გიორგი თოდუა: ხარისხიან და უხარისხო თხილს შორის 2-3 ლარიანი განსხვავება ყოველთვის იქნება
გვანცა წულაია
23.08.2023

საქართველოში თხილის მოსავლის აღების და დაბინავების აქტიური პროცესი მიმდინარეობს. მოლოდინია, რომ წელს ფერმერები იმაზე მეტ თხილს მიიღებენ, ვიდრე გასულ წელს მიიღეს. მიმდინარე ეტაპზე ხარისხობრივი გაუმჯობესებაც გამოიკვეთა. პროდუქტის საწყისი ღირებულება წელსაც 3 ლარია. თუმცა ხარისხიანი თხილი მეტი ღირს და მათ შორის სხვაობა საშუალოდ 2-3 ლარის ფარგლებშია.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა ,,რეზონანსთან" დეტალურად საუბრობს მიმდინარე პროცესებზე და იმ მოლოდინე, რომელიც ინდუსტრიაში არსებობს.

„რეზონანსი": თხილის აღების აქტიური პროცესი მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის მოსავლის რა რაოდენობა არის აღებული და დაბინავებული?

გიორგი თოდუა: სულ რამდენიმე დღეა, რაც ინტენსიურად დაიწყო მოსავლის აღება და მიმდინარე ეტაპზე, მთლიანი მოსავლის დაახლოებით, 30%-ია აღებული. წელს 50 ათას ტონაზე მეტ მოსავალს ველოდებით. უნდა აღინიშნოს, რომ წინა წელთან შედარებით, წელს ხარისხი გაუმჯობესებულია, თუმცა ჯერ კიდევ არის სამუშაო, რადგან ბუნებრივია, არსებობს აგრო ღონისძიებები, რომელიც უნდა შესრულდეს და ამისთვის ერთი წელი საკმაირისი არ არის. სისტემატიურად და ყოველწლიურად აუცილებელია, რომ მინერალური სასუქები შევიტანოთ, ასევე შევიტანოთ კირი, რომელიც მჟავიანობას გაანეიტრალებს. ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა გახლავთ თხილის ინდუსტრიაში. გარდა ამისა, ბუნებრივია, აუცილებელია წამლობის განხორციელება და ფაროსანათან ბრძონა, რომელიც ისევ აქტიალურია და ერთ-ერთი გამოწვევაა ზოგადად სოფლის მეურნეობაში. წვიმები და ნალექიც გასაგებია, ხელისშემშლები ფაქტორები იყო, მაგრამ ვინც შეძლო და აგროვადებში ჩაატარა 5-6-ჯერ წამლობა, თუნდაც ასოციაციის გრაფიკით და სქემით, აქვთ უმაღლესი ხარისხის მოსავალი, რომლის რეალიზაციასაც, ალბათ ერთ კვირაში, 6-დან 7-ლარამდე მოახდენენ.

სამწუხაროდ, ისეთი ფერმერებიც გვყავს, მიუხედავად იმისა, რომ სუბსიდირებაში მიიღეს მონაწილეობა, აგროვადების დარღვევით განახორციელეს წამლობა და იყო ხარვეზები, ამიტომ ბუნებრივია, რომ მათი თხილი მაღალი ხარიხსით არ გამოირჩევა. შესაბამისად, ასეთი თხილის ფასი 3-დან 4-ლარამდეა. ხარისხიან და უხარისხო თხილს შორის 2-3 ლარიანი განსხვავება ყოველთვის იქნება, თუ მეტი არა. აქედან გამომდინარე, ფერემერებს მოვუწოდებ, რომ ყველანაირი აგროღონისძიებები ჩაატარონ შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„რ": ძირითადად როგორი ხარისხის თხილი ჭარბობს?

გ.თ: ხარისხობრივად სხვადასხვაგვარია. ჯერ მოსავალი ბოლომდე არ არის აღებული, ამიტომ გამოყოფა ახლა არ შემიძლია. პირველი ხარისხიც არის, მეორეც და ნაკლებად ხარისხიანიც.

„რ": ფასები თუ მოიმატებს?

გ.თ: ზუსტად და დანამდვილებით არავინ არ იცის. ამაზე კონკრეტული პასუხი აგვისტოს ბოლო, სექტემბრის დასაწყოსში უფრო გვეცოდინება. როგორც გითხარით, ახლა მოსავლის აღება, შრობა და დასაწყობება მიმდინარეობს. ვისაც ძალიან ეჩქარება, და მათი თხილი ხარისხობრივად მაინც და მაინც არ გამირჩევა, ყიდიან და ცოტა იაფად გამოსდით.

„რ": საზღვარგარეთ ქართული თხილი რამდენად იყიდება, სარგებლობს პოპულარობით?

გ.თ: დიახ, რა თქმა უნდა. როცა პროდუქცია ხარისხიანია იყიდება კიდეც და ფასებიც შესაბამისია. უხარისხო თხილიც გაიყიდება, მაგრამ კონტრაქტები უფრო დაბალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარი შეიძლება მოიძებნოს, პირდაპირ ვთქვათ, რუსეთში შეიძლება უხარისხო პროდუქცია გაიყიდოს, მაგრამ იაფად. ევროპული ბაზარი კი ყოველთვის იქნება მზად, რომ ხარისხიანი თხილი მიიღოს.

„რ" თხილის ინდუსტრიაშიც თუ არის მუშახელის დეფიციტი? და ასევე, დღიური ანაზღაურება რამდენი ლარია?

გ.თ: დიახ, ჩვენთანაც არის ეს პრობლემა. მუშებს დღიურად 55-60 ლარი გამოსდით. გასულ წელს 70 ლარის კი დაფიქსირდა, მაგრამ კარგი ის არის, რომ მცირე ფერმეერბს, რომელთაც ნახევარი ჰექტარი აქვთ, თავად ახერხებენ თხილის კრეფასაც და მოგროვებასაც. ესეც ბუნებრივია მუშაობს იმ მხრივ, რომ ზედმეტად არ გაიზარდოს მოთხოვნა შრომით რესურსებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×