თიკა სიბოშვილი
17.10.2023

ზამთრის ტურისტული სეზონი ახლოვდება, რაზეც ადგილობრივები დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა ამის პარარელურად საქართველოს შორიახლოს ძალიან რთული სიტუაციაა. უცხოელი ტურისტები მოგზაურობას თავს მასობრივად არიდებენ და იმავდროულად შეფერხებულია მიმოსვლაც. ვიზიტორების რაოდენობამ უკვე დაიკლო და უკეთესის მოლოდინი არც მომავალშია. რამდენად დიდ გავლენას იქონიებს საომარი სიტუაციები ზამთრის ტურისტულ სეზონზე და როგორი დატვირთვით გაიხსნება თეთრი კურორტები?

სტუმარმასპინძლობის ბიზნესისთვის აუცილებელია სტაბილურობა და დადებითი მოვლენები. ამ დროს ბოლოდროინდელი ვითარების გათვალისწინებით, ტურისტული სექტორი მუდმივად საფრთხეშია. ეს ყველაფერი დღის წესრიგში ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დადგა. მდგომარეობა მაშინაც რთული იყო, თუმცა ჩვენმა კურორტებმა მაინც შეძლეს მუშაობა.

ახლა სიტუაცია გაცილებით უარესია, რადგან სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანშიც დაიძაბა, რასაც დაემატა ისრაელსა და პალესტინელებს შორის ომი, რომელიც შესაძლოა, ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს. რაც დროს გადის საომარ მოქმედებებში სხვა ქვეყნების ჩართვა სულ უფრო რეალური ხდება. ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, ძალიან ცუდად აისახება ტურიზმზე.

მიმდინარე მოვლენების გამო, ჯავშნები უკვე მცირდება და სეზონი როგორ დაიწყება ამის თქმა უკვე შეუძლებელია. როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე მიიჩნევს, სამომავლო პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე მარტივი არ არის, რადგან ყველა ადამიანი განსხვავებულია და ვინ რას ამჯობინებს, ამას ახლა ვერავინ გაიგებს.

„მსოფლიოში არსებული სიტუაციის მიუხედავად, რთული სათქმელია, როგორი იქნება წლევანდელი ზამთრის ტურიზმი. ერთიანი მიდგომა არ შეიძლება, რადგან ყველას ფსიქიკა სხვადასხვანაირად არის მოწყობილი. მსგავს მდგომარეობაში ზოგი სახლში იკეტება, ზოგი კი, პირიქით, სახლიდან გამოდის და სცილდება ცხელ წერტილებს.

ჯერ პროგნოზი გართულებულია. ზაფხული იყო საშუალოზე უკეთესი. მართალია, არ ჰგავდა 2019 წელს და კიდევ უფრო უკეთეს 2018 წელს, თუმცა მაინც გაჩნდა ოპტიმიზმის საფუძველი.

ახლა ზაფხულიდან ზამთრისაკენ გარდამავალი პერიოდია. ამ ეტაპზეც მოდიან ტურისტები. ვერ ვიტყვით რა იქნება 2-3 თვის შემდეგ, რადგან არ ვიცით რას მოიმოქმედებს ისრაელი.

კონკრეტულად მოთხილამურეებს რაც შეეხება, ისინი თავზეხელაღებული ადამიანები არიან და სათხილამუროდ მაშინაც კი ჩადიან ქვეყნებში, როცა სამხედრო მდგომარეოვაა გამოცხადებული. მახსოვს, თბილისში სამოქალაქო ომი რომ იყო, თვითმფრინავები ჯდებოდნენ და შეიარაღებული მცველები აცილებდნენ მოთხილამურეების ავტობუსებს გუდაურამდე. მათი მიზანი იყო სრიალი და არ აინტერესებდათ თბილისში იყო ომი თუ არა. ეს არის ამ კატეგორიის ხალხის მენტალიტეტი, მაგრამ სხვა როგორი აღიქვამს რეგიონში არსებულ ვითარებას, ეს რთული სათქმელია“, - აღნიშნა გაბრიჩიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

პანდემიის შემდეგ ტურისტული სეზონის წარმატებით მუშაობა მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. როგრც ჩანს არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. ვიზიტორები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამას ვერ განვსაზღვრავთ, თუმცა ერთი რამ ფაქტია, რომ თეთრი კურორტების წარმატებით მუშაობისთვის, სიტუაციის დარეგულირება აუცილებელია.

როგორც ტურიზმის დარგის ექპერტი, მარინა მეტრეველი ამბობს, ჯავშნები ნამდვილად უქმდება და სტუმართა ნაწილი ჩამოსვლას საერთოდ ვერც მოახერხებს.

„ტურისტებს ყველაზე მეტად, პოლიტიკური არასტაბილურობა, ომები, ტერორისტული აქტები და მსგავსი არეულობა აფრთხობს. როგორ უნდა დაიცვან თავი, მსგავსი მდგომარეობისგან არავინ იცის, რის გამოც ძალიან ფრთხილობენ.

ამ ეტაპზე არეული სიტუაციაა მსოფლიოში. ჩვენი ყველაზე ერთგული ტურისტები ვინც იყვნენ - ებრაელები, ვერ ჩამოვლენ. ასევე ბევრი შემოდიოდნენ მუსლიმანური ქვეყნებიდან, ახლა კი რთული სათქმელია როგორ განვითარდება მოვლენები.

როგორც ცნობილი გახდა, სასტუმროების უმეტესობაში, ებრაელებმა ჯავშნები საერთოდ გააუქმეს. ამ ეტაპზე აქცენტი ჩინელებზე კეთდება. რეალურად, ჩინელებიც არ ჩამოვლენ იქამდე სანამ არ შეამოწმებენ, როგორ ქვეყანაში მიდიან და რა დახვდებათ ადგილზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ლოდინის რეჟიმში ვართ.

წელს თუკი ზამთრის ჩემპიონატი ან რაიმე მსგავსი დიდი ღონისძიება ჩატარდება, დაიტვირთება გუდაური და ბაკურიანი, რაც დადებითად იმოქმედებს სეზონზე. სხვა შემთხვევაში, რა მოხდება არავინ იცის“, - აღნიშნა მეტრეველმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×