"ადგილობრივ ბაზარზე ვერ ვპოულობდით შესაბამის კადრებს და სხვა გზა აღარ დაგვრჩა"
გვანცა წულაია
12.09.2023

ადგილობრივი მუშახელის დეფიციტის გამო, სამშენებლო კომპანიებმა უცხოელების შემოყვანა უკვე დაიწყო. ამაზე ბიზნესი დიდ ხანია საუბრობდა, მაგრამ დღეს საზოგადოება უკვე ფაქტის წინაშე დგას. საინტერესოა, რამდენად მიიღო უცხოელთა დასაქმება ტენდენციის სახე და ძირითადად რომელი ქვეყნებიდან შემოჰყავს გასტერბაიტერები კომპანიებს?

მუშახელის დეფიტიცი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გამომწვევი პრობლემაა. ქართველები ანაზღაურების სიმცირის გამო, დასაქმებაზე უარს ამბობენ და საქართველოს ტოვებენ კიდეც. ბიზნესი თითქოს ხელფასს ზრდის, მაგრამ, როგორც ჩანს, მოქალქეებისთვის არასაკმარისია და თანაც გაწეული შრომის შეუსაბამო.

მუშახელის დეფიტიცის პრობლემის მოგვარება ბიზნესმა უცხოეთიდან კადრების მოძიებით დაიწყო. კერძო სექტრის ნაწილმა სხვა ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ ბიზნეში უკვე ჩააბა.

"ამ ეტაპზე, მშენებლობის ინდექსი ძალიან არის გაზრდილი. მიზეზი, მუშახელის გაძვირებაა. ადამიანები მასობრივად წავიდნენ ემიგრაციაში, რამაც ბაზარზე დეფიციტი შექმნა. შესაბამისად აიწია სახელფასო განაკვეთმა. იზრდება ხარჯი და ცხადია, ეს აისახება ინდექსზე.

დეფიციტის აღმოფხვრა ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებით. მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვყავს მუშახელი, რომლებსაც შემდეგ ვასაქმებთ. ეს უფრო ხელსაყრელია, რადგან სპეციფიკური ვიზით შემოსული ადამიანი, სხვაგან ვეღარ მიდის და ვალდებულია შენთან იმუშაოს. ამ ზაფხულს მუშახელის დაბალანსება მოვახდინეთ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ვერ ვპოულობდით შესაბამის კადრებს.

ბუნებრივია, ესეც ზრდის კომპანიის ხარჯს, რადგან ხელფასის მიღმა გვიწევს მათი კვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ასევე, უამრავი სხვა ხარჯია", – განაცხადა კომპანია "არალის” დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე თათეშვილმა.

ბიზნესის ნაწილი კი ჯერჯერობით ყოყმანობს და არ იცის, კადრების დეფიციტს სხვა ქვეყნის მოქალაქეებით შეავსებს თუ არა. სწორედ ამას აცხადებს კომპანია "სიგმას” დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი, რომელიც ადასტურებს, რომ მუშახელის სიმცირეს თავადაც განიცდის. 

"მუშახელის პრობლემა მეც მაქვს. ვერ მოვძებნე რეალტორები, რომლებიც ჩემთან იმუშავებენ. ქართველები გადიან ქვეყნიდან, ამერიკასა და ევროპაში მირბიან, რადგან ადგილზე ბიზნესი ვერ იხდის იმდენს, რამდენიც მათთვის საკმარისია.

არ ვიცი, ჩამოვიყვან თუ არა, უცხოეთიდან მუშახელს. ვინ ჩამოვიყვანო, ეგეც საკითხავია. რეალტორად ვინ იმუშავებს? შეიძლება მუშად დასაქმდნენ, მაგრამ რეალტორად მუშაობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი რამდენსაც გამოიმუშავებს, იმდენი უნდა გადაუხადოს დამსაქმებელმა. აქედან გამომდინარე, პრობლემურია ეს საკითხი”, - განუცხადა ლაჩაშვილმა `რეზონანსს”.

უკვე დიდი ხანია, ადგილობრივ ბიზნესში მასობრივად კადრების სიმცირეს უჩივიან. ძნელად მოიძებნება სფერო, სადაც ეს პრობლემა არ დგას. თუკი ბიზნესის წარმომადგენლები კადრების სიმცირეს შესაბამისი კვალიფიკაციის არქონით ხსნიან, სპეციალისტები შრომის ანაზღაურების მხრივ არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დეფიციტს ქართული სახელფასო პოლიტიკა ქმნის.

ეკონომისტი ზურაბ კუკულაძის აზრით, ასეთი ანაზღაურების პირობებში, მასობრივად უცხოელი კადრების შემოყვანას ბიზნესი ვერ შეძლებს. რატომაც ქართველი მუშახელი გადის ბაზრიდან, ზუსტად იგივე მიზეზით წავა და არ იმუშავებს უცხოელიც.

"მთავარი არის ის, რომ ბიზნეს არ უნდა ხელფასის გაზრდა, არც ნორმალური ანაზღაურების გადახდა, არადა ვხედავთ, რა სიტუაციაც გვაქვს იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომელსაც კონკრეტული სეგმენტი ყიდის. თუ უძრავი ქონების ბაზარზე ფასები კატასტროფულად მომატებულია, რატომ არ უნდა გაიზარდოს მუშახელის ანაზღაურება?!

ამ ხელფასების პირობებში, მასობრივად უცხოელთა შემოყვანას ისე, რომ ადგილობრივი მუშახელის გადინება დაბალანსდეს, ბიზნესი ვერ შეძლებს. რა მნიშვნელობა აქვს ქართველს გააქცევენ ბაზრიდან, თუ უცხოელს? შეიძლება ბიზნესმა ერთჯერადად, კონკრეტული პირობებით, შემოყვანოს უცხოელები, მაგრამ, ეს ვერ მიიღებს მასობრივ ხასიათს. რატომაც ქართველი მუშახელი გადის ბაზრიდან (დაბალი ხელფასის და არასათანადო პირობების გამო), ზუსტად იგივე მიზეზით წავა და არ იმუშავებს უცხოელიც. ბიზნესი ამით პრობლემას ვერ მოაგვარებს.

კერძო სექტორმა უნდა შეიგნოს ის, რომ დასაქმებულს გადაუხადოს მისაღები ხელფასი. ქვეყანაში ფასები იზრდება, ამიტომ შრომითი ღირებულებაც უნდა გაიზარდოს და ბიზნესი ამ მოცემულობას უნდა შეეგუოს”, - განუცხადა "რეზონანსს” ზურაბ კუკულაძემ და დასძინა, რომ მიგრაციის ამხელა მასშტაბი შრომის ბაზრის დამსახურებაა.

"ბუნებრვია, ბიზნესი ეცდება, რომ ადგილობრივ მუშახელზე იაფი კადრი შემოიყვანოს.  მიგრაციის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ და ვისაუბრებთ იმაზე, რომ ქვეყნიდან ათეულ ათასობით ადამიანი გადის, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ ისინი უკეთესი პირობების საძებნელად მიდიან. რეალურად, შრომის ბაზრის დამსახურებაა ის, რომ მიგრაციის მასშტაბი არის ამხელა.

როგორი იაფი მუშახელის შემოყვანაც არ უნდა მოხდეს, გლობალურ სამყაროში ვერავინ ვერავის აიძულებს, რომ მონური პირობებით იმუშაოს. მნიშვნელობა არ აქვს კადრები საიდან შემოჰყავს კომპანიებს. ისინი ბაზრიდან მაინც გავლენ გარკვეული პერიოდის შემდეგ, რადგან ხელფასები იყო და არის არაადეკვატურად დაბალი. მართალია, სამშენებლო სექტორში, ბოლო პერიოდში, შრომის ანაზღაურება გაიზრდა, მაგრამ თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ბაზარს რომ შევადაროთ, არის მესამედი”, - განუცხადა "რეზონანსს” ზურაბ კუკულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×