მუდმივად ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა
თამარ ვეფხვაძე
26.09.2023

გარემო ფაქტორებიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა შავი ზღვის წყლის ხარისხის მდგომარეობა  საქართველოს აკვატორიაში. საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით - ფართოვდება მონიტორინგის ქსელი, იზრდება განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.

საქართველოში ეკოსისტემების მნიშვნელოვანი ნაწილია შავი ზღვა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგის გამოცდილი სპეციალისტების მიერ მუდმივად ხორციელდება კვლევის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა წყლის ეკოლოგია, ჰიდრობიოლოგია, წყლის ბიომრავალფეროვნება, მეთევზეობა და აკვაკულტურა. სააგენტო, ასევე, იკვლევს ზღვის წყლის  ქიმიურ პარამეტრებს.

გარდა ამისა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები შავი ზღვის კონტინენტური შელფისა და მისი სანაპირო ეკოსისტემების კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.

მიმდინარე ზაფხულს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში გეგმიური კვლევები სტანდარტულად თვეში ერთხელ ხორციელდებოდა.

სააგენტოს მიერ შავი ზღვის წყლის სინჯებში ისაზღვრება ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები. ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლის 12 სადგურზე (წერტილში) ხორციელდება ბიოლოგიური მონიტორინგი, რა დროსაც ისაზღვრება სარფი-ანაკლიის სანაპირო ზოლში ისეთი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ინდიკატორები, როგორიც არის მიკროწყალმცენარეების ტაქსონომიური შემადგელობა და რაოდენობრივი მაჩვენებლები.

აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და  სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, მიმდინარე სეზონზე განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებში იყო.

დაინტერესების შემთხვევაში შავი ზღვის წყლის მონიტორინგის შედეგები არის საჯარო  და ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებ. გვერდზე: www.nea.gov.ge

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, სააგენტოს მიერ, წლის განმავლობაში, ზედაპირული წყლის მონიტორინგი 231 წერტილში, ხოლო მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი, 68 წყალპუნქტზე, მათ შორის, 62 ჭაბურღილზე და 6 წყაროზე ხორციელდება.

რაც შეეხება ჰიდროლოგიური დაკვირვების ქსელის გაფართოებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაკვირვება დაახლოებით 60 წერტილზე მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×