ენერგეტიკოსები პრობლემებს ვერ ხედავენ, რიონის მცველები კი შესაძლო პროტესტზე ისევ საუბრობენ
ქეთო გოგოხია
05.10.2023

ნამოხვანის ჰესის მშენებლობის საკითხი მალე დაიძვრება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მთავრობა ევროპეული ინვესტორის შემოყვანასა აპირებს. პროექტი, სავარაუდოდ, თავიდან გადაიხედება, თუმცა ენერგეტიკოსები რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ნაკლებად ელოდებიან. თურქულ მხარესთან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პროტესტი ხელშეკრულების კაბალური პირობების გამო ჰქონდათ. რაც შეეხება მათ პოზიციას დღეს, აღმოჩნდა, რომ ჰესის მშენებლობას კატეგორიულ წინააღმდეგობას გაუწევენ მომავალშიც და პროტესტი გაგრძელდება, თუკი კითხვებზე პასუხს არ მიიღებენ.

ნამოხვანის ჰესი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი საჭირო და აუცილებელი პროექტია, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი იზღუდება და იაფი დენის წყაროს მიღების შესაძლებლობას ქვეყანა, ფაქტობრივად, მოკლებულია.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, პროტესტს არანაირი საფუძველი არ აქვს, განსკაუთრებით იმ პირობებში, როცა სახელმწიფო დგება გარანტიაში და ევროპელი ინვესტორი შემოდის. ამ შემთხვევაში რა იქნება ენერგეტიკის დარგითვის სარგებელი, ჯერჯერობით არ ჩანს, მაგრამ ცნობილია ფაქტი, რასაც ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადასტურებს.

„საარბიტრაჟო დავის მიუხედავად, პარალელურად წარიმართება პროცესი, რომ ნამოხვანჰესის პროექტი განვახორციელოთ მაღალი სტანდარტებით, მაღალი რეპუტაციის და გამოცდილების ინვესტორთან ერთად. დაინტერესება არის ძირითადად ევროპული კომპანიების მხრიდან, თუმცა ნაადრევია ამაზე საუბარი, რადგან ფორმალური პროცესი არ დაწყებულა და ჯერჯერობით საზოგადოებას ინფორმაციას ვერ მივაწვდით“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება სპეციალისტების პოზიციას, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ფიქრობს, რომ ჰესი აუცილებლად აშენდება, ხოლო ევროპელი ინვესტორის შემსოვლა ყველა ეჭვს გააქარწყლებს, რაც პროექტის მიმართ იყო. ხელშეკრულება გადაიხედება, თუმცა ძველი პროექტი, სავარაუდოდ, არ შეიცვლება, რადგან იგი მოთხოვნის პირობებს ზედმიწევნით პასუხობდა.

,,დაახლოებით 15 წლის წინ ჩატარდა ძალიან კარგი სამუშაო და განიხილეს გარემოსდაცვითი და სოციალური სტრატეგია. ვთვლი, რომ ეკონომიკური, ორივე მიმართულებით მაღალი დონის კვლევა დაიდო. სამუშაოები იტალიურმა  და სერბულმა ჯგუფმა მოამზადა, ფაქტობრივად, ეს იყო გეგმა საქართველოს ენერგოგენერაციის განვითარებსთვის მომდევნო 15 წლის განმავლობაში.

ამ ნაშრომში, სხვადასხვა სცენარით განიხილებოდა საქართველოს ენერგეტიკის განვითარება. მათ შორის, თბოელექტროსადგურების, ჰიდროსადგურების მშენებლობა, ქარის ენერგეტიკის საკითხები და სხვა. ცალსახად იყო დადგენილი, რომ მომდევნო 15 წლის განმავლობაში პრიორიტეტულ პროექტებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ნამოხვანჰესია. 

რაც შეეხება ევროპელი ინვესტორის შემოყვანას, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი საკითხაია. ვფიქრობთ, ხელშეკრულება გადაიხედება და ახალი გაფორმდება. მიჭირს წინასწარ თქმა, რა შეიძლება გაითვალისწინონ. კვლევებზე თუ მეკითხებით, ის თავიდანვე 100%-ით პასუხობდა მოთხოვნილ სტანდარტს და ძალიან მაღალ დონეზე იყო შესრულებული, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით.

არ შეიძლება დავა იმაზე, რომ წყალსაცავიანი სადგური საქართველოს ძალიან სჭირდება. პარალელურად აუცილებელია განახლებადი ენერგიის - ქარისა და მზის სადგურების განვითარება. ამ პრიორიტეტებში ნამოხვანის მშენებლობას ალტერნატივა არ აქვს.

რამდენადაც ვიცი, პროექტის მოდიფიცირება შეიძლება, ამიტომ დაველოდოთ. უფრო ოპტიმალური ვარიანტი იქნება წარმოდგენილი, მაგრამ ენერგეტიკისთვის სარგებელი ჯერჯერობით უცნობია, ეს საკითხი გადაიხედება და შეიძლება შეიცვალოს“, - განუცხადა "რეზონანსს“ მირცხულავამ.

რაც შეხება ჰესი სეისმომდგრადობას და გარემოზე ზემოქმედებას, როგორც ენერგეტიკოსმა აღნიშნა, პირადად იცნობს წარმოდგენილ ანგარიშებს და მიაჩნია, რომ ის ერთ-ერთი მაღალკვალიფიციურად შესრულებული სამუშაოა. მეტიც, დღესდღეობით არც ერთი სამშენებლო ნაგებობა ისეთ სეისმურ მდგრადობაზე არ არის გათვლილი, როგორც ნამოხვანჰესი, რაც კვლევებითაა დადასტურებული.

მიუხედავად ამისა, ენერგეტიკოსი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან პროტესტს არ გამორიცხავს.

,,სავარაუდოდ, პროტესტი იქნება, მაგრამ პასუხიც გაეცემა, ვინაიდან საზოგადოება ადრეულ ეტაპზევე იქნება ჩართული განხილვებში და მოიძებნება კომპრომისი, რათა ჩვენ მივიღოთ ობიექტი, რაც საქართველოს ენერგოსისტემას ძალიან სჭირდება“, - დასძინა  დავით მირცხულავამ.

ის, რომ პროტესტი იქნება, სამოქალაქო აქტივისტი ვარლამ გოლეთიანიც ადასტურებს. საკუთარ პოზიციას იგი ასაბუთებს იმით, რომ დასმულ კითხვებზე პასუხი არ მიუღია და სანამ დეტალებში საფუძვლიანად არ იქნება გარკვეული, წინააღმდეგობას ყოველთვის შეეცდებიან.

,,ჩვენ არ გვქონდა ინვესტორთან პრობლემა ეროვნული ნიშნით. საკითხის განხილვის მიმართ ვაფიქსირებდით საკუთარ აზრს და პროტესტს. ახლაც  ამ პოზიციაზე ვრჩებით. საუბარია გიგანტური ჰესის მშენებლობაზე და რამდენიმე საკითხი იკვეთება. ყველას გვახსოვს, როგორი კაბალური ხელშეკრულება იყო. ახლა ევროპელი ინვესტორი შემოვა და ამიტომ არ იქნება პრობლემა, ეს არასწორი მიდგომაა. კითხვებს ვსვამდით და ისევ გავაგრძელებთ, რადგან პასუხი არ მიგვიღია. ამიტომ სანამ პასუხი არ გაეცემა კითხვებს, პროტესტი ყოველთვის იქნება.

ჩვენ ამ ეტაპზეც კარავი გვაქვს გაშლილი რაჭაში და ტყის გასხვისებას ვაპროტესტებთ. პრობლემა ყოველთვის არის ის, რომ მთავრობა კომუნიკაციაზე არ გამოდის და პროტესტის გამოხატვა გვიწევს.

რაც შეეხება ნამოხვანის ჰესს, გარემოს დაცვის საკითხში თუ პოლიტიკური კუთხით, რა კითხვებიც იყო, რჩება. საჯარო კომუნიკაციას ვითხოვდით, რომელიც რატომღაც არ შედგა. საკითხი იმდენად პრობლემური და მასშტაბურია, ყველას ეხება, ამიტომ პასუხს ვითხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის გზას მივმართავთ“, - უთხრა ,,რეზონანსს“ ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნამოხვანის ჰიდროელექტრო სადგურს შპს თურქული „ენკა რინიუბელზი“ აშენებდა, თუმცა მოსახლეობის პროტესტისა და მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ 2021 წელს მისი მშენებლობა შეწყდა. მალევე საქართველოს მთავრობამ დააანონსა, რომ ჰესს თავად ააშენებდნენ. საკითხზე დავა საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×