გივი მომცელიძე: ფასები აღარ შემცირდება, ამიტომ ხელფასების ზრდაზე უნდა ვიფიქროთ
გვანცა წულაია
23.08.2023

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაცია მცირდება, მაგრამ გაზრდილ ფასებს ვერაფერი შველის. პროდუქციის ღირებულება არც ლარის გამყარების და არც საწვავის გაიაფების პირობებში არ შემცირებულა, ბოლო დროს კი ეს ორი გარემოება შედარებით გაუარესებულა და ამიტომ ფასების კლების მოლოდინი არც არსებობს. ეკონომისტები ცხოვრების გაიაფებას არ ელოდებიან.

ინფლაციის შემცირება, რომელმაც ტენდენციის ხასიათი მიიღო, მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებშიც გაგრძელდება, თუმცა საინტერესოა, რა ეშველება გაძვირებულ პროდუქციას, რომელიც მოსახლეობისთვის დიდ პრობლემადაა ქცეული.

ინფაციამ შემცირება ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო. მაშინ, მაჩვენებელი 11.5%-დან 10.6%-ზე ჩამოვიდა. ინფლაციამ მცირედით იკლო ამავე წლის ნოემბერშიც და 10.4% შეადგინა. დეკემბერში კი ორნიშნა მაჩვენელებს ჩამოსცდა და 9.8%-ზე დავიდა. რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წელს, იანვარის თვეში ინფლაცია 9.4%-მდე შემცირდა, თებერვალში 8.1% შეადგინა, მარტში - 5.3%, აპრილში - 2.7%, მაისში - 1.5%, ივნისში - 0.6%, ხოლო ივლისში - 0.3%.

სტატისტიკოსი და ეკონომისტი გივი მომცელიძე მიიჩნევს, რომ წელს ფასების კლებას არ უნდა ველოდოთ.

„ფასების შემცირება ძალიან რთული საკითხია. როდესაც ფასები რაღაც ზღვარს აღწევს, შემდეგ ძალიან იშვიათად ხდება მისი შემცირდება, იშვიათია დეფლაცია. ზოგადად, დეფლაციური პროცესები არც არის სასურველი, რადგან ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკა კარგ დღეში არ არის. ისე კი, უნდა ითქვას, რომ რაღაც ხილ-ბოსტნეული წელს უფრო იაფია, ვიდრე შანშან იყო, მაგრამ ფასების საშუალო დონე მნიშვნელოვნად ვერ ჩამოვა, რადგან ის რაღაც ზღვარზეა ასული.

სამწუხაროდ, არ უნდა ველოდოთ იმას, რომ წელს ფასები დაიწევს. ერთადერთი რაზეც უნდა ვფიქრობდეთ, ეკონომიკის სწრაფი განვითარებაა, რადგან ფასებს ხელფასები დაეწიოს. ფასები აღარ შემცირდება, ამიტომ ხელფასების ზრდაზე უნდა ვიფიქროთ, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. ეკონომიკა უნდა განვავითაროთ, რადგან ქვეყანაში ნაკლები გაჭირველი იყოს, ნაკლები სოციალური გასაცემლის გაცემა გვიწევდეს და მეტი დასაქმებული ადამიანი გვყავდეს", - განუცხადა „რეზონანსს" გივი მომცელიძემ და დასძინა, რომ სამეზობლოში სომხეთის შემდეგ საქართველო ყველაზე ძვირი ქვეყანაა.

„შედარება რომ მოვახდინოთ, შეუძლებელია საქართველო უფრო ძვირი ქვეყანა იყოს, ვიდრე არის ევროპის ქვეყნების უმეტესობა ეს წარმოუდგენელია.

რაც შეეხება სამეზობლოს, მათთან შედარებით ჩვენთან უფრო სიძვირეა. საქართველოში ფასები თითქმის 50%-ით უფრო მეტი და განსხვავებულია, ვიდრე თურქეთში. არანაკლებ განსხვავება გვაქვს უკვე რუსეთთან მიმართებაშიც, მათთან შედარებით საკმაოდ ძვირი ქვეყანა ვართ, ისე, როგორ აზერბაიჯანთან დაკავშირებით. ჩვენზე ოდნავ ძვირი ქვეყანაა სომხეთი და აქ მხოლოდ პროდუქციას არ ვგულისხმობ, არამედ ყველაფერს, იქნება ეს ბინის ქირა, თუ სხვა მიმართულებები. გამოდის, რომ თბილისი უფრო ძვირია, ვიდრე მოსკოვი, სტამბოლო და ბაქო, ჩამოვრჩებით მხოლოდ ერევანს. ეს კი ძალიან ცუდი ამბავია, რაც ბოლო 3 წელიწადში მოხდა, განსაკუთრებით კორონავურისის შემდეგ და ომმა უფრო დააჩქარა.

თუ გვინდა, რომ ინფლაციას და გაზრდილ ფასებს ვებრძოლოთ, მაშინ რაღაც გადასახადები დროებით მაინც უნდა შემცირდეს. სიტყვაზე, მოხდეს ბენზინის აქციზის შემცირება, რადგან საწვავი ფასის წარმოქმნაში მონაწილეობს, ან რაიმე სხვა სახის გადასახადების კლება. ასეთი ზომები კი მაღალი ინფლაციის პერიოდში უნდა იქნას მიღებული, რადგან 2020-2021 წლებში ხალხს ძალიან გაიჭირდა და შეიძლებოდა მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ასე არ მოხდა", - დასძინა გივი მომცელიძემ „რეზონანსთან".

ქვეყანაში თვალშისაცემად იმპორტული პროდუქცია არ გაიაფებულა, თუ არ ჩავთვლით ძირითადი მოხმარების რამდენიმე პროდუქტს, როგორიცაა ფქვილი, ზეთი და ადგილობრივი წარმოებიდან ყველი. სურსათის უმეტესობა, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები კვლავ ძვირი ღირს და ფასის შემცირებაზე საერთოდ არავინ ფიქრობს.

აქედან გამომდინარე ინფლაციის კლება ხალხისთვის დიდად არაფერს არ ნიშნავს, რადგან ბოლო პერიოდში ფასები უფრო გაიზარდა, ვიდრე ხელფასები, ამიტომ ხალხი ყოველდღიურ ხარჯს ვერაფრით უმკლავდება. საჭიროა, ინფლაციის მაჩვენებელთან ერთად სამომხმარებლო პროდუქციის ღირებულებაც შემცირდეს, რადგან მომხმარებლისთივს რეალური შვება სწორედ ეს იქნება.

ამ მიმართულებით ქვეყანაში მუშაობა მიმდინარეობდა სამთავრობო დონეზე, თუმცა კანონპროექტი, რომელსაც ფასები უნდა დარეგულირებინა, დაზაუზდა. ეს გადაწყვეტილება წინა თვეში იქნა მიღებული და მაშინ მთავრობისგან ითქვა, რომ ისინი საკითხს აქტუალურად აღარ მიიჩნევენ, ამიტომ პროექტი თაროზე შემოდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×