთვის არის. ჩემი აზრით, ფასი 2000 დოლარს მიუახლოვდება, გადაჭარბებაზე ვერ გეტყვით, ნაკლებად ველოდები. რეგიონში მიმდინარე ომიც ამ მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს. რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალურ ბაზრებზე დიდი ცვლილება გამოიწვია. შესაბამისად, ძვირფასეულობის ფასი ხშირად იცვლება, ზოგჯერ ისე, რომ არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება. გამიჭირდება, რომ ეს ცვლილება რომელიმე სხვა ეკონომიკურ პროცესს დავუკავშირო, უფრო მაინც ომის ფაქტორით არის განპირობებული. რაც შეეხება სხვა ლითონებს, პალადიუმზე მოთხოვნა მეტნაკლებად სტაბილურია, აქტიურად ხდება ამ ლითონის როგორც მოპოვება, ასევე მისი აღდგენა ხდება საკმაოდ დიდი რაოდენობით მეორადი გადამუშავების შედეგად. უნდა ითქვას, რომ ოქროს ფასი ხშირად იცვლება, ბრილიანტის ღირებულება უფრო სტაბილურია", - განაცხადა ნოდარ ფოფორაძემ „რეზონანსთან".

მისი თქმით, ბოლო პერიოდში სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია და ანალოგიური მდგომარეობაა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის საქართველოში.

„ადგილობრივ ბაზარზე ზაფხულის პერიოდი ნაკლებად აქტიურია. გლობალური ბაზრების გავლენა ფასებზე ჯერჯერობით არ იგრძნობა. ცვლილებას უფრო სექტემბრიდან უნდა ველოდოთ ზრდის მიმართულებით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოქროს ბაზარზე ცვლილება რუსეთიდან ოქროს იმპორტის ზრდით იყო განპოირობებული, მაგრამ ეს ფაქტორი მოიხსნა. ფასები მეტ-ნაკლებად იცვლება ლონდონში მიმდინარე ტენდენციების საფუძველზე, თუმცა ფასები მცირე დოზით კორექტირდება. ჯერჯერობით ასეა, შიდა ბაზარზე ფასის მხრივ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდები", - დასძინა ნოდარ ფოფორაძემ.

ანალიტიკოს ნიკა შენგელია ოქროს გლობალურ ბაზრებზე ზრდას განსაკუთრებით ნოემბრის ბოლოდან ვარაუდობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ძვირფასი ლითონის გაძვირება ბირჟებზე არსებულ გაურკვევლობას უკავშირდება.

„ოქროს ფასი მაშინ იმატებს, როდესაც ბირჟებზე იქმნება გაურკვევლობა. ამ მომენტში ამის ნიშნები შეინიშნება. დოლარი ვერ ძლიერდება, ნავთობის ფასი სტაბილურად მაღალია, აქციების ფასი ჩამოშლილია და ასეთ ფონზე არ არის გამორიცხული, ოქრო კიდევ გაძვირდეს. მეოთხე კვარტლის დასაწყისში, როდესაც გამოქვეყნდება კომპანიების მდგომარეობა, ეს ტენდენცია უფრო გამოიკვეთება. ჩვენ ვიცით, რომ კომპანიების მდგომარეობა სახარბიელო არ არის, არც ამერიკული კომპანიები გადიან დიდ მოგებებზე. ასეთ შემთხვევაში ოქროს მატება განსაკუთრებით ნოემბრის ბოლოს იქნება მოსალოდნელი. როცა ციფრული ვალუტა დაიწყებს შემოსვლას ქვეყნებნში, ოქრო იქნება გარდამავალი საფეხური, ვარაუდობენ, რომ ოქროში მოახდენონენ ანგარიშსწორებას ინვესტორები. ვიცით, რომ რამდენიმე ქვეყანა აპირებს ციფრული ვალუტის შემოტანას, რაც ოქროს კიდევ უფრო გააძვირებს. ამ შემთხვევაში ოქროს ფასი 2500 დოლარამდეც შეიძლება მივიდეს. ცხადია, როცა ციფრული ვალუტები მოქმედებაში შემოვა. ამაზე მუშაობა დაჩქარებულია. შესაბამისად, ოქროზე მოთხოვნა გაიზრდება", - განაცხადა ნიკა შენგელიამ „რეზონანსთან".

JP Morgan-ის პროგნოზით, ფასები წლის ბოლოს 2,000 აშშ დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2024 წელს, საპროცენტო განაკვეთების კლებასთან ერთად, ახალ რეკორდულ დონეს მიაღწევს.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან 2023 წლის 6 თვეში $45 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა. 2022 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი $44 მილიონს შეადგენდა. ზრდა წლიურ ჭრილში 3,9%-ია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×