"ბევრი ქართველი უცხოეთში იმედგარცუებული რჩება. იმის იმედად წასვლას, რომ სხვა ქვეყანაში უკეთესად იქნება, სჯობს, აქ მონახოს სამუშაო"
გვანცა წულაია
07.09.2023

საქართველოს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს. განსაკუთრებით მძიმე სტატისტიკური მონაცემი მივიღეთ 2022 წელს, რა დროსაც საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა. ყურადღების მიღმა დასატოვებელი არც წინა წლების მაჩვენებლებია. რატომ გახშირდა ქვეყნის დატოვების მსურველთა ოდენობა და რა უნდა გაკეთდეს მძიმე შედეგის შესასუსტებლად?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით ირკვევა, რომ 2012 წელს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს, 2022 წელთან შედარებით, თითქმის ორჯერ ნაკლები - 60 307 იყო. 2022 წელს კი, საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქემ დატოვა სამშობლო.

რაც შეეხება წინა წლებს, ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს ემიგრანტი საქართველოს 80 351 მოქალაქე გახდა, 2020-ში - 43 349, 2019 წელს - 81 978; 2018 წელს - 76 367 მოქალაქე.

გაზრდილ ემიგრაციის მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ და განაცხადა, რომ ბევრი გარემოების გამო, ქართველები იძულებულნი ხდებიან სხვა ქვეყანაში ეძებონ თავშესაფარი.

"მიგრაციის მთავრი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭერეა. ფასი ყველაფერზე გაზრდილია და ადამიანები ვერ ახერხებენ უზრუნველყონ საკუთარი ოჯახები. ამას ემატება საბანკო კაბალა, რაშიც ძალიან ბევრი ოჯახია ჩათრეული და წლებია ეს გრძელდება. თუ არსებობდა იმედი, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა, ასე არ მოხდა, პირიქით, გაუარესდა კიდეც.

ამ ყველაფრის გამო ადამიანები იძულებულები ხდებიან თავშესაფარი ეძებონ უცხო ქვეყანაში, რადგან ელემანტარულად შეძლონ საკუთარი თავისა და ოჯახის გატანა.

პრობლემის მოგვარების გზები ძალიან მარტივია. სხვათა შორის, დაპირებაც იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ აშენდებობდა 100 ქარხანა და მოსახლოება დასაქმდებოდა. მთვარი არის ის, რომ ქვეყანა მწარმოებელი უნდა გახდეს, მაგრამ რომელ წარმოებაზეა საუბარი, როცა სასურსათო-ეკონომიკური უსაფრთხოება არ გააჩნია საქართველოს. ამიტომ სრულიად ლოგიკურია ის შედეგები, რომლებიც ზევით არის ნახსენები.

ელემენტარულად თვითკმარი სახელმწიფო უნდა გავხდეთ და პრალელურად აშენდეს ფაბრიკა-ქარხნები. ეს მოიტანს იმას, რომ ჩვენი ვალუტაც იქნება მყარი, ხალხი დასაქმება და ქვეყნიდან გადინება შემცირდება. ის ხალხი კი, ვინც წასულია, სამშობლოში დაბრუნებაზე იფიქრებს”, - განუცხადა "რეზონანსს” ზვიად ტომარაძემ.

გასული წლის სტატისტიკას დეტალურად თუ განვიხილავთ ვნახავთ, რომ 2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 125 269 ადამიანი წავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია. ემიგრანტების 80.5% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რიცხობრივად - 100 802 ადამიანი.

რაც შეეხება იმიგრაციას, გასულ წელს მაჩვენებელი 142.9%-ით გაიზარდა. ერთ წელში საქართველოში 179 778 იმიგრანტი შემოვიდა და მათგან მხოლოდ 54 405 (30.3%) იყო საქართველოს მოქალაქე.

მიზეზებზე ისაუბრა სოციალოგმა პაატა აროშიძემაც და აღნიშნა, რომ პირველი ფაქტორი მძიმე სოცალური მდგომარეობაა, მეორე კი გარემოს შეცვლა.

"ორი მხრივ შეიძლება შევხედოთ ამ საკითხს. პირველი მიზეზი, რისთვისაც ადამიანი ემიგრაციაში მიდის არის სოციალური მდგომარეობა. მეორე კი ის, რომ შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს მძიმე სოციალური პირობები, მაგრამ გარემოს შესაცვლელად მაინც მიდის უცხოეთში. ასეთი მე პირადად ძალიან ბევრი ვიცი.

ემიგრაციის გამო ქვეყანაში სამუშაო ადგილები თავისუფლდება, სადაც უცხოელები დასაქმდებიან. მაგალითად, მშენებლობის სექტორში, უკვე, ძირითადად, უცხოელები არიან დასაქმებულები.

უნდა ითქვას იცის, რომ ბევრი ქართველი უცხოეთში იმედგარცუებული რჩება. იმის იმედად წასვლას, რომ სხვა ქვეყანაში უკეთესად იქნება და იქ რაღაც გამოუვა, სჯობს ქვეყანაში მონახოს სამუშაო, რადგან ადამიანი მიჩვეულია აქაურ კულტურულ და სოციალურ გარემოს. ამის კარგი მაგალითია უცხოეთში ლეგალური დასაქმების პროგრამა. გერმანიის შრომის რიტმს ვერ აჰყვა ქართველი დაქირავებული, რადგან ევროპაში სულ სხვა მოთხოვნაა და საქართველოში - სულ სხვა. გამოდის, რომ ფსიქოლოგიურად მოუმზადებელი მიდის ბევრი ადამიანი, რაც შემდგომ სტრესს იწვევს.

ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯები ნამდვილად არის გადასადგმელი და პირველ რიგში, ადამიანს აუხსნან, რეალურად რა ელოდება უცხოეთში. რეალობის დანახვამ სიტუაცია უნდა შეცვალოს. ადამიანი დაფიქრდება რა ურჩევნია, ალალბედზე წასვლა, თუ სამშობლოში დარჩენა და სამუშაო ადგილის ძებნა.

ვიღაცას სჯერა, რომ აქ სიტუაცია გამოსწორდება და რჩება ქვეყანაში, ვირაცას არ აქვს იმედი და ამიტომ ტოვებენ სამშობლოს. ეს იმ სიტუაციის და გარემოს ბრალია, რომელ სოციუმშიც არის ადამიანი”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა აროშიძემ.

დღესდღეობით, ემიგრანტად ითვლება პირი, თუ მან დატოვა საქართველოს ტერიტორია და მის ფარგლებს გარეთ 12 თვის განმავლობაში 183 დღეზე მეტი გაატარა. იმიგრანტად კი ითვლება პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში, სულ მცირე 6 თვით, იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×