"უკვე შეიძლება ითქვას, რომ ხილისა და ბოსტნეულის ხარისხი და მოცულობაც შემცირებულია"
გვანცა წულაია
14.09.2023

წლევანდელი კლიმატური ცვლილებების გამო, აგროსასურსათო პროდუქციის არც რაოდენობით გამოირჩევა და არც ხარისხით. ფერმერების მოსავლით კმაყოფილები არ არიან და ამბობენ, რომ პროდუქციის დიდად დამარაგებაც ვერ შეძლეს, რადგან საკმაო ნაწილი წვიმამ და სეტყვამ გაანადგურა. ადგილობრივი მოსავალი ქვეყანას 3-4 თვე ეყოფა, შემდეგ კი ისევ იმპორტულ საკვებზე გადართვა მოუწევს, რომელიც შედარებით ძვირია.

როგორც ირკვევა, ზაფხულის თვეებში სოფლის მეურნეობის პროდუქცია შედარებით მცირე ოდენობით მოვიდა, შესაბამისად, დიდი მარაგის გაკეთება ვერ მოხერხდა. ფერმერები არც ხარისხით არიან კმაყოფილები და აცხადებენ, რომ ხილი იქნება, თუ ბოსტნეული, წინა წლებში უკეთესი ხარისხის იყო და რაოდენობრივადაც უფრო მეტი მოდიოდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი, კლიმატური ცვლილებებია, რამაც მოსავალს უდიდესი პრობლემები მოუტანა.

სწორედ კლიმატურ ცვლილებებზე და მის შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი და პირდაპირ ამბობს, რომ არ გვექნება იმ რაოდენობის ხილი, რამდენიც გვქონდა წინა წლებში. მწვანილი კი ახლაც ძალიან ძვირი ღირს.

"წელს ძალიან ცუდი პირობები გვქონდა. იყო ამინდის მუდმივი ცვლილება, ჯერ სიცივე, შემდეგ მუდმივი წვიმა, მერე სიცხე და ამან გამოიწვია სხვადასხვა დაავადებების გავრცელება.

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ვენახები. გლეხები იძულებულნი იყვნენ 10-ჯერ და მეტჯერაც შეეწამლათ. ეს აუცილებლად იმოქმედებს ყურძნის ხარისხე, ამიტომ შედეგი იქნება ცუდი. პლუს ამას დაისეტყვა სავარგულები და დიდი ზარალი მიადგა მეურბნეობას. სამომხმარებლო ბაზრებზე ძალიან რთული იქნება ჩვენი წელში მდგომარეობა. ჯერ ერთი ხარისხის და შემდეგ, რაოდენობის და ფასის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ხილს, ქართლშიც იყო სეტყვა, მაგრამ ზოგიერთ სოფლებში. მასობრივი დასეტყვა არ ყოფილა, თუმცა კლიმატის ცვლილებამ მაინც უარყოფითად იმოქმედა, ამიტომ ჩვენ არ გვექნება იმ რაოდენობის ხილი, რამდენიც გვქონდა წინა წლებში. შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ქლიავზე, ხოლო მსხალზე და ვაშლზე პრობლემებია, ამიტომაა, რომ მისი ფასი საკმაოდ მაღალია და უჭირს ხალხს შეძენა.

ბოსტნეულის ზონები გვაქვს მარნეულში, გარდაბანში და ასევე იმერეთში. იმერეთის ზონა მხოლოდ და მხოლოდ ზამთარში უწევს კონკურანციას მარნეულსა და გარდაბანს. ამდენად, იმერეთში მწვანილი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ფასი ძალიან მაღალია. ერთ კილო მწვანილი 20 ლარამდე ღირს. ეს გამოიწვია იმან, რომ ძალიან მაღალია ფასი საჭირო სასუქებზე, შესაწამლ საშუალებებზე, დიზელზე და ა.შ”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა კოღუაშვილმა და დასძინა, რომ ქარველი ფერემერების მიერ წარმოებული ძირითადი სურსათი პროდუქცია ქვეყანას მხოლოდ 3-4 თვე ეყოფა.

"სოფლის მეურნეობისთვის საჭიროა კანონის მიღება ფასთა პარიტეტის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ესმის მთავრობას. მეცხოველეობაშიც არ გვაქვს სასურველი მდგომარეობა, არადა ამ მიმართულების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მთიანეთში მეცხოველეობის განვითარება, ეს არის საქართველოს მთავარი სასიცოცხლო არტერიის, ქვეყნის მთის დაცვის, გადარჩენისა და იქ მოსახლოების დამაგრების მთავარი ფაქტორი.

ჩვენს მიერ წარმოებული ძირითადი სურსათი პროდუქცია, ქვეყანას მხოლოდ 3-4 თვე ყოფნის, დანარჩენი შემოტანილ, იმპორტულ პროდუქციაზე მოდის. ამას ყველაფერს გადახედვა სჭირდება, აგრარული პოლიტიკის არსია გადასახედი და სხვანაირი სტრაგეტიაა შესამუშავებელი”, - უთხრა "რეზონანსს” კოღუაშვილმა.

საქართველო ისედაც იმპორტზე ჩამოკიდებული ქვეყანაა, თუმცა მაშინ, როდესაც ადგილობრივი პროდუქციის მარაგი ამოიწურება, ქვეყანას ხილის და ბოსტნეულის შეძენა, სხვადასხვა ქვეყნიდან, უფრო ინტენციურად მოუწევს. ეს კი ხარჯს გაზრდის, რადგან იმპორტირებული საკვები უფრო ძვირია, ვიდრე ადგილობრივი.

წლევანდელმა კლიმატურმა ცვლილებებმა სოფლის მეურნეობას და ფერმერებს დიდი ზარალი მოუტანა. დაისეტყვა და განადგურდა თითქმის ყველა სახეობის ხილი, თუ ბოსტნეული და ამაზე უამრავი ფერმერი საუბრობს. გლეხები იმასაც ამბობენ, რომ რამდენიმე თვეში მათი პროდუქცია ამოიწურება და ბაზარზე ხელმისაწმდომი აღარ იქნება.

კლიმატური ცვლილებების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება სოფლის მეურნეობის კიდევ ერთმა სპეციალისტმა რამაზ ცუკოშვილმა და აღნიშნა, რომ შემცირებულია ხილ-ბოსტნეულის ხარისხი და მოცულობაც.

"წელს ძალიან ბევრ რეგიონში ძალიან ბევრი ნალექი მოვიდა, იყო ღვარცოფები და სტიქიური მოვლენები, სეტყვა, რამაც ძალიან დააზიანა სხვადასხვა აგროკულტურა. აქედან გამომდინარე, ხილისა და ბოსტნეულის ხარისხი და მოცულობაც შემცირებულია. ამ ყველაფრის შესაბამისად, საკვების დიდი ოდენობით დამარაგებაც ვერ მოხერხდა, ოჯახებს არ აქვს აგროპროდუქიის დიდი მარაგი. ზამთარში ალბათ დეფიციტიც იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” რამაზ ცუკოშვილმა.

დეკემბრამდე ვითარება აგრარულ ბაზრებზე ვითარება დიდად არ შეცვლება, მაგრამ შემდეგ უკვე იმპორტირებული პრდოქციის სიჭარბე ფასებსაც მაღლა წაიყვანს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×