„ქვეყანაში სიზარმაცეს და სიზარმაცის ხელშეწყობას უნდა დაესვას წერტილი“
გვანცა წულაია
07.09.2023

ბიზნესი კადრების დეფიცის კიდევ განიცდის. რადგანაც პრობლემა საკამოდ მწვავეა, კერძო სექტორი სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებით დაინტერესდა, თუმცა ირკვევა, რომ დაინტერესება ორმხრივი არ არის და სახელმწიფოს მხრიდან შემწეობის მიმღებ პირებს მუშაობის სურვილი არ აქვთ.

ბიზნესში, არა მხოლოდ კვალიფიციური, არამედ ზოგადად კადრების დეფიციტი კვლავ მწვავე პრობლემაა. საჭირო თანამშრომლების პოვნა და დაქირავება რთულია, ამიტომ კერძო სექტორმა სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების სურვილი გამოთქვა. თანამშრომლობა დასაქმების სააგენტოსთან, იმ უწყებასთან მიმდინარეობს, რომელიც სოცდაუცველი მოქალაქეების დასაქმებას უწყობს ხელს.

სწორედ ამ მიმართულებაზე ისაუბრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ და განაცხადა, რომ კომპანიების ნაწილში დასაქმების სააგენტოსთან კავშირი აქტიურია და სოციალურად დაუცველთა ბაზიდან საქმდებიან კიდეც ადამიანები.

`არსებობს კომპანიები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ და ასაქმებენ ადამიანებს, მათ შორის სოციალურად დაუცველთა ბაზიდან. თუ ერთი კომპანიის რაღაც ვაკანსიით არ დაინტერესდა სოციალურად დაუცველი, არასწორია იმის თქმა, რომ ბიზნესმა მიიღო უარი. ლოგიკურია კითხვა დავსვათ, ვინ მიმართა, რა ვაკანსიაზე და რამდენი უარი მიიღო.

ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა და რამდენიმე კომპანია ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში, იმდენად აქტიურად, რომ თავად დასქმების სააგენტომ გამოარჩია და გამოკვეთა კომპანიები, ვისთანაც თანამშრომლობს. ამიტომ თუ ერთმა კომპანიამ კონკრეტულ პოზიციაზე ვაკანსია ვერ შეავსო, ამის განზოგადება, ალბათ, არასწორი იქნება.

პრობლემები ცხადია არსებობს. ბევრმა სოციალურად დაუცველმა არ იცის ის რეგულაცია, რომ თუ დასაქმდება 4 წელი არავინ შეამოწმებს და ბაზაშიც დარჩება. ამიტომ ამაზე საუბარი თუ გააქტიურდება, ძალაინ კარგი იქნება, რადგან ინფორმაცია საყოველთაოდ ცნობილი არ არის და პრობლემაც სწორედ ესაა.

უფრო მნიშვნელოვანი საკითხია შეუსაბამობა კვალიფიკაციის ნაწილში, რადგან შეიძლება კონკრეტულ რეგიონში ისეთი ვაკანსია იყოს, კვალიფიციური კადრი ვერ მოიძებნოს და არც მსურველი იყოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ ადამიანების გადამზადებისთვის მუშაობაა საჭირო და ვიცი, რომ დასაქმების სააგნეტო ამ მხრივ აქტიურადაა ჩართული”, - განუცხადა `რეზონანსს” ლევან ვეფხვაძემ.

არსებობენ კომპანიები რომელთაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისგან უარი მიიღეს. ჰოტეილერმა მაია მურაჩაშვილმა თბილისსა და ანაკლიაში მდებარე სასტუმროებისთვის კადრების დაქირავების მიზნით, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსაც მიმართა, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, არც ერთ სოციალურად დაუცველს დასაქმების სურვილი არ გამოუთქვამს.

„მივმართე დასაქმების სააგენტოს, რომელიც ხელს უწყობს სოცდაუცველების დასაქმებას. გავაკეთე სია, რომელშიც იყო როგორც შუალედური რგოლის მენეჯერები, ასევე დიასახლისები, მიმტანები და ა.შ. მთავარი იყო მუშაობა შესძლებოდა, ჩვენ დავასაქმებდით. დარწმუნებული ვარ, ჩემს კოლეგებსაც მიუმართავთ სააგენტოსთვის.

მე ორ რეგიონში მივმართე სააგენტოს - თბილისსა და ანაკლიაში. ვიცით, რომ სამეგრელოში ძალიან ბევრია, ვინც იღებს სოციალურ დახმარებას, არც ერთგან არავის გამოუთქვამს მუშაობის სურვილი. სააგენტოდან მომდიოდა პასუხი, რომ სამწუხაროდ, ვაკანსიებით არ დაინტერესდნენ.

აი, ეს არის მთავარი პრობლემა, საბოლოო ჯამში, ჩვენი შრომით გადახდილი გადასახადებით, ჯანმრთელი ადამიანი იღებს სოცდახმარებას და მას არ უნდა მუშაობა“, - აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა გადაცემა `წერტილში” და ევროპული მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ მუშაობს სხვაგან მსგავსი პროგრამა.

„თუ არ ვცდები, ბელგიაში არსებობს ასეთი პრაქტიკა - სამჯერ თუ შესთავაზებენ დასაქმებას და სამჯერვე უარს იტყვის სოცშემწეობის მიმღები მოქალაქე, მას დახმარება შეუწყდება. კერძო სექტორმა ამაზე ვისაუბრეთ და გავიზიარეთ, რომ უნდა შევუწყვიტოთ ჩვენთანაც. ისინი მუდმივად ვერ იქნებიან სოცდახმარებაზე.

საუბარია ჯანმრთელ ადამიანებზე, არ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვისაც არ შეუძლია ფიზიკურად მუშაობა. პასუხი ამაზე არის შემდეგი: ვმუშაობთ ამ საკითხზე“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა და დასძინა, რომ „ქვეყანაში სიზარმაცეს და სიზარმაცის ხელშეწყობას უნდა დაესვას წერტილი“.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმება 2022 წლის პირველ მარტს დაიწყო. საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.

პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სტატუსის გადამოწმება. დასაქმებულების ყოველთვიური ხელფასი კი 150-დან 300 ლარამდეა, რომელიც არ იბეგრება.

თუ სოციალურად დაუცველს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.

აქვე გეტყვით, რომ 2022 წელს სოციალურად დაუცველთა „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამით", 30 ათასამდე ადამიანი დასაქმდა. 8 811 სოციალურად დაუცველი კი, ღია შრომის ბაზარზე გავიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×