იანვრიდან დოლარში კრედიტის აღების ზღვარი გადაიწევს ამ უფლებით მხოლოდ გარკვეული კატეგორია ისარგებლებს
გვანცა წულაია
18.10.2023

საბანკო სექტორში მალე ახალი ცვლილებები ამოქმედდება. ჩანაწერი, რომელიც სესხებს უკავშირდება სრულიად იცვლება. საუბარია რამდენიმე მიმართულებაზე, რომლის საფუძველზეც მომავალი წლიდან სამომხმარებლო სესხი განსხვავებულად გაიცემა.

მომხმარებლების უმეტესობას დოლარისა და ევროს სესხის აღება გაურთულდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. საქმე ისაა, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში მხოლოდ 200 ათას ლარზე დიდი მოცულობის სავალუტო სესხის აღება იყო შესაძლებელი. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან კი აკრძალვის მიდგომა ასე შეიცვლება:

1) ის პირები, რომლებიც შემოსავალს ლარში იღებენ, ვეღარ აიღებენ 200 ათას ლარზე ზევით სავალუტო სესხებს, რადგანაც სავალუტო კრედიტის მინიმალური ზღვარი მათთვის 300 000 ლარით განისაზღვრა;

2) ის პირები, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ, შეძლებენ აიღონ კრედიტი იმ ვალუტაში, რომელშიც შემოსავალი აქვთ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ცვლილებები დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა მოქალაქეებს სესხების ჰეჯირების უკეთეს შესაძლებლობას აძლევს, რადგანაც მათ კრედიტის იმ ვალუტაში აღება შეეძლებათ, რომელშიც შემოსავალი უფიქსირდებათ.

"ჰეჯირება ნიშნავს დაცვას სავალუტო რისკებისგან, ეს კი თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს იმ ვალუტაში უნდა ჰქონდეს სესხი, რა ვალუტაშიც აქვს შემოსავალი და არ უწევდეს ყოველთვიურად კონვერტაცია. ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას, რაც რამდენიმე წელია სებ-ის თაოსნობით ხორციელდება”, - განაცხადა თურნავამ.

აღნიშნული ცვლილება დაახლოებით 3 000-მდე ფიზიკურ და 500-მდე იურიდიულ პირს შეეხება.

„ჩვენი გადაწყვეტილების არგუმენტია იყო ის, რაც იყო წინა წლებში, ჯერ 100 000 ლარამდე, მერე 200 000 ლარამდე ზრდისას. გვინდა ჩვენი ჩვენი მსესხებლების დიდ ნაწილში უცხოურ ვალუტაში აქვს ცვლადგანაკვეთიანი სესხები და აქედან დავინახეთ ვალის ტვირთი. ასევე რეგიონის ვალუტებს ვუყურებთ, რომ გაზრდილია მერყეობა, ამიტომ გვინდა, რომ რისკები მაქსიმალურად შევამციროთ და შედარებით მოწყვლად ფენას, რომლებიც არიან 200 000-დან 300 000 ათას ლარამდე მსესხებლები, არ შეეხოთ ეს პრობლემა.

ასევე, ვუყურებთ დინამიკაში, რომ დოლარიზაცია მცირდებოდა ჩვენს ეკონომიკაში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, თუმცა ბოლო ერთ წელია თითქოს ეს ტრენდი შეცვლილია და აღარ მცირდება. ამ მხრივაც ჩავთვალეთ, რომ იყო დამატებითი სტიმულის საჭიროება ბაზრისთვის.

დაახლოებით არის 3000-მდე მსესხებელი, ვინც ამ მოცულობის თანხებს იღებს ფიზიკური პირებში და დაახლოებით 500-ია იურიდიული პირი და ჯამური თანხა ამ სეგმენტში დოლარში თუ შევხედავთ არის 200 მლნ დოლარამდე", - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში.

საბანკო სფეროს სპეციალისტები ცვლილებებს მიესალმებიან. ფინანსისტ მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, ახალი ჩანაწერი მომხმარებელზე უფროა გათვლილი და საბანკო ინსტიტუტზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

"თუკი სესხების მოცულობა იზრდება ლარში, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ეკონომიკა განვითარდა და ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს კრედიტები გაიცეს ეროვნულ ვალუტაში. მოკლედ რომ ვთქვა, ლარის ზონა ფართოვდება, რადგან ახლა ეროვნული ვალუტა შედარებით სტაბილურია.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას. ვისაც უცხოურ ვალუტაში აქვს შემოსავალი, მას სესხის გადახდის დროს ფულის კონვერტირება უხდება. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სესხის პირდაპირ იმ ვალუტაში აღება, რომელშიც მოქალაქეს აქვს შემოსავალი და ამით ზედმეტი ტრანზანქციული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის კონვერტაციასთან, შეუმცირდება.

საბანკო სფეროში მაინც და მაინც დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს ცვლილება. ფაქტობრივად, ეს რეგულაცია მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელზეა გათვლილი და მათთვის სესხების ხელმისაწვდომობას უნდა შეუწყოს ხელ”, - განუცხადა "რეზონანსს” თოქმაზიშვილმა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იზიარებს საბანკო სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი. ლია ელიავა მიიჩნევს, რომ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება გონივრული ნაბიჯია.

"პირობების შერბილება ხელსაყრელი იქნება, როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული ბანკებისთვის. მგონია, რომ ძალიან გონივრული ნაბიჯია, რადგან ამ გზით მოსახლეობისთვის სესხები უფრო ხელმისაწვდომი ხდება.

ხალხი მზად არის გადაიხადოს მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ბანკებისგან სესხს ვერ იღებს, ამიტომ იძულებულია მიმართოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და სხვა გამსესხებლებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ატყავებენ მათ. ცვლილებით კომერციული ბანკები სხვა საფინანსო ინსტიტუტებს ბაზრის გარკვეულ წილს წაართმევენ და ეს მათთვის ხელსაყრელია. პრინციპში მოსახლეობისთვისაც, რადგან კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთი შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სხვა გამსესხებლების.

ასეთ ცვლილებას მე მივესალმები და ეროვნულ ბანკში ასეთი მიმართულებით მოძრაობას თუ კიდეც გააგრძელებენ, ძალიან კარგი იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” ელიავამ.

გადაწყვეტილება ნამდვილად დოლარიზაციის შემცირებისკენ არის მიმართული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ დაადსტურა, რომ ახალი წესის შედეგად, სავალუტო კრედიტებს აიღებენ პირები, რომლებიც უფრო დაცულნი არიან.

"ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს ფინანსური დოლარიზაციის შემცირებას, მეორე მხრივ კი საშუალებას მისცემს იმ მსესხებლებს, რომლებიც გაცვლითი კურსის რისკისგან ჰეჯირებული არიან, ისესხონ იმ ვალუტაში, რომელიც მათთვის უფრო შესაბამისია. მთლიანობაში  ცვლილებები ხელს შეუწყობს ფინანსური სტაბილიზაციის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და უზრუნველყოფს მსესხებლების დაცულობას. ეს არის დოლარიზაციის შემცირების იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს დავიწყეთ”, - თქვა გიორგი ბაქრაძემ.

გარდა ამ ცვლილებებისა, ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 4 წლამდე გაიზარდა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს. კერძოდ, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან პირები, რომელთა ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდეა, უცხოური ვალუტის ახალ სესხს მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში აიღებენ.

„ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკი ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ, უმეტესად ცვლადგანაკვეთიან სესხებს, თან ახლავს საპროცენტო და გაცვლითი კურსის რისკი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საყურადღებოა უცხოურ ვალუტაში არაჰეჯირებული მსესხებლების მაღალი წილისა და რეგიონის ვალუტების გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის პირობებში.

დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300 000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში.

ამასთან, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების მიტიგაციისთვის ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურად მუშაობს. შემდგომი ცვლილებების განხორციელებისას კვლავაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საკრედიტო აქტივობაზე შესაძლო გავლენა და მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა", - წერია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×