ამ ეტაპზე საქართველო, ფაქტობრივად, ცხვრის რეექსპორტს ეწევა
გვანცა წულაია
07.11.2023

შარშანდელთან შედარებით წელს სიტუაცია გამოსწორდა და ქართული ცხვრის ექსპორტი გაიზარდა. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ცხვრის ექსპორტის კუთხით, 2023 წელი არსებული მაჩვენებლებითაც უკვე რეკორდულია, თუმცა, როგორც ირკვევა, ექსპორტის ზრდა ნაწილობრივ იმპორტსაც უკავშირდება. საქართველოდან უცხოეთში მეზობელი ქვეყნებიდან შემოყვანილი ცხვარიც იყიდება.

სიტუაცია როგორიც არ უნდა იყოს, სტატისტიკა ამბობს, საქართველოდან ცხვრის ექსპორტი რეკორდულადაა გაზრდილი. ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტზე 32,497.65 ათასი დოლარის ღირებულების 11,526.66 ტონა ცხვარი გავიდა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღირებულებით ნაწილში, 94%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო მოცულობის მხრივ 99%-იან მატებას. გამოდის, რომ მიმდინარე წელი არსებული მაჩვენებლითაც კი უკვე რეკორდულია, სხვა წლებთან შედარებით.

2023 წლის 9 თვის სტატისტიკით საქართველოსთვის ცხვრის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის ექსპორტის 43% (ღირებულებით ჭრილში), ხოლო მოცულობის მხრივ 54%.

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ცოცხალი ცხვრების და თხების ექსპორტი 8 ბაზარზე მოახდინა:

აზერბაიჯანი - 14,001.83 ათასი დოლარი - 6,250.48 ტონა

საუდის არაბეთი -  8,924.46 ათასი დოლარი - 1,947.72 ტონა

ერაყი - 5,005.27 ათასი დოლარი - 1,964.71 ტონა

ქუვეითი - 2,948.28 ათასი დოლარი - 792.52 ტონა

ყატარი - 704.25 ათასი დოლარი - 163.54 ტონა

არაბთა გაერთიანებული საემიროები - 480.53 ათასი დოლარი - 257.12 ტონა

ირანი - 317.35 ათასი დოლარი - 112.00 ტონა,

ლიბანი - 115.68 ათასი დოლარი - 38.56 ტონა.

აზერბაიჯანმა ნომერ პირველი საექსპორტო ბაზრის სტატუსი 2022 წლიდან დაიბრუნა, 2020-21 წლების სტატისტიკით ქართული ცხვრისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი საუდის არაბეთი იყო. 2018-19 წლებში პირველობას აზერბაიჯანი ფლობდა, ხოლო 2017 წელს ისევ საუდის არაბეთი.

ექსპორტის გაზრდილი სტატისტიკა ნაწილობივ იმპორტს უკავშირდება. როგორც ფერმერი, მეცხვარეთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი აცხადებს, საქართველოში შემოყვანილი ცხვარი გადის ექსპორტზე.

"ექსპორტთან ერთად, საინტერესოა, როგორია იმპორტის მაჩვენებლებიც, რადგან ამ შემთხვევაში, ეს ცხვრები, დიდი ალბათობით, არიან იმპორტირებულები. ასევე, 2022 წლის ბოლო თვეების სტატისტიკას თუ ჩავდეხავთ, ვნახავთ, რომ მაშინაც გვქონდა იმპორტი და ეს საქონელი გადივა ექსპორტზე.

საერთოდ, ქვეყანაში რამდენი ცხვარიც გვყავს, იმდენი რჩება ხოლმე. რაოდენობრივად მაჩვენებელი არ იზრდება, თუმცა წელს ნაკლები იყო.

წელს, ივლისსა და აგვისტოს თვეებში, ძირითადად, მოხდა ცხვრის გაყიდვა, თუმცა არის რაღაც სულადობა დარჩენილი, რადგან მათი კონდინცია არის ცუდი, ამიტომ ეს ნაწილი არ გაყიდულა, მაგრამ, როგორც გითხარით, ძირითადი ნაწილი, მოზარდი საქონელი გაიყიდა”, - განუცხადა "რეზონანსს" ბექა გონაშვილმა.

2022 წელს ლარის კურსის, გამყარების გამო, ცხვრის გაყიდვა პრობლემად იქცა. სტატისტიკამაც აჩვენა, რომ შარშან საქართველოდან საქონლის ექსპორტი საკმაოდ შემცირდა. ფერმერები წვრილფეხა რქოსან პირუტყვს დოლარში ყიდიან. გამყარებული ლარის გამო კი, მათ თითო გაყიდულ ცხვარზე ნაკლები მოგება რჩებოდათ, ვიდრე მაშინ, როდესაც ქართული ფული გაუფასურებული იყო.

არებული ვითარებაზე ისაუბრა აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუამ და განაცხადა, რომ მიმდინარე ეტაპზე ცხვარზე მოთხოვნაა, თუმცა გასაყიდი საქონელი ქვეყანაში აღარ დარჩა.

"ჩვენი ცხვარი, ძირითადად, აგვისტოს თვეში გაიყიდა, ცოტა ნაადრევადაც მოხდა ექსპორტზე საქონლის გატანა. მოთხოვნა ახლაც არის, მაგრამ ქვეყანაში დეფიციტია. ფასი თუ იყო 100 დოლარზე ნაკლები, ახლა მასზე მეტია - 350 ლარია ცხვრის ფასი. ჩვენი ყველა ცხვარი ფაქტიურად ამოყიდულია. როგორც გითხარით, მოთხოვნა არის და გასაყიდი არ გვყავს.

ექსპორტზე ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებლით ჩვენი ცხვარი გადის. ზოგადად სარეალიზაციო პირუტყვი დაახლოებით 170 ათასიდან 250 ათასამდეა.

შარშან ცოტა პანიკა იყო დოლარის კურსის გათვალისწინებით და ცხვარი დაბალ ფასში იყიდებოდა. წელს სხვა მოცემულობაა, მოთხოვნა არის, მაგრამ ცხვარი არ გვყავს. შარშან ტრანსპორტირებაშიც ბევრი თანხა იხარჯებოდა. კოვიდის შემდეგ გადაზიდვა პრობლემური იყო, ხარჯიც მეტი იყოს, ახლა მდგომარეობა შეცვლილია.

წელს ყველა კომპონენტი, რაც ხელს უწყობს ფასის ჩამოყალიბებას, გამოსწორდა და დასტაბილურდა, რაც ქმნის იმის საშუალებას, რომ რეალიზაცია მოხდეს სტაბილურად და განისაზღვროს მოგება”, - განუცხადა "რეზონანსს” მიხეილ ჭიჭაყუამ და დასძინა, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც ასევე ცხვრის ექსპორტს ეწევიან, პრობლემებია, ამიტომაც არის საქართველოში მოთხოვნა გაზრდილი.

"საერთოდ, ცხვრის ექსპორტს ახორციელებს რუმინეთი და ავსტრალია. ეს ქვეყნები ჩვენს ცხვარს კონკურენციას უწევენ. ახლა რატომღაც მათგან შემცირებულია მაჩვენებელი, რაღაც პატარ-პატარ პრობლემები ჰქონდათ - ზოგი სუბიექტურია, ზოგიც ობიექტური. აქედან გამომდინარე, ჩვენთან მოთხოვნა გაზრდილია”, - დასძინა მიხეილ ჭიჭაყუამ "რეზონანსთან” საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×