ძალიან მალე ქირის გადასახადი ისევ გაიაფების გზას დაადგება
გვანცა წულაია
12.09.2023

ქვეყანაში მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება და მის მოახლოებასთან ერთად, ბინების დაქირავება აქტიურ ფაზაშია. ირკვევა, რომ მიმდინარე ეტაპზე უძრავი ქონების ქირის გადასახადი არ გაზრდილა და წელს ქართველ სტუდენტებს კატასტროფულად მაღალი ფასის გადახდა აღარ უწევთ. თანაც რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს ბინის დაქირავება გაუმარტივდათ და მათთვის უფრო მეტი შეთავაზებაა, ვიდრე შარშან ამ დროს. სავარაუდოა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, როცა წინასასწავლო პერიოდის ბუმი გადაივლის, ქირის ტარიფი შემცირებას დაიწყებს.

შარშანდელი ვითარების შემდეგ, წლევანდელი მოცემულობა სხვაგვარია. 1 წლია წინ მიგრანტების დიდი ნაკადის გამო უძრავი ქონება კატასტროფულად გაძვირდა. 1 თვის გადასახადი იმხელა მასშტაბებზე მივიდა, რომ რეალობას სრულიად იყო მოწყვეტილი, ამიტომ სტუდენტებს ბინის დაქირავება, ძალიან გაუჭირდათ და ასევე, მათთვის მისაქირავებელი ფართიც თითქმის აღარ იყო დარჩენილი, რადგან ყველგან მიგრანტები იყვნენ შესახლებულნი.

წელს მიგრაციის ნაკადმა იკლო და უძრავი ქონების ფასმაც ძალიან ნელი ტემპით, თუმცა მაინც დაიწყო ქვევით ჩამოსვლა. მართალია, ღირებულება დღემდე მაღალია, თუმცა შარშანდელთან შედარებით ნაკლები, ამიტომ მიმდინარე პერიოდში სტუდენტებს ბინის დაქირავება ასე თუ ისე უმარტივდებათ.

როგორც სააგენტო `კიბეს” ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე აცხადებს, სასწავლო წლის დაწყების მოახლოებას ბინების გაძვირება არ მოჰყოლია.

"ვერ ვიტყვით იმას, რომ ქირაზე ფასმა მოიმატა, ასეთი რამ ახლა არ ხდება. მოთხოვნა არის, არა მხოლოდ სტუდენტების მხრიდან, არამედ ზოგადად, მაგრამ ღირებულება ამ პერიოდში, არ გაზრდილა. გასაქირავებელ ბინებზე რა ფასიც იყო, იგივე ღირებულებაა სასწავლო წლის დაწყების წინაც.

პირადად ჩვენ არ გვაქვს ისეთ ფასიანი უძრავი ქონება, როგორიც სტუდენტებს სურთ. 600-800 ლარში ეძებენ ბინებს და ჩვენთან ასეთი დაბალფასიანი განცხადებები არ შემოდის, შესაბამისად, სტუდენტებზე ნაკლებად ვმუშაობთ”, - განუცხადა "რეზონანსს” ნელი გოგუაძემ.

რადგან მიგრანტების ტალღამ იკლო და ისინი ქვეყნიდან ნელ-ნელა გადიან, ბინები დაცარიელდა და სტუტენდებს დაქირავების პრობლემა აღარ ექნებათ.

"შარშან უცხოელების შემოსევა იყო და უძრავი ქონების გაქირავებაზე ძალიან დიდი ხვედრითი წილი სწორედ მათზე მოდიოდა, წელს ასეთი მოცემულობა აღარ გვაქვს. მიგრანტები აღარ არიან, შესაბამისად არც მაღალბიუჯეტიანი კლიენტებია, ამიტომ ფასებსაც ვერ ზრდიან ბინის მფლობელები.

ბინა, რომელიც რეალურად ღირდა 700 დოლარი, მფლობელს უნდოდა 1000 დოლარად გაექირავებინა და ახერხებდა კიდეც, მაგრამ უკვე წელს უკვე აღარ არის ასეთი მოთხოვნა. ამიტომ, მესაკუთრეები, ვინც ლოგიკურად აზროვნებს, რა თქმა უნდა, რეალურ ფასამდე ჩამოვლენ, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვინც ისევ ელოდებიან უცხოელ დამქირავებელს, რომელსაც ისევ მაღალ ფასად მიაქირავებს ბინას. ძირითადად საიჯარო გადასახადმა მაინც დაიკლო და ღირებულება ლოგიკურ ფასამდე ჩამოდის”, - განუცხადა "რეზონანსს” ნელი გოგუაძემ.

რადგანაც სასწავლო წლის დასაწყისში, ანუ ბინების დაქირავების აქტიურ პერიოდში უძრავი ქონების დაქირავების ტარიფი არ გაზრდილა, სავარაუდოა, რომ სასწავლო ბუმის გადავლის შემდეგ, ფასები კლებას დაიწყებს.

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის ვაჟა მებაღიშვილის ინფორმაციით, შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში, ქირის ფასი 7-10%-ის ფარგლებში შემცირებულია და იჯარის ნაწილში არსებული ბუმი ახალი სასწავლო წლისთვის მეტ-ნაკლებად ჩამცხრალია.

„კვლევითი ორგანიზაციებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ბოლო კვლევის შედეგები, ძირითადად, აცდენილია რეალობას. ჩვენი ასოციაცია დაახლოებით 90-მდე კომპანიას აერთიანებს და ბაზრის ტენდენციებზე, ცხადია, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან.

შარშანდელი მონაცემებითან შედარებით, არათუ ზრდა, არამედ, პირიქით, 7-10%-იანი კლება გვაქვს იჯარის გადასახადში. კვლევა შემხვდა, სადაც ეწერა რომ შარშან პირობითად 800 დოლარი რომ ღირდა ბინა, წელს იგივე ბინა 1300-1500 დოლარი ღირს, რაც სრული აბსურდია. შარშან უფრო დიდი ბუმი იყო, დიდი ექსპანსია ვნახეთ და ფასიც მაღალი დაფიქსირდა.

ახლა დასტაბილურებისკენ მიდის ვითარება, მაგრამ ჩემი კომპანია, რომელიც, ძირითადად, მუშაობს დიპლომატიურ კორპუსზე და ორგანიზაციებზე, პრობლემებს აწყდება. ძალიან ცოტა ბინაა, ვერ ვპოულობთ და მათი ფასი როგორი მაღალიც იყო, ისეთივე ნარჩუნდება. სხვა შემთხვევაში ბაზრის სტაბილურობა სახეზეა. ძალიან რთულია ერთი კონკრეტული ფასის დასახელება ძნელია, მაგრამ ცენტრალურ უბანში ერთოთახიანი ბინის ფასი მერყეობს 700-1000 დოლარის ფარგლებში”, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა გადაცემა "უძრავი ქონების პროსპექტში”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×