მარცვლეულთან დაკავშირებით მომავალ შემოდგომამდე სტაბილურობა გარანტირებულია
ქეთო გოგოხია
06.11.2023

ხორბლის მოსავალი გლობალურ ბაზრებზე იმდენად მაღალია, რომ მომავალი წლის განმავლობაში, მინიმუმ შემოდგომამდე, ხორბლის ფასისა და მიწოდების კუთხით პრობლემა მოსალოდნელი არ არის. ამ ეტაპზე საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი  5,70 დოლარია, რითაც იგი პანდემიამდელ ფასს უახლოვდება. ერთადერთი პრობლემა აქ ადგილობრივი ხორბლის გასაღების საკითხია, რასაც შეიძლება პრობლემა შეექმნას, თუმცა მწარმოებლები მთავრობისგან მხარდამჭერ ღონისძიებებს ელოდებიან და აცხადებენ, რომ გარკვეული ზომები გატარდება, რაც მოსალოდნელ რისკს გაანეიტრალებს.

ერთწლიან პერიოდში ხორბალი თითქმის 34%-ითაა გაიაფებული, ამის განმაპირობებელი მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი მოსავალია. მაგალითად, მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელზე უფრო დიდ ხორბლის მოსავალს მოელიან, რასაც ფედერალური სამსახურის მიერ გასაჯაროებული მონაცემებიც ადასტურებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა რუსეთი, რომელმაც პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტი მოსავალი მიიღო. უკრაინამაც კი  წელს დაახლოებით 81.6 მილიონი ტონა მარცვლეულის მოსავალი მიიღო, რაც 7.8 მილიონი ტონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ამდენად, წელს რეკორდული მოსავალი მიიღეს რუსეთის, აშშ-ის, ევროპისა და აზიის მასშტაბითაც, რაც ბაზარზე ჭარბ მიწოდებას წარმოქმნის. ეს კი ფასებზე ზემოქმედებს და გაიაფების ტენდენცია უკვე რამდენიმე თვეა შეაქცევადია. სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება მომავალ შემოდგომამდეც.

ხორბლისა და ფქვილის  მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ქართული ბაზარი გლობალურ ტენდენციას ადეკვატურად პასუხობს.

,,ჩვენ მივყვებით მსოფლიო ბაზრის ტენდენციებს,  მათ შორის რეგიონალური ბაზრის ტენდენციას - სტაბილურად შემოდის ხორბალი და ფქვილი. გარემო კონკურენტუნარიანია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც  ივნისში შემოღებული იქნა დამაბალანსებელი გადასახადი. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ინდუსტრია სტაბილურად მუშაობს.

რაც შეეხება ხორბლის ფასის კლების ეფექტს, შესამჩნევია. შარშან ამ დროს 70 ლარი ღირდა 1 ტომარა ფქვილი, წელს 50 ლარის ფარგლებშია. სტაბილურია პურის მწარმოებლებისთვის მიწოდებული ფქვილის ფასიც. იმპორტი აქტიურად მიმდინარეობს. 12 000 ტონა ფქვილი შემოვიდა ბოლო პერიოდში საქართველოში და ადგილობრივი წისქვილკომბინატების მხრიდან მიწოდებაც მაღალია. ეს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოზე მიუთითებს.

პურზეც ისეთი ფასია, რაც ამ დროისთვის არის მისაღები, ამას  მწარმოებლებიც დაადასტურებენ. ვფიქრობ, მომავალში დიდი კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის, რყევებს არ ველით. მსოფლიო ბაზარზეც და რუსეთშიც კარგი მოსავლიანობაა, რაც ადგილობრივ ბაზარზეც ადეკვატურად  აისახება", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ლევან სილაგავამ.

პრობლემა შესაძლოა, შეიქმნას ადგილობრივი ხორბლის რეალიზაციის მიმართულებით. იმპორტირებული მარცვლეული უფრო იაფი ღირს და ხარისხითაც უკეთესია. ამგვარ სიტუაციაში მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე გამოსავალს სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაში ხედავს, რაც მისი შეფასებით, ფასის სტიმულირებას მოახდენს.

,,ახალ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომ ზომები მიიღონ, გათანაბრდეს მარცვლეულზე ფასი. ჩვენ ვაწარმოებთ დეფიციტურ პროდუქციას, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მოითხოვს. ამ ეტაპზე ქართული სასურსათო ხორბლის დაახლოებით  3 თვის მარაგია დარჩენილი. ფასი კი  60 თეთრის ფარგლებში მერყეობს, საფურაჟე ხორბლის ფასი 55 თეთრამდეა. დაპირებაა, რომ 70 თეთრს მიაღწევს ხორბლის ფასი, რაც თვითღირებულებაზე ნაკლებია, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ოპტიმალურ ფასად მიიჩნევა.

იქიდან გამომდინარე, რომ ხორბალი გლობალურ ბაზრებზე იაფდება, ვფიქრობ დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო, უნდა გაკონტროლდეს და დარეგულირდეს ვითარება, თუკი რეალობა ამას ითხოვს. რუსეთს მარცვლეული ვერ გააქვს მსოფლიო ბაზრებზე და იძულებულია, ნებისმიერ ფასად გაყიდოს საქართველოსა და ახლომდებარე ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ფერმერებისთვის მაღალი რისკია, ამიტომ სწორად მიმაჩნია მუდმივი მონიტორინგი", - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ფქვილის იმპორტზე საიმპორტო გადასახადი 50 ლარით გაიზარდა  და 250 ლარი შეადგენსა. მიღებული გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებაა და მისი მოქმედების ვადა 2024 წლის 1-ელ მარტამდე განისაზღვრა.

ამასობაში გლობალურ ბაზრებზე დიდი გაიაფებაა და როგორც აღვნიშნეთ 1 ბუშელი  5,70 დოლარის ფარგლებშია. ეს მაშინ, როცა ივლისის მიწურულს ბუშელის ფასი 7 დოლარს აჭარბებდა, რაც რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებასთან და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების შეჩერებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა მას შემდეგ ტრეიდერების განწყობა მარცვლეულისა და გაზრდილი მოსავლის მიმართ რადიკალურად შეიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×