"ჩვენ დამოკიდებული გავხდით მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაზე"
გვანცა წულაია
06.09.2023

ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა. განვლილმა სამმა თვემ აქტიურად ჩაიარა, თუმცა მოლოდინი, რომელიც ცხელ დღეებთან დაკავშირებით არსებობდა, არ გამართლდა. მიზეზი სხვადასხვაა, რამაც ზაფხულის სეზონზე მუშაობა შეაფერხა. დაახლოებით იგივე ვითარებაა მეზობელ თურქეთში, სადაც ქვეყანა ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას აპირებენ.

ქვეყანაში ზაფხულის ტურისტული სეზონი მალე ოფიციალურად დაიხურება. ყველაზე აქტიურმა სამმა თვემ ის შედეგი ვერ აჩვენა, როგორი მოლოდინიც არსებობდა. პრობლემის გამომწვევი მიზეზი, პირველ რიგში, კახოვკის ჰესის აფეთქება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, ზღვაზე დასვენებისგან უამრავმა ადამიანმა შეიკავა თავი, ამიტომ ჯავშნები ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა. ამას მოჰყვა შოვის უმძიმესი ტრაგედია, რამაც სამთო კურორტებზე უსაფრთხოდ დასვენება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

დაახლეობით იგივე სიტუაციაა რეგიონში. მეზობელ თურქეთში მიმდინარე წელს ტურისტული სეზონის გახანგრძლივებას ელიან, რადგან აგვისტოდან ქვეყნის ტურიზმის სექტორმა შემცირება დაიწყო.

„ჩვენმა ქვეყანამ განიცადა ძალიან მტკივნეული მოვლენები. ამის შემდეგ ჯავშნების ნაკადი დაბალი იყო. ივლისიდან, თურქეთის ტურიზმი მოსალოდნელ მაჩვენებლებზე ვერ გავიდა, პირველ რიგში, ეს ეხება აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის ჯავშნებს. ველოდებით, რომ ხელსაყრელი ამინდის წყალობით, სეზონი გახანგრძლივდება“, - განაცხადა თურქეთის სასტუმროების ფედარაციის ვიცე-პრეზიდენტმა მეჰმედ იშლერმა და დასძინა, რომ ტურიზმის სექტორმა სეზონი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში თებერვლის მიწისძვრების გამო უარყოფითი შედეგებით დაიწყო.

მარკეტინგული გათვლების გაკეთება საქართველოშიც საჭიროა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც პრობლემები სახეზეა რეგიონული თუ ადგილობრივი მიზეზების გამო. ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ადასტურებს, რომ ქვეყანა ევროპელი ტურისტების სიმცირეს განიცდის, ამიტომ რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს.

„ბაზარი გაჯერებული და დამოკიდებული გახდა მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაზე. სტატისტიკურ მონაცემებშიც ჩანს, რომელი ქვეყნებიდან იზრდება და რომელი ქვეყნებიდან მცირდება ტურისტული ვიზიტები საქართველოში. ევროპელი ვიზიტორები ოდენობა შემცირებულია და ამის მიზეზი რაც არ უნდა საფუძვლიანი იყოს, ინდუსტრიის მხრიდან დიდი ხანია გააზრებულია. ამიტომ აქამდე რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა დადებულიყო.

კერძო სექტორში, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ მათი შემოსავლები შემცირებულია, ხარჯები კი - გაზრდილი. პანდემიამ ტურიზმს უდიდესი დარტყმა მიაყენა მსოფლიო დონეზე, თუმცა დარგი გამოირჩევა გამოცოცხლების სწრაფი უნარით და, რა თქმა უნდა, კორონავირუსის შემდეგ, 2022 და 2023 წლებში მსოფლიოში ტურიზმის ბუმი აღინიშნა. ჩვენ კი დამატებით ვიზარალეთ უკრაინის ომით. შემდეგ იყო შოვის ტრაგედია. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ეს ფაქტი საქართველოში ჩამოსული ტურისტისთვის რამდენად შეიძლება იყოს შემაკავებელი ამბავი. საერთაშორისო ვიზიტორს არა მგონია, რომ სტიქიურ მოვლენებზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდეს. ამიტომ შოვის ტრაგედია უფრო ადგილობრივი პრობლემაა და სავარაუდოდ, რაჭას მიაყენა დიდი ზარალი“, - განუცხადა სიდამონიძემ „რეზონანსს“.

წლევანდელი სეზონით უკმაყოფილოები არიან დარგის სპეციალისტები და ამბობენ, რომ ზაფხულის თვეებმა ისე აქტიურად ვერ ჩაიარა, როგორი მოლოდინიც არსებობდა. ტურიზმის ექსპერტი მანანა ალადაშვილი ადასტურებს, რომ წელს პრობლემა ზღვაზეც იყო და მთაშიც. 

„მოლოდინი ბევრად მეტი იყო. წლის დასაწყისში, დაახლოებით მარტის თვემდე უფრო მეტი მოთხოვნა და ჯავშნები იყო, რომლებიც შემდეგ გაუქმდა. ტურიზმი 26.8%-ით უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა, განსაკუთრებით საზღვაო კურორტებზე. თითქოს ბევრი სტუმარი შემოვიდა, მაგრამ ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ვიზიტორები.

პირველი პანიკა უკრაინაში ჰესის აფეთქებას და ზღვის დაბინძურების საფრთხეს მოჰყვა. შემდეგ დატრიალდა შოვის ტრაგედია და სამთო კურორტებს პრობლემები შეექმნათ. გამოდის, რომ პრობლემა ზღვაზეც იყო და მთაშიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტურისტები ნაკადი არის, მაგრამ არა იმ ოდენობით, რა მოლოდინიც არსებობდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ მანანა ალადაშვილმა და დასძინა, რომ საქართველომ ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა.

„ბევრი რამ გააკეთა ტურისტების მოსაზიდად. ბერლინის გამოფენაზე მიიღო ქვეყანამ მონაწილეობა და იქ უდიდესი რეკლამა გაკეთდა. დიდი კონტრაქტები დაიდო სხვადასხვა ქვეყნებთან, მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, სასტუმროებთან, ტრანსნაციონალურ კოპრორაციებთან. თუკი მარგეტინგი უფრო მეტად გაძლიერდება, ძალიან კარგი იქნება.

საერთოდ, ტურიზმი ყველაზე მგრძნობიარე დარგია და მასზე ნებისმიერი რამ მოქმედებს. მაგალითად კახეთში, ტურისტები უკვე აღარ არიან, შემცირებულია ნაკადი. ყველა რეგიონში გაჭირდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ მანანა ალადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×