სპეკულაციურ გარიგებებში ამჯერად საუდის არაბეთი და რუსეთი მოკავშირეები აღმოჩნდნენ
ქეთო გოგოხია
07.09.2023

ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასების ზრდის ახალი ტენდენცია დაიწყო. მდგომარეობა იმდენად დრამატულია, რომ  შეიძლება ძალიან მალე ახალი რეკორდის მომსწრე გავხდეთ, რასაც გლობალური პროცესები ძალიან უწყობს ხელს, ძირითადად  სპეკულაციურ გარიგებებში ამჯერად საუდის არაბეთი და რუსეთი მოკავშირეები აღმოჩნდნენ, რამაც ბაზარი, ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა. ერთკვირიან მონაკვეთში 1 ბარელი ნავთობის ფასი, საშუალოდ, 6%-ით გაიზარდა და ამჟამად "ბრენტის" ფასი 90 დოლარს აჭარბებს, ამერიკული "ლაითის" ფასი კი 87 დოლარის ფარგლებშია.

რეალურად არავის აწყობს ნავთობპროდუქტების გაზრდილი ფასი, განსაკუთრებით აშშ-ს, რომელიც ინფლაციის რისკის წინაშეა და არჩევნებიც კარს მოადგა. მით უმეტეს, ტენდენციის საპირისპიროდ შემობრუნების ალბათობა მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში არ ჩანს. მდგომარეობა რომც შეიცვალოს, ბაზრის დასტაბილურებას დიდი დრო დასჭირდება. ამდენად, ძალიან სავალალო მდგომარეობაა და გარდა ამისა, დიდი პრობლემა ექმნებათ ნავთობიმპორტიორ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს, ვინაიდან საწვავის გაძვირებას ავტომატურად მოჰყვება ფასების ზრდა, მით უმეტეს, გადაზიდვის სერვისებზე, სადაც საწვავის კომპონენტი ძალიან  დიდ როლს თამაშობს.

ქართველი ექსპერტები გლობალურ ბაზრებზე შექმნილ სიტუაციას აფასებენ და საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რასაც ნავთობპროდუქტების მაღალი ფასი უქმნის როგორც მწარმოებელ ქვეყნებს, ასევე იმპორტიორებისაც. აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი რამდენიმე  ფაქტორს გამოყოფს, რაც ფასებზე  განსაკუთრებით აისახება.

,,ორი ფაქტორია, პირველი - მოლოდინის ეფექტი  და მეორე - კარტელური შეთანხმება, რაც "ოპეკი პლუსის" წევრი ქვეყნების შეთანხმებას უკავშირდება. კერძოდ, საუდის  არაბეთმა სულ რამდენიმე ხნის წინ დააანონსა მოპოვების შემცირებით ბაზარზე ფასების მატება, რამაც ბირჟებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. გარდა ამისა, ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ფაქტორია ასევე რუსეთის ბაზარი, სადაც მნიშვნელოვნად არის ნედლ ნავთობზე მოთხოვნა გაზრდილი. მთლიანობაში ამ ფაქტორების ერთობლიობამ გავლენა იქონია როგორც დასავლური, ასევე რუსული ნავთობის ფასებზე", - აღნიშნა ბაირახტარმა და საუდის არაბეთის მიერ წამოწყებული თამაშის წესებზეც გაამახვილა ყურადღება.

,,საუდის არაბეთი ოპეკის წევრია და მნიშვნელოვნად ცდილობს გავლენა მოახდინოს ნავთობის ფასზე. აქედან გამომდინარე, მისი ამომავალი წერტილი ყოველთვის არის ხოლმე ნავთობის ღირებულებაზე გავლენის მოხდენა. საუდის არაბეთს რამდენიმეჯერ დაეძაბა ურთიერთობა ამერიკელ პარტნიორებთან, ამაში ახალი არაფერია. საყურადღებოა განცხადებები, რასაც მაღალი რანგის არაბი ნავთობმწარმოებლები აკეთებენ, ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობენ მაღალი ფასის შენარჩუნებას.

რაც შეეხება აშშ-ს, ინფლაციის დონე, როგორც ბევრ ქვეყანაში, იქაც გამოწვევად იქცა. ფედერალური რეზერვის გამოყენებით ამერიკა აქტიურად ებრძვის ინფლაციას, ხელშესახები შედეგიც აქვთ ამ მიმართულებით, ინფლაცისი წელში გატეხვა მოახერხეს  და კარგ შედეგზეც გადიან, თუმცა ახლა უკვე ნავთობის გაძვირება იქნება დიდი წნეხი ინფლაციისთვის. იმის მიუხედავად, რომ  ამერიკა ნავთობპროდუქტების დიდი მწარმოებელი და მიმწოდებელია, სამომხმარებლო ფასების ზრდის კუთხით სერიოზული პრობლემა შეექმნება", - აღნიშნა ბაირახტარმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

გლობალურ და შემდეგ უკვე ადგილობრივი ბაზრის პრობლემაზე გააკეთა აქცენტები ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ, რომელიც წელს საწვავის არნახულ გაძვირებას პროგნოზირებს.

,,დაახლოებით ერთი წელიწადია, არაბეთის პარტნიორობა ამერიკასთან დასრულდა. ყველა თავის თამაშს თამაშობს, შედეგიც სახეზეა, არაბეთი უკვე ვაჭრობს ჩინეთთან იენზე, ინდოეთთანაც ეროვნულ ვალუტაში და დოლარს არ იყენებს. შეთანხმებამ, რომ არაბეთი ნავთობს გაყიდდა მხოლოდ დოლარზე, ძალა დაკარგა.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ წინასწარ გვქონდა პროგნოზი ნავთობის გაძვირების შესახებ, რომელიც მართლდება. კიდევ ველოდებით ფასის ზრდას და  სექტემბრის ბოლომდე მინიმუმ 20-30 თეთრით გაძვირებას. რაც შეეხება მიზეზებს, საქართველოში არსებობს კარტელები, ეს დადასტურდა კიდეც კონკურენციის სააგენტოს მიერ.

გარდა ამისა, ნავთობპროდუქტებზე "პლატცის" ფასი გაზრდილია და აუცილებლად მოიმატებს მომავალშიც. განსაკუთრებით სექტემბრიდან ველოდებით მკვეთრ ცვლილებას. ნომებერ-დეკემბერში არნახულად მაღალი ფასი გვექნება", - განუცხადა ,,რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.

მიმდინარე ტენდენციის ფონზე, "გოლდმან საქსმა" უახლესი პროგნოზი გაავრცელა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 110 დოლარს მიაღწევს, ანუ "ბრენტის" ღირებულება დამატებით 20%-ით გაიზრდება. ამის მიზეზად ანალიტიკოსები რუსეთის ფედერაციის, საუდის არაბეთისა და "ოპეკის" წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებულ პოლიტიკას ასახელებენ. საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი ნახევარი მილიონი ბარელით დააკორექტირა.

წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს, რაც ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაძვირებული ენერგორესურსები ყველაზე ხელსაყრელი სწორედ საუდის არაბეთისთვისაა, რომელმაც შარშან რეკორდული შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო კომპანია "საუდი არამკომ" 2022 წელს 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიითვალა, რაც ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×